"არ ვიცი, ჯაზის სიყვარულში ცუდს რას ხედავენ?!" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ჯაზის სიყვარულში ცუდს რას ხედავენ?!"

"საქართველოში სახლ-მუზეუმები ინგრევა. ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტებს მუზეუმებით იზიდავენ, მაგრამ კულტურის სამინისტროს მუზეუმებისთვის არ სცალია, მთავარია უცხოელ ვარსკვლავებს მილიონები გადაუხადონ"

"კულტურის მინისტრს მხოლოდ ჯაზი უყვარს"...

"ხელოვანებს ხელფასი შეუმცირეს, ქამრები შემოიჭირეთო, კულტურის მინისტრი კი მილიონერია..." - ამ შინაარსის კრიტიკული გამონათქვამების მოსმენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ხშირად ესმის.

რას ფიქრობს ის ამ მწვავე კრიტიკასა და დიდგორის გამარჯვების დღის 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებაზე? - kvirispalitra.ge-ს კითხვებს მიხეილ გიორგაძე პასუხობს:

- ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სახლ-მუზეუმებსაც და მუზეუმებსაც, მათგან ზოგიერთი პირდაპირ კულტურის სამინისტროს, ზოგი კი მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია... რასაკვირველია, ამ სიტყვებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას არ ვცდილობ, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ძალიან პასიურობენ!

ყველაზე ადვილია პრობლემა გადაამისამართო და ხელი კულტურის სამინისტროსკენ გაიშვირო! სწორედ რომ მუნიციპალიტეტების პირდაპირი ვალდებულებაა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, თანხები ამ მიმართულებით ეტაპობრივად მაინც გაითვალისწინონ. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, მაქსიმუმს ვაკეთებთ...

- მართლაც რომ სამარცხვინოდ გამოიყურება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ქვიშხეთში...

- დიახ, კარგი მაგალითია დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი... მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლ-მუზეუმი პირდაპირ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ (როდესაც სააგენტოს ვახსენებ, კულტურის სამინისტროსაც ვგულისხმობ, რადგან ეს ერთი ორგანიზმია) საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი გაუკეთა მუზეუმს და გადასცა ადგილობრივ ხელისუფლებას შესასრულებლად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ პატვცემული ადგილობრივი ხელისუფალნი ამ პასუხისმგებლობას ოდნავ მაინც არ გაიზიარებენ, კულტურის სამინისტრო ყველაფერს ერთად ვერ გაწვდება...

- ბატონო მიხეილ, ძვირადღირებული კონცერტების გამო სულ გაკრიტკებენ...

- კი ბატონო, მაგრამ ამ ძვირადღირებულ კონცერტებს სხვა მიზნობრიობა აქვს და შესაბამისად, კარგად უბრუნდება ქვეყანას! ეს პირდაპირი მნიშვნელობით, უკან - ადგილობრივ მეწარმეობასა და ბიზნესებში დაბრუნებული ასეული მილიონობით ლარია, რომელიც ტურიზმს უკავშირდება, ანუ ესეც გარკვეულწილად ინვესტირებაა...

- ასევე ხშირად ამბობენ საყვედურს კულტურის მინისტრს მხოლოდ ჯაზი უყვარს და სხვა სფეროებს ყურადღებას არ აქცევსო...

- აბსოლუტურად უსაფუძვლო და გაცვეთილი თემაა! რაც დავინიშნე, იმის შემდეგ ამაზე გამუდმებით ლაპარაკობენ, არ ვიცი, ჯაზის სიყვარულში ცუდს რას ხედავენ?! თუ ამაში გარკვეულ პრივილეგიებს გულისხმობენ, ესეც ნამდვილად უსაფუძვლოა! კულტურის სამინისტრო მარტო კლასიკური მუსიკის მიმართულებით თექვსმეტამდე ფესტივალს და კონკურსს აფინანსებს!

თეატრალურ სფეროზე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის 33% მიდის, ანუ - 33 მილიონი! ამის გარდა მნიშვნელოვნად ფინანსდება კინო, კულტურული მემკვიდრეობა...

უმძიმესი მდგომარეობაა ინფრასტრუტურაში, ვგულისხმობ - თეატრებს, მუზეუმებს, სხვადასხვა შენობებს და ასე შემდეგ... წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობა. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ჩემი დანიშვნის შემდეგ, გამოვყავით პროექტისთვის თანხა... ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო თეატრალური უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში, შეგიძლიათ თავად ნახოთ იქ რა სამუშაოები მიმდინარეობს... თბილისის თოჯინების თეატრზე მიმდინარეობს მუშაობა და ქალაქში მალე ბრილიანტი გვექნება! მუსიკის და დრამის თეატრი ასევე წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო და აგერ ბატონო მიმდინარეობს სამუშაოები!

- ცოტა ხნის წინ, დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მსახიობებს ხელფასები შეუმცირეს, თვითონ კი მილიონებს შოულობენო...

- ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ - მილიონერობაც და ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაც! სერიოზულად და საგნობრივად ვსაუბრობთ და ჩემი პოზიცია არგუმენტებით არის გამყარებული, ამიტომაც ასეთ არასერიოზულ გამონათქვამებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

- ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დიდგორის გამარჯვების დღის - 12 აგვისტოს უქმედ გამოცხადების ინიციატივას, რომელიც, როგორც ირკვევა, თურქეთმა დაბლოკა... ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ უთავმოყვარეო ქვეყანა ვართ, რადგან სხვა ქვეყანას ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას ვაძლევთ...

- გულწრფელად ვფიქრობ, რომ უქმე დღედ გამოცხადება - არგამოცხადების საკითხი ხელოვნურადაა გაბუქებული! ჩვენს ისტორიაში არის მოვლენები, უმნიშვნელოვანესი თარიღები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული და რასაკვირველია, უნდა იყოს აღნიშნულიც და წარმოჩინებულიც!

თუმცა ზოგადად ის ხმაური, რაც უქმე დღედ გამოცხადების ირგვლივ შეიქნა, მეჩვენება, რომ ხელოვნურადაა აჟიტირებული! არაფერია ამაში სასკანდალო...

- თქვენი თანამდებობიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე ხმები ბევრჯერ გავრცელდა, მაგრამ იმასაც ამბობენ ხოლმე, კულტურის მინიტრმა საყდრისი რომ ააფეთქა, ეს დაუფასა ბიძინა ივანიშვილმა და თანამდებობაზეც ამიტომ ტოვებსო...

- მართლა ძალიან მიჭირს ამ ბრალდებაზე რამე სერიოზულად გიპასუხოთ... იხილეთ წინა პასუხი: ენას ძვალი არ აქვს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)