ხუხაშვილების თაუნჰაუსში...
"როცა კერძო სახლში ცხოვრობ, დროთა განმავლობაში ყრუვდები, პირდაპირი კომუნიკაცია არავისთან გაქვს. თაუნჰაუსში კი არის სივრცე, სადაც შეგიძლია მოისვენო და მეზობლებიც ახლოს გყავდეს"
ცნობილ პოლიტიკურ ექსპერტებს პირად საკითხებზე იშვიათად უწევთ საუბარი, რადგან ჟურნალისტები აზრს ძირითადად მიმდინარე მოვლენებზე ეკითხებიან. გია ხუხაშვილი ჩვენი გაზეთის ხშირი სტუმარია და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. ის თბილისის ცენტრიდან მოშორებით, მყუდრო ახალ დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აქ ბუნების სიყვარულით შესანიშნავი მიკროკლიმატი შექმნა და ბატონი გიაც იქაურობას ვეღარ თმობს. "თუ ქალაქში აუცილებელი საქმე არ მაქვს, არსად მივდივარ", - ამბობს ის.
- სოლოლაკში ვცხოვრობდით. ოჯახი რომ გაიზარდა, ვეღარ ვეტეოდით, ამიტომ ბინა გავყიდეთ და თაუნჰაუსის ტიპის ეს სახლი ვიყიდეთ. ვცდილობთ, მომცრო ეზო შეძლებისდაგვარად ლამაზად მოვაწყოთ. სოლოლაკში სხვა ბინაც გვაქვს, მაგრამ აქ ცხოვრება გვირჩევნია, - ჯერ ერთი, ეზოა, მერე, ბევრად უკეთესი მიკროკლიმატია, ვიდრე ქალაქის სხვა უბანში, ტრასიდანაც მოშორებულია და გამონაბოლქვი არ გვაწუხებს - 10 წუთში ერთხელ თუ გაივლის მანქანა.
- ძალიან ლამაზი ეზოა...
- ეზო 120 კვმ იქნება... ალპური ბაღი გავაშენეთ. საახალწლო ნაძვის ხეც გვაქვს. კედლებზე მცოცავი მცენარეები, სუროს ტიპის ე.წ. ამყოლი ჯიშებია გაშვებული. მინდა, სახლი სიმწვანეში ჩაეფლოს.
როცა ამინდი საშუალებას გვაძლევს, თითქმის მთელ დროს ეზოში ვატარებთ. ზაფხულის პაპანაქება აქ ნაკლებად იგრძნობა - ცხელა, მაგრამ სუნთქვა შეიძლება. თან ქალაქის ცენტრშიც მალე მიდიხარ, აქვეა დავით აღმაშენებლის ხეივანი.
- თბილისში ხართ დაბადებულ-გაზრდილი, ალბათ მიწაზე ადრე არც გიმუშავიათ...
- მიწასთან ურთიერთობა უფრო ჩემს მეუღლეს უყვარს, აქვს მცენარეები, რომლებსაც ელაპარაკება კიდეც. ქოთნის უამრავი ყვავილია აქაც და სოლოლაკშიც და შეძლებისდაგვარად ვუვლით... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტესად მისი "მომხმარებელი" ვარ, ვიდრე შემოქმედი. თუმცა ბოლო დროს ბუნებასთან სიახლოვე ყურადღების ცენტრშია მოქცეული...
ჩემს მეუღლეს სურდა ხეების დამატება, მაგრამ მალე შვილიშვილს ველოდებით, მერე კიდევ შემდეგსა და შემდეგს - ბავშვებს სამოძრაო სივრცე სჭირდებათ და ამიტომ თავს ვიკავებთ.
- კოინდარი დაგითესავთ...
