90-იანელი ლამაზმანები
90-იანი წლების თბილისი, ჩაბნელებული ქუჩები და პურის რიგები, ის, რაც ომის შემდგომ პერიოდს ასახავს, ყველას კარგად გვახსოვს... გაგიკვირდებათ და, სწორედ ამ წლებში დაიწყო ქართული შოუბიზნესის, კონკრეტულად კი, მოდის სფეროს აღმასვლა. თუ ამერიკას ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტარლინგტონი ჰყავს, ჩვენ მათ საპირწონედ ქართველი მოდელების უფროსი თაობა გვყავს, რომლებიც მსოფლიო მოდის ბიზნესში შეიძლება არანაკლებ პოპულარულები ყოფილიყვნენ... 90-იანი წლების სიდუხჭირემ და ჩაკეტილმა საზღვრებმა გოგონები ქართველ სუპერმოდელებად დატოვა. მათი სახელები სამოდელო ბიზნესის საწყისებთან ასოცირდება.
"იმ დროს მოდის ბიზნესი უცხო მოვლენა იყო"
კრისტი ყიფშიძე: - მალე 24 წელი გახდება, რაც პოდიუმზე ვდგავარ და დღემდე გრძელდება ჩემი სამოდელო კარიერა. პირველად იყო (1994 წლის ნოემბერში) მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება, იქ შედგა ჩემი დებიუტი, 1995 წელს მაკა ასათიანის ჩვენებაზე გამოვედი... როდესაც სამოდელო კარიერას ვიწყებდი, მაშინ არ იყო იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ წასულიყავი, ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი - არც შუქი, არც გაზი... ჩვენებები სასტუმრო "მეტეხში" იმართებოდა. დარბაზი ივსებოდა. ადრე ამას თბილისში უფრო სანახაობად აღიქვამდნენ...
"ერთ ჩვენებაში 100 დოლარს გვიხდიდნენ"
თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი ერთ-ერთი პირველი მოდელია - თაკო ჩხეიძე 90-იანი წლებიდან ამ ბიზნესშია ჩართული. 16 წლისამ ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოდან მოწვევა მიიღო და ასე გახდა ცნობილი დიზაინერებისა და სამოდელო სახლების სახე.
თაკო ჩხეიძე: - პირველად პოდიუმზე 1995 წელს, ავანგარდული მოდის ასამბლეაზე ("ამა") გამოვედი, ეს იყო მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი, უცხოელი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დიზაინერები. მე და ავთო ცქვიტინიძემ იქ გავიცანით ერთმანეთი. შემამჩნიეს და შემდეგ უკვე მიწვევდნენ კლიპების გადაღებებზე, დიზაინერები მიკავშირდებოდნენ... ძალიან წინ ვიქნებოდით, ფესტივალი რომ გაგრძელებულიყო. 1995-96 წლებში ხშირად იმართებოდა ჩვენებები, იყიდებოდა ბილეთები, ერთ ჩვენებაში მოდელს 100 დოლარს უხდიდნენ. 14-15 წლის გოგოს ჩემი ჯიბის ფული სულ მქონდა...
მაშინ მოდელების სახლი ვორონცოვზე იყო და საფრანგეთში ვაჩვენებდით კოლექციებს... შემდეგ იყო მაკა ასათიანის ჩვენებები, მერე კი დიდი წყვეტა...
2009 წლიდან თბილისის მოდის კვირეული თითქმის ნულიდან დავიწყეთ... დღევანდელ მოდელებს აქვთ საშუალება, გავიდნენ საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებთან ითანამშრომლონ. ჩვენს დროს საზღვრები ჩაკეტილი იყო, ხელიც არ მიგვიწვდებოდა ამდენ ინფორმაციაზე.
"ჩვენი თაობის მოდელები უფრო დატვირთული ვიყავით"
მაღალი, ქერა, ცისფერთვალება - ეს თამუნა გაბრიელაშვილია, მაკა ასათიანის ჩვენებების გამორჩეული მოდელი.
თამუნა გაბრიელაშვილი: - პირველად პოდიუმზე მაკა ასათიანის ჩვენებაზე გამოვედი. პატარა ვიყავი. ახალბედა მოდელს ძალიან მეშინოდა, დაძაბული ვიყავი და ეს ემოციები დღემდე მახსოვს...
დიდი ხანია პოდიუმზე აღარ ვარ. 15 წელი ვიყავი ამ სფეროში. შემდეგ იყო საქველმოქმედო ჩვენებები - ჩემი თაობის გოგოები გამოვედით, მაგრამ ინტენსიურად აღარ ვაგრძელებ ამ სფეროში მუშაობას. ჩვენი თაობის მოდელები უფრო დატვირთულები ვიყავით, ვიდრე დღევანდელი თაობა, რადგან მეტი ჩვენება იმართებოდა და ანაზღაურებაც უფრო კარგი იყო. 90-იანი წლების საქართველოში 100-150 დოლარი სოლიდური თანხა იყო. ზოგჯერ დღეში ორ ჩვენებაზე გამოვდიოდით. მაშინ მაღაზიებიც მართავდნენ ჩვენებებს. სამუშაო მეტი გვქონდა. მენატრება პოდიუმი... ერთი დღით რომ შემომთავაზონ დაბრუნება? გააჩნია, როგორ ფორმაში ვიქნები.
"ერთხელ პოდიუმზე ფეხი ამისრიალდა"
13 წლისა პირველად გამოვიდა პოდიუმზე, მაგრამ "მის საქართველოს" ტიტულის მიღების შემდეგ ყველას ყურადღება მიიპყრო. ირინა ონაშვილი აღაფრთოვანებდა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პუბლიკას.
ირინა ონაშვილი: - 13 წლის ვიყავი, პირველად ჩვენებაზე რომ გამოვედი, ეს იყო ავანგარდული მოდის მესამე ასამბლეა, მაშინ გამოცდილ მოდელებთან ერთად მიწევდა გამოსვლა და ძალიან დაძაბული ვიყავი. ერთ-ერთ გამოსვლაზე ფეხიც კი ამისრიალდა პოდიუმზე, რადგან შადრევანი ასველებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო განვითარებულია მოდის სფერო და წესით, იმაზე მეტი აქტივობა უნდა იყოს, ვიდრე ადრე, მაინც1995-2000 წლები უფრო საინტერესო და აქტიური პერიოდი იყო.
ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა სამოდელო სააგენტოსთან ვთანამშრომლობდი. დავიწყე "ქართული მოდის სახლით", შემდეგ იყო "ამსა", "ნატალი", "შარმი" და ბოლოს "იმიჯ ცენტრი". რაც შეეხება ახალ თაობას, საოცრად ლამაზი ბავშვები მოდიან, ვტკბები მათი ყურებით და ვამაყობ მათი წარმატებებით.
იხილეთ ფოტოგალერეა
ნინო წიფურია