დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა დაიხურა - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა დაიხურა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პროცესი სრულად დახურა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, სახეზეა ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები, კერძოდ, მოწმეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა და ასევე პერსონალური ინფორმაციის გავრცელების საფრთხე. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაიხუროს და მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე დახურულ რეჟიმში იმსჯელონ.

დეკანოზის ადვოკატების შეფასებით, მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდების შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით "უსაფუძვლოდ“ გაითვალისწინა.

როგორც პროცესის დახურვის შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, მია ზოიძემ განუცხადა, პროკურატურა არ აძლევს საზოგადოებას საშუალებას, რომ საქმის მიმდინარეობა შეაფასოს.

"იმის გამო, რომ დაცვის საშუალებაა გამოყენებული რამდენიმე მონაწილეზე, შუამდგომლობდა ბრალდების მხარე, რომ უნდა დახურულიყო სხდომა. ეს იყო ცნობილი ყველასთვის და ეს არ შეიძლება ყოფილიყო საფუძველი სხდომის დახურვის. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ მოსამართლემ უსაფუძვლოდ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. იმისთვის, რომ იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე და საზოგადოებამ შეაფასოს, რა ხდება ამ საქმეში - მამა გიორგის ედავებიან დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია და რამდენიმე ძალიან პრობლემატური საკითხია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამის შეფასების საშუალებას არ აძლევს ბრალდების მხარე საზოგადოებას", - განაცხადა მია ზოიძემ.

იხილეთ ასევე: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

"ინტერპრესნიუსი"