"უთქვიათ, წაგიყვანთ, სამუშაოს, კარგ ხელფასს მოგცემთო... ჩემი და თავის მამის ნებართვის გარეშე წაიყვანეს" - სად გაქრა 15 წლის ბიჭი?! - კვირის პალიტრა

"უთქვიათ, წაგიყვანთ, სამუშაოს, კარგ ხელფასს მოგცემთო... ჩემი და თავის მამის ნებართვის გარეშე წაიყვანეს" - სად გაქრა 15 წლის ბიჭი?!

საგარეჯოში 15 წლის იოსებ გიგაურს ეძებენ. ბიჭი სოფელ წყაროსთავში ცხოვრობს, ბოლო ხანს კი მეზობელ სოფელ უდაბნოში, ფერმაში მუშაობდა და უკვე რამდენიმე დღეა აღარავის უნახავს.

მოზარდის ოჯახის წევრების განცხადებით, ბიჭის გაუჩინარების შესახებ 2 დღის წინ შეიტყვეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი კვალი 5 დღეა დაკარგულია.

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ცნობით, ერთი თვის წინ, ბიჭი ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე წაიყვანეს მეზობელ სოფელში, ფერმაში სამუშაოდ.  როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტს განუცხადეს, მათ 24 აპრილს, ფერმის წარმომადგენლებს დაურეკეს და ბიჭის სახლში მიყვანა მოსთხოვეს, თუმცა ფერმის პასუხისმგებელმა პირებმა მხოლოდ 28 აპრილსღა განუცხადეს, რომ ბიჭი გაუჩინარდა.

"უთქვიათ, წაგიყვანთ, სამუშაოს, კარგ ხელფასს მოგცემთო... ჩემი და თავის მამის ნებართვის გარეშე წაიყვანეს", - განაცხადა "რუსთავის 2"-თან დაკარგული მოზარდის დედამ, რომელიც აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მისი ვაჟი წაიყვანა, არ იცნობს.

ოჯახი პოლციას უმოქმედებაში ადანაშაულებს, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით 112-ზე 28 აპრილს შევიდა შეტყობინება და ძებნა მყისიერად დაიწყეს.