"შედევრი" სახელად - "საიდუმლო სირობა" (!) - კვირის პალიტრა

"შედევრი" სახელად - "საიდუმლო სირობა" (!)

"ეს წიგნი სავსეა ლანძღვა-გინებით, საკუთარი დედის, ეკლესიისა და უფლის სახელის შეურაცხყოფით…"

პოპულარობა ხშირად მხოლოდ კეთილი საქმეების ნაყოფი როდია. შეიძლება ადამიანი ერთ დღეში გახდეს ცნობილი ისე, რომ მნიშვნელოვანი არც არაფერი შექმნას და საამისოდ არც ბევრი შრომა დასჭირდეს. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ვინმე ერეკლე დეისაძის "მოღვაწეობაზე", რომელმაც თავის წიგნს "საიდუმლო სირობა" დაარქვა და ერთბაშად გახდა ცნობილიც და პოპულარულიც.  თუმცა, ვაი ამ პოპულარობას! რატომ? - ამ კითხვის პასუხად "მწერლის" რამდენიმე ციტატის მოყვანაც საკმარისია. ასე მაგალითად: "ღმერთი არის კარგად შეფუთული მარკეტინგული პროდუქტი...", "ღვთისმშობელს რომ სცოდნოდა ორსულად იყო, თავის დროზე აბორტს გაიკეთებდა" და ა. შ...

4 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შენობის წინ დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა, რომელიც სწორედ ამ წიგნის "დამსახურება" გახლდათ. იქ შეკრებილნი ამტკიცებდნენ, ერეკლე დეისაძის "შედევრი" სხვა არაფერია, თუ არა ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების პროპაგანდაო. მით უმეტეს, რომ წიგნის პრეზენტაცია ამ უნივერსიტეტში გაიმართა - სასწავლებელში, რომლის სტუდენტებიც ცოტა ხნის წინ რექტორს ამაოდ სთხოვდნენ, სალოცავი კუთხე გაგვიხსენითო...  დღეს ეს სტუდენტები გიგი თევზაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და ამისათვის ხელმოწერებსაც აგროვებენ.

დეისაძის წიგნზე საუბრისას აღშფოთებას ვერ მალავენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები თუ უბრალო, რიგითი ადამიანები, რომელთათვისაც ჩვენი სარწმუნოება და სულიერი ღირებულებები მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე დალი ხაჩიძეც:

- წიგნის შინაარსზე არ მინდა ვილაპარაკო, რადგან ეს არის პათოლოგია, რომელზე ფიქრიც კი ამაზრზენია. ჩემი აზრით, ამ წიგნის წაკითხვა უბრალოდ, არ შეიძლება, რადგან ის სავსეა ლანძღვა-გინებით, საკუთარი დედის, ეკლესიისა და უფლის სახელის შეურაცხყოფით. იქ ყოველგვარი გაუკუღმართება და სიბინძურე დღის შუქზეა გამოტანილი.

- ქალბატონო დალი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამგვარი წიგნის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში გაიმართა!

- ეს არის ილიას იდეების შეურაცხყოფა და სხვა არაფერი! განათლების სისტემის რეფორმასაც თავის დროზე ილიას სახელი უწოდეს, მაგრამ ეს არ არის ილიას იდეები, ეს არ არის ილიას გზა! ზემოთ ხსენებული წიგნის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მისი ავტორის მსგავსი პათოლოგები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ დღევანდელი დღისაგან განსხვავებით, იატაკქვეშეთში იმალებოდნენ. დღეს კი მათ ფართოდ უხსნიან გზას და თანაც, ვინ? - განათლების სისტემის მუშაკები(!) მომავალი თაობის ზნეობრივი, სულიერი მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი რამ არის, ამიტომ საკვირველია, რატომ აქციეს მსგავსი ექსპერიმენტების სამიზნედ ჩვენი ახალგაზრდობა?

- მართლაც რომ საკვირველია…

- მინდა გაგახსენოთ შაჰ-აბასის სიტყვები აკაკი წერეთლის ბაში-აჩუკიდან: “რას გააწყობ ხალხთან, ვისაც სული სხეულზე მაღლა დაუყენებია? ასეთ ხალხს ჯერ სული უნდა დაუმდაბლო და მერე ადვილი გახდება მისი დამონება…” ეტყობა, მომავალი თაობის სულიერი დაცემა მავანთა მიზანია, ამიტომ ებრძვიან ასე გააფთრებით სასწავლო დაწესებულებებს, ოჯახებს და ყველა იმ რგოლს, სადაც მოზარდი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს. სხვათა შორის, ადამიანთა ზომბირების ეს გლობალური პროცესი სხვა ქვეყნებსაც აწუხებთ. ყირგიზმა მწერალმა, ჩინგიზ აიტმატოვმა, თავის რომანში კარგად აღწერა, როგორ ავიწყებენ ადამიანებს საკუთარ წარსულს, თავის სახელს, ეროვნებას, ახლობლებს და შედეგად ღებულობენ შეუბრალებელ, სასტიკ პიროვნებებს, რომლებიც ადვილად სამართავი ხდებიან. ამ კატეგორიის ხალხს მწერალმა მანქურთები უწოდა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მანქურთები არ მოგვიმრავლდნენ? - საზოგადოების აქტიურობა, ჟურნალისტების სწორი პოზიცია, ოჯახისა და ეკლესიის გავლენა - ვფიქრობ, ეს არის გზა, რომელმაც მომავალი თაობა უნდა გადაგვირჩინოს.

- ქალბატონო დალი, მართალია, ბევრმა პროტესტი გამოთქვა ამ წიგნის გამოსვლის გამო, მაგრამ მთელი ტირაჟი ორ დღეში გაიყიდა. რას ნიშნავს ეს?

- მათი მიზანიც ეს იყო: შექმნილიყო აჟიოტაჟი, წიგნი სწრაფად გაყიდულიყო და დიდი მოგება ენახათ. სიბინძურისა და ახალგაზრდა თაობის გარყვნის ხარჯზე ფულის კეთება დიდ მკრეხელობად მიმაჩნია. ადრეც იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ იმალებოდა, ახლა კი გამომზეურებულია და ზოგიერთი სამწუხაროდ, ტაშსაც უკრავს. მართალია რასაც შაჰ-აბასი ამბობდა: “როცა ადამიანმა იცის სად არის სიმართლე, შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, მაგრამ კაცს, რომელმაც არც თავისი წარსული იცის, არც ოჯახის წევრების პატივისცემა, არც ღვთისა და სამშობლოს სიყვარული, ყველაფერს გააკეთებინებ!”

სხვათა შორის, ძალიან ავტორიტეტული ადამიანები გამოვიდნენ ამ შემთხვევის გამო და ხმამაღლა თქვეს - შვილებს ნუ გვირყვნითო! ეს ყველაზე უფრო დამაიმედებელი ფაქტორია. მართალია, "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავს განათლების სამინისტროს და მთელ ამ სისტემას, მაგრამ საზოგადოებრივ აზრს წინ ვერავინ აღუდგება. მათთვის ჩვენი ტრადიციები კი არა, მართლმადიდებლური რწმენაც მიუღებელია, მაგრამ ხალხის ძალა, მისი ნება მაინც ყველაფერს წყვეტს. საბედნიეროდ, ხალხი სიკეთისა და სიმართლის მხარესაა!

P. S. მომხდარი ფაქტის გამო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის, არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ ვიცავთ აღმსარებლობისა და გამოხატვის თავისუფლებას...

...ასევე არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო"

P. P. S.  ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია!

ხათუნა ჩიგოგიძე