"მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ" - თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის?! - კვირის პალიტრა

"მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ" - თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის?!

თავდაცვის ყოფილნა  მინისტრმა თინა ხიდაშელმა რადიო "პალიტრის"ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში "შუადღის სტუდია" სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიტიკისგან ხანგრძლივ ან სამუდამო პაუზას იღებს.

"ასე გამოვიდა, რომ ჩემს სტატუსში ბევრი ყოფილია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ბევრს არაფერს ცვლის ჩემთვის. 12-წლიანი პაუზის შემდეგ მე დავბრუნდი იქ, სადაც ვიყავი - სამოქალაქო სექტორში. ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებს ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საკონსულტაციო საქმიანობას ვეწევი ქვეყნის გარეთ, იქ, სადაც საჭირო ვარ და ვინც თვლის, რომ ჩემი ექსპერტიზა სჭირდებათ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ეს პოლიტიკურ აქტივობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს: "მე საკმაოდ გრძელი პაუზის აღება გადავწყვიტე. შეიძლება პაუზაც კი აღარ იყოს და ასე დარჩეს პოლიტიკასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკასთან განშორებას ვაპირებ“.

ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრობა იყო საუკეთესო სამსახური, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოდგინოს და თუკი ყველაზე საუკეთესო სამსახურში უკვე მუშაობდი, მაშინ შეუძლებელია, სხვა რამე მოგეწონოს.

ხიდაშელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა.

"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა აკეთებდი, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მერე სხვებს ეუბნები: მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ, მერე კიდევ შემდეგი 20 წელი რომ გაივლის, შევედაროთ. ამიტომ ეს ძალიან ნორმალურია.

პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან.

ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე. ერთ ძალიან კონკრეტულ მიზეზზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი იყო დოლიძელების და ბახტრიონელების არჩევანი.

მე ვფიქრობ, არის გეოგრაფიები, სადაც მეტს ელოდები, ვიდრე სოფლად, ვიდრე სხვა წერტილში და სხვა არჩევანში ანუ რაღაც ობიექტური მოცემულობები არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ობიექტური მოცემულობაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც კონკრეტული წერტილები, სადაც ელოდები, რომ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხი უფრო მაღალია, გაცნობიერება ამბის უფრო მაღალია. იმიტომ კი არა, რომ ისინი უფრო კარგები არიან და სხვები ცუდები არიან, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და მოლოდინებიც სხვადასხვანაირი გვაქვს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამ ცოტა ხნის წინ თვდაცვის ექსმინისტრმა ვრცელი ბლოგი სათუარით: "დამშვიდობება 2016 და მისალმება 2017-ს! დიაგნოზი: ვორკოჰოლიკი" -  გამოაქვეყნა  სოციალურ ქსელში, სადაც წერდა:

"როცა პირველად გავხდი დედა და სანდრო დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, იმ მომენტში მეგონა, მთელი დედამიწა ზეიმობდა ამ სილამაზის დაბადებას. ისიც მეგონა, ყველაფერი, რაც მანამდე იყო, სწორედ მის საწოლთან დაიჩოქებდა და ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებას მიიღებდა. მეხუთე დღეს უკვე ქუჩაში თავისუფალ სიტყვას ვიცავდი...

როცა იმ საშინელი ავარიის დროს, ჩემს მესამე დაყვირებაზე დათოს ხმა გავიგე, სანდრო კარგად არისო, მაშინაც მეგონა "მორჩა, ვაჯობე. ხვალიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება". თუმცა, მესამე დღეს უკვე სასამართლო დარბაზში დაპატიმრებულ ჟურნალისტს ვიცავდი.

ამ თემაზე არასოდეს სიტყვა არ მითქვამს, ყველა ტალახი და შეურაცხყოფა ავიტანე და მომავალშიც ასე იქნება, იმიტომ რომ იმ დღეს ორი ახალგაზრდა შეიწირა საშინელმა ავარიამ. ჩვენ გადავრჩით. შესაძლოა, პირიქით ყოფილიყო, შესაძლოა ხუთივე დავღუპულიყავით, უფრო სწორედ, როგორც მერე გაირკვა, ექვსივე. როცა იმ საღამოს ავარიის ტრავმების გასინჯვისას მითხრეს, "ნაყოფი უვნებელიაო" მაშინ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. არ ვიცოდი, არც მიფიქრია, ამისთვის არ მეცალა..." (იხილეთ სრულად)