"არ გვეღირსა ხელისუფლება, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესს დააყენებდა" - კვირის პალიტრა

"არ გვეღირსა ხელისუფლება, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესს დააყენებდა"

ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულისკენ მიდის, შესაბამისად, მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებების წინასწარი პროექტი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვერსიაში რამდენიმე ძირითადი საკითხი კვლავ იწვევს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკას.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობის ნაცვლად, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც, შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წარმომადგენელი. საომარი და საგანგებო მოქმედების გამოცხადება, ისევე როგორც სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება.

ამ დროისთვის არსებული პროექტით, განისაზღვრა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ახალი წესი. კონკრეტულად კი, უქმდება მაჟორიტარული სისტემა და პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული სისტემით არჩეული 150 დეპუტატისგან. თუმცა, გადაუნაწილებელი მანდატები ისევ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ენიჭება.

პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში განისაზღვრება ქორწინების ცნება, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

შემუშავებული პროექტი პარლამენტს უნდა წარედგინოს. დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დაელოდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში შესულ სადავო საკითხებზე მოსაზრება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვკითხეთ.

- საზოგადოებაში კამათი გამოიწვია რამდენიმე საკითხმა. პირველი ეს არის პრეზიდენტის არჩევა.

ის, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ამ ისტორიულ ეტაპზე, ყოვლად მიუღებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ისედაც სუსტად არის დაბალანსებული, ძალაუფლების უზურპაციის რისკები მაღალია, ვგულისხმობს იმას, რომ ერთი რომელიმე პარტიის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება.

ეს არის პარტიული ელიტის განუვითარებლობის შედეგი და ის მოდელი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, თეორიულად შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის კარგად მუშაობს ისეთ ქვეყნებში, სადაც უკვე დამკვიდრებულია მულტიპარტიული დემოკრატია, სადაც პრაქტიკულად გამორიცხულია ის, რომ აღმასრულებელი ხელსუფლება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდეს.

ჩვენთან, პარტიული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალაც კი, ძალიან პირობითად შეიძლება იწოდებოდეს პარტიად იმიტომ, რომ მათ არაფერი აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, ვიდრე მულტიპარტიული დემოკრატია არ დამკვიდრდება და ქვეყანაში სრულფასოვანი პარტიული ინფრასტრუქტურა არ ჩამოყალიბდება, მანამდე პრეზიდენტის ინსტიტუტზე, როგორც ბალანსის ერთ-ერთ საშუალებაზე უარის თქმა, დიდი ისტორიული შეცდომაა. ამ ეტაპზე ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, თუმცა ხელისუფლება ამოდის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან და ჯიუტად ადგას ამ გზას.

- პროექტის თანახმად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა გადაუნაწილებელი მანდატები ისევ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ენიჭება...

- ეს არის პრობლემატური და არასამართლიანი და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ისევ ცდილობს საბნის გადაქაჩვის პრინციპით იმუშაოს.

რაც არ უნდა დაეცეს არსებული ხელისუფლების რეიტინგი, გამომდინარე იქიდან, რომ დანარჩენი პარტიები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებიან, თეორიული შანსი ისევ რჩება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსებით პირველ ადგილზე გავა, ეს პირველი ადგილი ხელისუფლებაში დარჩენისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი, ამიტომ ამ ნაშთების ხარჯზე ფიქრობენ თავიანთი შანსების გაზრდას.

შედეგად, ფაქტობრივად განმეორდება ის, რაც მოხდა ამ არჩევნებზე, როდესაც პარტია, რომელმაც მიიღო 48%, საბოლოო ჯამში, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით აღმოჩნდა, რაც არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობებს. ამ ორ ფუნდამენტურ საკითხთან მიდგომაში აშკარად იგრძნობა, რომ ეს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა წინა ხელისუფლება საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ცდილობს კონსტიტუცია საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგოს, ანუ არ გვეღირსა ხელისუფლება, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესს დააყენებდა. ყველა ცდილობს, თავისი კერძო ინტერესების პრიზმაში გაახედოს სახელმწიფოს განვითარება და მუდმივად ისმის ერთი ფრაზა, "სახელმწიფო ეს მე ვარ", ანუ რაც კარგია ჩემთვის, ის არის კარგი სახელმწიფოსთვის.

- კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება პარლამენტის ადგილსამყოფელი...

- ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიან ეშმაკობს. ერთი მხრივ ამბობს, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის არანაირი გეგმები არ აქვს, მაგრამ ამასთანავე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გააკეთოს ფარულად, შემოვლითი გზებით.

ასე ვირეშმაკულ ენაზე საკუთარ საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკო!

თუ გინდა თბილისში გადმოტანა, გაჭრით უნდა უთხრა ხალხს, რას და როგორ აპირებ. საკითხი საკამათო რომ გახდეს და მწვავე რეაქცია მოყვეს იგივე ქუთაისელების მხრიდან, შენ უნდა გქონდეს უნარი და მორალური ძალა, რომ შენი მოტივები იმ ქუთაისლებსაც აუხსნა ადამიანურ ენაზე.

- რატომ ფიქრობთ, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს?

- არსებობს საგანგებო ვითარებები ქვეყანაში, როდესაც ყველა ინსტიტუცია საგანგებო ვითარებაში მაქსიმალურად კოორდინირებული უნდა იყოს და ერთად უნდა მუშაობდეს, შეიძლება 24-საათიან რეჟიმშიც კი. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ქვეყანაში ასეთი სიტუაციები ხდება. მაგალითად, აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველო ორად იყო გახლეჩილი... წარმოიდგინეთ პარლამენტი მაშინ რომ ყოფილიყო ქუთაისში, როგორი დეზორგანიზაცია შეიძლებოდა გამოეწვია ამას ქვეყანაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები დედაქალაქში უნდა იყოს განთავსებული, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ დალხენილ ქვეყანაში, სადაც ასეთი ფორსმაჟორი არ შეიძლება მოხდეს.

ის მოსაზრება, რომ პარლამენტის არსებობა ქუთაისში ეკონომიკას განავითარებს და ა.შ. არასერიოზული არგუმენტებია. ეკონომიკა არ ვითარდება პარლამენტარების მიერ ხაჭაპურების ჭამით. პარლამენტის იქ არსებობა ვერანაირად უწყობს ხელს ვერც ეკონომიკის განვითარებას და არც რაიმე კულტურული ცენტრის აღორძინებას, პირიქით, ხარჯებსაც მატებს და იწვევს ხელისუფლების დეზორგანიზაციას.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)