"გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა" - კვირის პალიტრა

"გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა"

"ძალიან მძიმეა იმ ადამიანთან განშორება მთელი ცხოვრებით რომ ვალში ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის ჩემო ძია გივი. ძია პაპა... გივი ბერიკაშვილი შეუერთდა ზეციურ ქართულ თეატრს. ვნების კვირაში გარდაცვლილები სამოთხეში ხვდებიანო... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ძვირფასო ადამიანო" - ასე ემშვიდობება უფროს მეგობარს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მართალია, ისინი სისხლის ნათესავები არ ყოფილან, თუმცა ცხოვრებამ ერთმანეთს ისე დააკავშირა, რომ მათი ურთიერთობა ლამის ოჯახის წევრისას ჰგავდა, ამიტომ, მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს დიდ მსახიობზე საუბარი, აწ უკვე წარსულში ძალიან უჭირს და არც კი იცის, საიდან დაიწყოს, რადგანაც ბევრი გადაკვეთის წერტილი ჰქონდათ...

- ბატონო, დიმა, ნუთუ ისეთი მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა?

- ეჭვი მაქვს, რომ მანამდე ფეხზე გადაიტანა ფილტვების ანთება... საოცრად ენერგიული ადამიანი იყო, - 3 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, ლევან წულაძის "ბაკულას ღორების" პრემიერას დაესწრო, რომელშიც ზურა ბერიკაშვილი (მისი შვილი) მონაწილეობდა, 1-ელში "იბერიაში" ჩემზე მომზადებულ გადაცემაში მონაწილეობდა (სამწუხაროდ, მისი მონაწილეობით ბოლო გადაცემა აღმოჩნდა)... 5 აპრილს სიცხე მისცა, როგორც ჩანს, გაცივდა, თუმცა გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, თან, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა. მაგრამ ეტყობა, შიგნით პროცესი მიდიოდა და 6-ში უკვე ტემპერატურამ მოიმატა, სასწრაფოც გამოიძახეს, უთხრეს, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი, მაგრამ უთხრა, რომ არაჩვეულებრვი პირადი ექიმი ჰყავდა, რომელსაც მეორე დილით მიაკითხავდა და სასწრაფოს ხელწერილი დაუდო, რომ არ მიჰყვებოდა. მეორე დღეს მართლაც მივიდა ექიმთან, არ დაუგვიანია, ორმხრივი პნევმონია და ჟანგბადის უკმარისობა აღმოჩნდა. სიტუაცია საათებით, თანდათან დამძიმდა. როგორც ჩანს, რაღაც ტიპის ვირუსი იყო. ხომ ვამბობ, საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ... პრაქტიკულად, საავადმყოფოში თავისი ფეხით მისული დღეს საავადმყოფოდან სახლში მიასვენეს... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი...

- როგორც ვიცი, გივი ბერიკაშვილზე და მის შემოქმედებაზე წიგნი გაქვთ დაწერილი...

- პრაქტიკულად, მის ხელში ვარ გაზრდილი, ერთ ეზოში ვცხოვრობდით, პატარა გიო ბერიკაშვილის ნათლია ვარ, წვერში (აგარაკზე) გვერდი-გვერდ მეზობლები გახლდით, ზურიკო (ვაჟი) ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბატონი გივი, როცა ვარტისტობდი, ჩემი პირველი პარტნიორი იყო სცენაზე, შემდეგ კი ჩემს 2 სპექტაკლშიც ითამაშა. მასზე წიგნიც დავწერე... რომელი ერთი გავიხსენო, არც ვიცი... ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი! ხალხის საოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა. მასთან ერთად, 20 წლის წინ მთელი საქართველო შემოვიარე მაშინ, როდესაც ბატონი გივი 65 წლის გახდა და რეგიონებში შემოქმედებითი შეხვედრები გვქონდა. 50-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, არ დაგვიტოვებია არც ერთი რაიონული ცენტრი, რომ არ ჩავსულიყავით. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეპყრობოდა მას ხალხი, ეს ისეთი საოცარი შეგრძნება იყო, რომ ვერც გადმოგცემთ. ადამიანი, რომელიც შენიანია, ოჯახის წევრივით გყავს, ხედავ, რომ შენ არ გეკუთვნის და ყველასია, - ამის გაცნობიერება და შეგრძნება მნიშვნელოვანი იყო. გაგრძელება