"რატომ უნდა ვიმოგზაუროთ და დავხარჯოთ ფული იმ ხალხთან, ვინც ვერ გვიტანს?" - რუსები "პუტინის მგლების" საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურებიან - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ვიმოგზაუროთ და დავხარჯოთ ფული იმ ხალხთან, ვინც ვერ გვიტანს?" - რუსები "პუტინის მგლების" საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურებიან

ვინ არიან "ღამის მგლები"?

"საზღვრიდან პასუხი მოვიდა, მაისის ბოლომდე მოტოციკლისტებს საქართველოში შესვლა ეკრძლებათ. ვინც საზღვართან დგას, ისევ ვლადიკავკაზში დაბრუნდეს. გადაეცით ზალდასტანოვს, რომ ნორმალურ ბაიკერებს, მის გამო საქართველოში მოგზაურობა აღარ შეუძლიათ", - ეს ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა  ერთ-ერთმა რიგითმა რუსმა ბაიკერმა დიმიტრი კრიპროვსკიმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ. არსებული ინფორმაციით, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე. როგორც ცნობილია, ე.წ. ღამის მგლები საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვას აპირებდნენ.

"არ მოდიან, დამშვიდდით", - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამ საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

აღსანიშნავია, რომ "ღამის მგლები" რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში არ შეუშვეს. ბაიკერები, რომლებიც საკუთარ თავს "მართლმადიდებელ მოტოციკლისტებს" უწოდებენ ყოველ წელს 6 მაისს მასშტაბურ მსვლელობას აწყობენ. მოტოციკლები გადიან გზას მოსკოვსა და ბერლინს და ასე აღნიშნავენ გერმანიის მარცხს მეორე მსოფლიო ომში.

რუსულ ბაიკერთა კლუბი 1989 წელს შეიქმნა. 15-კაციანი ჯგუფი თავდაპირველად როკ-ვარსკვლავებს იცავდა ფანებისგან, დროთა განმავლობაში კი კლუბი გაიზარდა და გამრავალფეროვნდა მათი საქმიანობაც. ისინი მართავდნენ ბაიკერთა შეჯიბრებებს, როკ-კონცერტებსა და სხვადასხვა წვეულებებს. 2007 წელს კი კლუბში მმართველობის სადავეები ალეკსეი ზალდასტანოვმა, მეტსახელად "ქირურგმა" გადაიბარა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კლუბის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობები. კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დასაწყისში მეამბოხე იყო, ის ყოველთვის ეყრდნობოდა მართლმადიდებლურ ფესვებსა და ქვეყნის ისტორიას".

ალეკსეი ზალდასტანოვი, მეტსახელად "ქირურგი" პუტინის ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერია. როგორც ამბობენ, ის ყოფილი ქირურგ-სტომატოლოგია, თუმცა დღეს, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, რუსული ტელეარხის  "Звезда"-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და  აქტიურ პროპაგანდას უწევს ანტიუკრაინულ მოძრაობას. "ქირურგი" ღირსების ორდენის მფლობელიცაა.

"გავაკეთებ ყველაფერს, რომ პრეზიდენტს ვერც ერთი საშინელი არსება ვერ შეეხოს", "ჩემთვის ძალაუფლების გარანტი, რუსეთის პრეზიდენტია",  - ხშირად ამ ფრაზებით ლაპარაკობს კლუბის მეთაური ვლადიმირ პუტინზე. პრესაში ამბობენ, რომ ბაიკერები სწორედ პუტინის ფულით ფინანსდებიან.

საინტერესოა, რომ 2012 წელს, პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა, მიზეზი კი ბაიკერებთან და "ქირურგთან" შეხვედრა იყო. ამავე წელს "ღამის მგლები" საინტერესო გრანტით "დაჯილდოვდნენ", საახალწლოდ მათ ბავშვებისთვის ნაძვის ხეების დადგმა დაევალათ და ამისთვის სახელმწიფომ 3,7 მილიონი რუბლი გამოუყო.

"ღამის მგლები" პირველები იყვნენ, ვინც მხარი დაუჭირეს პუტინის გადაწყვეტილებას, სამხედრო შეტაკებით დაეკავებინათ უკრაინის ტერიტორია. მათ ყირიმის ტერიტორიაზე ბაიკერების ტურიც მოაწყვეს, როგორც ზალდასტანოვმა განაცხადა, ისინი პირველები იყვნენ, ვინც ლუგანსკში პირველი ბარიკადი და პირველი რუსული ბლოკპოსტი გააკეთეს, "ბაიკერული გასეირნების" შემდეგ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი #русскаявесна. როგორც ამბობენ, "პუტინის მგლები" ანტიმაიდნის ორგანიზატორებიც არიან.

