"მთავარი ამოცანაა დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება" - ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა გაიმართა - კვირის პალიტრა

"მთავარი ამოცანაა დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება" - ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა გაიმართა

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით, პირველი განხილვა დღეს ქუთაისში გაიმართა, ხოლო 15 მაისს - თბილისში გაიმართება.

საყოველთაო განხილვაზე სიტყვით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

"მთავარი ამოცანა არის ჩვენ ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი მმართველობის სისტემა. მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის დაცული ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით. ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებს. 2010 წელს მოცემული შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე ამოცანია არის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დახვეწილი მმართველობის სისტემა. 2010 წელს გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა ეს გაკეთდა ძალიან არასწორი ფორმით. ჩვენ გვაქვს დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა, რასაც განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც ჩადებულია მოქმედ კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა. ასევე, მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური და რედაქციული თვალსაზრისითაც კი. მესამე ამოცანა არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში. ჩვენი ახალი რედაქციით, ეს სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია".

კობახიძე შეეხო პარლამენტის გადატანის საკითხსაც. მისი თქმით, ქუთაისში იგეგმება "გრანდიოზული, მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელმაც ქუთაისს ახალი დატვირთვა უნდა შესძინოს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი".

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა, პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო. მისი თქმით, დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში და ახალი რედაქციით ეს სამივე ნიშანი რჩება ძალაში.

"რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის საკითხის კონსტიტუციურ მოწესრიგებას. უამრავი სპეკულაცია იყო. ამბობდნენ, რომ თითქოს ერთადერთი მიზანი ამ საკონსტიტუციო რეფორმის იყო პრეზიდენტის სტატუსის შეზღუდვა, მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველა კითხვის ნიშანი არის მოხსნილი. რაც შეეხება სტატუსს: დღევანდელი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოდგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ეს არის სამი ძირითადი ნიშანი პრეზიდენტის სტატუსის. ეს სამივე ნიშანი რჩება ძალაში ანუ როგორც იყო მოწესრიგებული პრეზიდენტის სტატუსი მოქმედი რედაქციით, ასევე იქნება ახალი რედაქციით. აქ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ეს სტატუსები სპეკულაციისთვის და მანიპულაციებისთვის."

საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

"ინტერპრესნიუსი"