"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი 11:00 საათზე დაიწყო.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.

სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს დასაშვებად ცნობისთვის იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლებიც პროკურატურის აზრით დეკანოზის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. თავის მხრივ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, რომელ მტკიცებულებებს მიიჩნევს სადავოდ და რომელს - არა. ადვოკატები სასამართლოს ასევე საკუთარ მტკიცებულებებსაც წარუდგენენ.

საქმის პროკურორებმა მოითხოვეს, რომ პროცესი დახურულიყო, თუმცა მათი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებით, პროცესის დახურვაზე სასამართლო ღია რეჟიმში იმსჯელებს.

როგორც დღევანდელ პროცესზე დეკანოზმა მამალაძემ განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დეკანოზს ბრალი განუმარტა და დაადგინა მისი ვინაობა. ბრალდების განმარტებისას კი ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

დეკანოზის თქმითვე, მისი სურვილია სხდომები იყოს ღია. მისივე თქმით, პროკურატურის არგუმენტს, რომ სხდომის დახურვა თუნდაც დაკავებული დეკანოზის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გამო უნდა მოხდეს, არ ეთანხმება.

"საუბარი იყო აქ ჩემს პირად ცხოვრებაზე და მე მგონი, აქ ჩემი პირადი ცხოვრება არ განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებას და ამასთან დაკავშირებით მე დასამალი არაფერი მაქვს“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით