"ამბობენ, რომ ჩემი ძმა შეიარაღებულ რუს ოკუპანტს თავს ქვით დაესხა, განა ამას ვინმე დაიჯერებს?!" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, რომ ჩემი ძმა შეიარაღებულ რუს ოკუპანტს თავს ქვით დაესხა, განა ამას ვინმე დაიჯერებს?!"

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიყის მკვიდრი როგავების ოჯახის წევრები, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის წევრებს უნდობლობას უცხადებენ და ენგურის ხიდზე პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ, ენგურის ხიდთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, მამა-შვილი, აჩიკო და პაატა როგავები, ენგურის სანაპიროზე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ცხენს ეძებდნენ. ე.წ. მესაზღვრეებმა ისინი, სოხუმის "უშიშროების იზოლატორში" გადაიყვანეს.

როგავების ნათესავების თქმით, მათ არ სჯერათ აფხაზური მხარის განცხადების, რადგან მათთვის დღემდე უცნობია დაკავებულების რეალური მდგომარეობა. ამ მიზეზით, დაკავებულის ერთ-ერთმა დამ, დარეჯან როგავამ ოკოპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა გადაწყვიტა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს...

დარეჯან როგავა, დაკავებულების ოჯახის წევრი:

- გვითხრეს, რუსი ოკუპანტი სასტიკად არის ნაცემი, ყბა აქვს გატეხილიო. რაც არ გვჯერა და ამას პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს. თუნდაც იმიტომ, რომ რუს ოკუპანტს ჩემი ძმა თავს არ დაესხმებოდა, გიჟი არ იყო და გარდა ამისა, იმ რუსს ეძინა? სხვები სად იყვნენ, ერთ კაცს რომ დაინახავენ, მაშინვე კონტროლზე აჰყავთ და ჩემმა ძმამ, მარტომ მისი ცემა როგორ მოახერხა? ჩემი ძმა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც საქონლის საძებნელად წავიდა და შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის... რასაც გვეუბნებიან, იმას არ დავიჯერებთ არასდროს, რადგან ტყუილია. შეუძლებელია, ჩემი ძმა ქვით ხელში თავს დასხმოდა შეიარაღებულ რუს ოკუპანტს... არ გვჯერა მათი, ისევე, როგორც არ მჯერა იმის, რომ სოხუმის უშიშროების იზოლატორში არიან და თურმე შეიძლება, მამაჩემი გამოუშვან... რამდენიმე დღეა ვითხოვდით, მათი ამბების გაგებას, ცოცხლები იყვნენ, მკვდრები თუ საერთოდ სად იყვნენ და ხან რას გვეუბნებიან და ხან რას... როგორც გავიგეთ, სხვებიც დაუკავებიათ და გადაუყვანით იქით, მაგრამ ასე უგზო უკვლოდ არ დაკარგულან, რაღაც თანხა გადაუხდიათ.

- ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მამათქვენი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება, ძმასთან დაკავშირებით კი მუშაობას გააგრძელებენ...

- არ გვჯერა, სანამ ენგურის ხიდზე ეს ისტერიკები არ ავტეხეთ, მანამდე პასუხი არ გვაღირსეს... 5 აპრილს დაიკარგნენ, მას შემდეგ ლამის ერთი თვე გავიდა, რას აკეთებდნენ აქამდე?! წინააღმდეგობის გაწევისთვის 250 ლარით დამაჯარიმეს, რასაც ვერ გადავიხდი, რადგან არ მაქვს. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომაც დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს ენგურის ხიდზე, რათა ყველას დავანახოთ, თუ რა დაუცველები ვართ... გვეუბნებიან, აფხაზურმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებაო, რატომ, რისთვის?..

ე.წ. რუს მესაზღვრეზე თავდასხმის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ თავად აფხაზებიც და მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს. "როგორ შეიძლება გაწვრთნილ და მომზადებულ რუს მესაზღვრეს, გლეხი მივარდეს და ყბა მოტეხოს ქვით?.. ეს ის მესაზღვრეა, რომელიც შეიარაღებული დგას და სახელმწიფო საზღვარს იცავს... ეს უფრო პროვოკაციას ჰგავს და კარგად შესწავლა სჭირდება", - წერს ერთ-ერთი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი "ფეისბუკში".

აფხაზური სააგენტო Apsny LIFE -ს ინფორმაციით, როგავები "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ" , რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, ბლაგვი საგნით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა "რუს მესაზღვრეს". გალის რაიონის მთავარი ექიმის, გიორგი შონიას თქმით, რუს სამხედროს იქ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, მისი თქმით, მას ყბის გარდა, ცხვირი ჰქონდა დაზიანებული და მთლიანობაში, სერიოზულად იყო დაზიანებული. ის სასწრაფოდ, სოჭის მეოთხე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას სახის ძვლოვანი სისტემის მოტეხილობა აღმოაჩნდა.

გალში 25 აპრილს გამართული, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაკავებულთა გასათავისუფლებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მცხოვრები აჩიკო და პაატა როგავები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 5 აპრილს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)