ბაიკერების მსგავსი პოლიტიკური აქტივობა არ გამოეპარა არც ამერიკას და არც ევროპის ქვეყნებს. 2015 წელს მათ კანადაში შესვლა აეკრძალათ, რადგან ისინი ღიად უჭერენ მხარს პუტინის აგრესიულ პოლიტიკასა და უკრაინის ტერიტორიის უკანონოდ მითვისებას.

"ღამის მგლებს" ვიზები გაუუქმა გერმანიამ, როგორც გერმანულ Die Welt -ში წერდნენ, გერმანელი სამართალდამცავები არ მისცემენ უფლებას რუს ბაიკერებს ბერლინის ქუჩებში მსვლელობები მოაწყონ.

გასული წლის 24 აპრილს კი პოლონელმა დიპლომატებმა რუს დიპლომატებს ოფიციალურად მიმართეს. მათი განცხადებით, პოლონეთი უკრძალავდა რუს ბაიკერებს, ზალდასტანოვის ხელმძღვანელობით, მოსკოვი - ბერლინის რბოლა განეხორციელებინათ.

"ჩვენ ჩვენს გზას არ გადავუხვევთ, თუ უარი უნდა ვთქვათ ავტორბოლაზე, მაშინ უარი ვთქვათ ჩვენს საფლავებზეც, 9 მაისზეც, და ჩვენს წარსულ ისტორიაზეც. მოდით, მაშინ ყველაფერზე ვთქვათ უარი და ტაში დავუკრათ დოლარის ნიშანს", - განაცხადა ამის საპასუხოდ ზალდასტანოვმა.

ბაიკერებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ქართველებშიც, მიუხედავად "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენლის ირაკლი ყიფიანის განცხადებისა, თითქოს რუსი ბაიკერები საქართველოს მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, შარშან 2016 წელს ისინი საქართველოში მოტოციკლებზე მიმაგრებული "გეორგიევსკის ლენტებით" შემოვიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ლენტებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილი უარყოფითად ხვდება - ლენტი იმპერიალისტური რუსეთის რწმენას და დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას გამოხატავს.

"რა გინდათ ჩვენგან? გვითხრეს, რომ მოგვეხსნა ლენტი და მოვხსენით. თუმცა, მაინც არ ჩერდებიან და პროვოკატორობენ, იერიშზე გადმოდიან... ქართველმა გოგო-ბიჭებმა შუათითი დაგვანახვეს. ჯერ გავბრაზდით, მერე გაგვეღიმა. ჩვენ საქართველოში რისთვისაც ჩამოვედით, ეს არ არის პოლიტიკა, ეს ისტორიაა, წარსული, რომელიც ნამდვილად იყო და არავის მოუგონია. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ... ასეთი დამოკიდებულება ალბათ ქართული ტემპერამენტის ბრალიც არის. რაღაც ძალიან აგრესიულად შეგვხვდნენ, არადა, რუსეთიდან სულ სხვანაირი ჩანს რუსულ-ქართული ურთიერთობები", - განაცხადა 2016 წელს ბაიკერთა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა (იხილეთ).

წელს კი როგორც ირკვევა, "პუტინის მგლებს" საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

საქართველოს გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ სოციალურ ქსელებშიც. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ და დავხარჯოთ ფული იმ ხალხთან, ვინც ვერ გვიტანს და ჩვენი გამარჯვება გამარჯვებად არ მიაჩნიათ? რა შუაშია ზალდასტანოვი?"

"ხალხს ძალიანაც ვუყვარვართ და პატივს გვცემენ, აი პოლიტიკოსები კი ხალხს ურთიერთობის საშულებას არ აძლევენ, ზალდასტანოვი კი პოლიტიკოსია. დასასვენებლად ლოზუნგებით არ დადიან!"

"გუშინ ჩამოვედით საქათველოში, ბელორუს და უკრაინელ ტურისტებთან ერთად, ფოტოები გადაგვიღეს და გვკითხეს, რაიმე კავშირი ხომ არ გვქონდა "ღამის მგლებთან", სხვა პრობლემა არ შეგვქმნია".

"ზალდასტანოვს ერთი მოტოგარბენი რუსეთში ვლადივასტოკამდე ცუდი გზების გამო რომ მოეწყო, კარგი იქნებოდა, თან სიმბოლურია - გამარჯვებული ხალხის შთამომავლები რუსეთის ტერიტორიაზე გაისეირნებდნენ".

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)