„ვსწავლობთ ქართულად“ - მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა - კვირის პალიტრა

„ვსწავლობთ ქართულად“ - მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა

11 აპრილს, ქალაქ მარნეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მთავარი მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია უცხოელ და არაქართველ მოსწავლეებში, ასევე უცხოელ მოსწავლეებში ქართული ენისა და კულტურისადმი ინტერესის გაზრდა და ქართულ ენაზე წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი მოსწავლეები ქართულ ენას სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ქართველ თანატოლებთან ერთად ეუფლებიან.

მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ გახლდათ, ლიცეუმის მოსწავლეების უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია.

კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოსწავლეა ჩართული, რომლებმაც ქართული ენის სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 29 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. აპრილის ბოლოს დაგეგმილ ქართული ენის X ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი მოსწავლეები 3 ნომინაციაში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით უკვე 1000-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ფინალურ ღონისძიებაზე 7 გამარჯვებული შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდება: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

პროექტს „ვსწავლობთ ქართულად“ საქართველოს განათლების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრტან ერთად მხარს უჭერს პალიტრა მედია.

ეკა გადახაბაძე