- დიახ, და ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემაა დამონტაჟებული. კუთხეში ალპინარიუმია... როგორც გითხარით, ეს არის თაუნჰაუსის ტიპის შენობა, სადაც 6 მოსახლე ცხოვრობს და საერთო ეზოც აქვს. იქ ავტომატური მოსარწყავი წვეთოვანი სისტემა არ არის და ხელით ვრწყავთ. სხვათა შორის, მეტად სასიამოვნო პროცესია, გამშვიდებს და გაწყნარებს. მოკლედ, იმ საერთო ეზოს სიამოვნებით ვრწყავ... მე და ჩემი მეუღლე მცენარეებს ერთად ვარჩევთ. ახლა მინდა, ამყოლი მცენარეების რაოდენობა გავზარდო და ფასადზე გავუშვა, რომ მთლიანად შეავსოს.
- დიზაინი თქვენია, თუ სპეციალისტის ნამუშევარია?
- ჩვენი ნაცნობი ცოლ-ქმარი, საქმის მცოდნე კარგი ხალხი გვეხმარება.
- ვარდები ვერ შევნიშნე.
- საერთო ეზოში გვაქვს, ჩვენსაში - არა. ჩემი მეუღლე ახლა სწორედ მაგას მსაყვედურობდა... სიმართლე გითხრათ, ვარდს მაინც ცოტა ისე ვუყურებ, მის მიმართ პოლიტიკურად ქვეცნობიერი მუხრუჭი მაქვს.
- ვარდმა რა დააშავა?
- არაფერი, მიშას ერთ-ერთი დიდი დანაშაული ის იყო, რომ ამ მცენარის დისკრედიტაციაც კი მოახდინა.
- როგორც ვხვდები, ეს პატარა ეზო და სახლი არ არსებობდა და მერე შექმენით?
- ე.წ. თაუნჰაუსი საქართველოში ჯერ არ არის განვითარებული, თუმცა ევროპაში ძალიან მიღებულია, კერძოდ, ეს ბრიტანული სტილის სამეზობლოა. ჩვენთან 6 დამოუკიდებელი სახლი ერთმანეთს ებმის შიდა ეზოებით. ჩვენ აქ პირველი გადმოვედით და ახლობლებში აქაურობის პოპულარიზაციას ვეწეოდით. მერე ჩვენი ნათესავები დაგვიმეზობლდნენ - სახლები მათ შეიძინეს და ეზო გავაერთიანეთ.
როცა კერძო სახლში ცხოვრობ, დროთა განმავლობაში ყრუვდები, პირდაპირი კომუნიკაცია არავისთან გაქვს. თაუნჰაუსში კი არის სივრცე, სადაც შეგიძლია მოისვენო და მეზობლებიც ახლოს გყავდეს.
როცა გადმოვედით, გვერდით ნაგავსაყრელი იყო. მეპატრონეს ვთხოვე, ეს ადგილი გაეწმინდა ან ერთობლივად რაღაც მოგვეფიქრებინა. მან კი ნაკვეთი, ფაქტობრივად, სიმბოლურ ფასად დამითმო. სწორედ აქ გავაშენეთ ჩვენი ეზო.
ახლა აქაურობა ჩემი მიკროსამყაროა, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. თუ რამე აუცილებელი საქმე არ მაქვს - ვთქვათ, ლექციები წასაკითხი, არსად მივდივარ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი გარემოა, მით უფრო, წერისთვის და სწორედ ახლა რაღაცას ვწერ კიდეც...
- რას ურჩევდით სხვებს?
- ბუნებასთან სიახლოვეს ვურჩევ ყველას. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის სახლში დაბინავდნენ. აქაურობა სოლოლაკში გაყიდული ბინის ფულიდან დარჩენილი სახსრებით ავაშენე, რემონტზე ცოტა დამატება კი დამჭირდა.
აქაურობას გარეუბანსაც არ ვეძახი. ასეთ ადგილზე ცხოვრება ბევრად უკეთესია. ამ სიმშვიდის, სუფთა ჰაერის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ სოლოლაკში ღამის გათენება გამიჭირდა. ისე შევეჩვიე, რომ ოდნავი ხმაურიც კი მაწუხებს და უფრო მეტად ვხვდები, რა უპირატესობა აქვს აქაურობას.
ყველას ვურჩევდი, რომ პირობითად, ფალიაშვილზე ცხოვრებას, მსგავსი სიტუაციები არჩიონ.
ფოტოები გამოყენებულია ჟურნალიდან "შინ"
ლალი ფაცია