"მიზანმიმართულად ჩაუსაფრდნენ ქუჩის კუთხეში და მანქანაში ჩაცხრილეს" - კვირის პალიტრა

"მიზანმიმართულად ჩაუსაფრდნენ ქუჩის კუთხეში და მანქანაში ჩაცხრილეს"

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ახალგაზრდას საკუთარ ავტომობილში რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი გამვლელებმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განაცხადეს, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.

"ტაქსით მივდიოდი, მოულოდნელად ატყდა სროლა. შავ მანქანას ესროდნენ, მაგრამ ისე უცებ მოხდა ყველაფერი რა მანქანა

იყო არ მახსოვს. ავტომობილში ბიჭი იჯდა, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო. მიცვივდა ხალხი, ეს ბიჭი მანქანიდან გადმოიყვანეს და მერე სასწრაფოც მოვიდა" , - განაცხადა Ambebi.ge-სთან საუბარში ლიკა მელოიანმა, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, მოკლული 26 წლის ახალგაზრდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, დედასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლები გარდაცვლილ ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, ის კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა.

"ძალიან კარგი ბიჭი იყო. დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. არ იყო კონფლიქტური. ის თითქმის ყოველ დღე იმ დროს ბრუნდებოდა ხოლმე სახლში, როდესაც თავდასხმა მოხდა. როგორც ჩანს, ვიღაც სპეციალურად დახვდა. მიზანმიმართულად ჩაუსაფრდნენ ქუჩის კუთხეში და მანქანაში ჩაცხრილეს. როგორც ამბობენ, მანქანით გზა ჩაუხერგეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. ის არ იყო კონფლიქტური პიროვნება და მასზე ცუდი ნამდვილად არაფერი გაგვიგია", - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.