8-14 მაისს საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის გზავნილია “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!” - კვირის პალიტრა

8-14 მაისს საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის გზავნილია “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!”

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.

კვირეულის ოფიციალურ ტრაფარეტზე გზავნილის განთავსებით და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვით ( ჰეშთეგით #შეანელე #SlowDown ) კვირეულის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატება.

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბების 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული დაჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ წარმოადგენს, საქართველოში კი 60კმ/სთ (კანონი 15 კმ/სთ დამატების უფლებას გვაძლევს)

• რაც ნაკლებია სიჩქარე, მით უფრო ადვილად აკონტროლებს მძღოლი ავტომობილს და შექმნილ საავარიო სიტუაციაზე დროულად რეაგირებს

• დაბალი სიჩქარის დროს მცირდება როგორც რეაგირების დროს გავლილი, ისე სამუხრუჭე მანძილი და შესაბამისად, მცირდება შეჯახების რისკი

• 50კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80კმ/სთ-ით შეჯახება 60%-იან დაღუპვის რისკს წარმოშობს

• საერთაშორისო პრაქტიკით, ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50კმ/სთ - იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30კმ/სთ