მაკრონი პრეზიდენტია - კვირის პალიტრა

მაკრონი პრეზიდენტია

ემანუელ მაკრონი მილოცვებს იღებს. წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მან - პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა გაიმარჯვა. მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო. "ეროვნული ფრონტის" ლიდერს, მარინ ლე პენს კი ამომრჩეველთა 33,94%-მა დაუჭირა მხარი.

საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა.

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

"გულის სიღრმიდან მადლობას გიხდით, მე თქვენ არ დაგივიწყებთ", - ასე მიმართა საფრანგეთის მე-11 პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ამომრჩევლებს.

მისი თქმით, მისთვის ეს გამარჯვება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. "დღეს მე ყველას მივმართავ, სრულიად ფრანგ ხალხს. დღეს საღამოს ახალი გვერდი გადაიშალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დაე, ეს იყოს იმედისა და ნდობის გვერდი", - განაცახდა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისი ვალდებულება იქნება გააერთიანოს ყველა - ქალი და კაცი, რომლებიც მზად არიან დაუპირისპირდნენ იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც მათ ელით. "გვიყვარდეს საფრანგეთი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავმდაბლად, მტკიცედ და ერთგულად ვემსახურები ჩვენს სამშობლოს თქვენი სახელით. გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს საფრანგეთს!.. თქვენს წინაშე ვალდებულებებს ვიღებ, რომ დავიცავ ევროპას, ეს ჩვენი ცივილიზაციაა. გავაძლიერებ მას და ევროპის მოქალაქეებს შორის კავშირს. მივმართავ მსოფლიოს ერებს და მათ საფრანგეთის ძმურ მისალმებას ვუგზავნი", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა ამორჩევლების წინაშე გამოსვლისას.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მაკრონს გამარჯვება მიულოცა მისი მოწინააღმდეგე, მარინ ლე პენი გახლდათ. ის გამარჯვებულ კანდიდატს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნულის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ფრანგებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და მათ არჩევანი პოლიტიკის უწყვეტობაზე შეაჩერეს", - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

მისი თქმით, ის ივნისში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლას გაუძღვება: "საპარლამენტო არჩევნების ბრძოლის სათავეში დავდგები, ვინაიდან ჩვენ გვაწუხებს ამ ახალი ხუთწლიანი პერიოდის პერსპექტივები".

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა.

იხილეთ ასევე: "სადაც არ უნდა გამექცეთ, მაინც მოგიყვანთ ცოლად" - ვინ არის საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის 24 წლით უფროსი მეორე ნახევარი