"გოგონები 50+" , ანუ ფერმერი პედაგოგები
"სათბურის გაკეთება ყამირ ნიადაგზე მოგვიხდა, რომელსაც დასაწყისში განსაკუთრებული გამდიდრება არ სჭირდება, თუმცა ნაკელი მაინც შევიტანეთ. დავამონტაჟეთ წვეთოვანი მორწყვის სისტემა, კვლებს კი მულჩი გადავაფარეთ. ეს უკანასკნელი ნიადაგის ტენიანობის შენახვასა და სარეველების განადგურებას უწყობს ხელს. კვლებს აქეთ-იქით ფიცრები ჩავუწყვეთ და რაც შეიძლება ავამაღლეთ"
როდესაც ალვანში კიტრისა და პამიდვრის სათბურის გაკეთების შესახებ გავიგე, დიდად არ გამკვირვებია - სათბურების მეპატრონეთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება და ეს კარგია; თუმცა, ალვანის სათბური მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, არა მხოლოდ იქ მოყვანილი პროდუქციით, არამედ იმ ადამიანებითაც, რომლებიც ამ სათბურში მუშაობენ. ისინი ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები გამოდგნენ და ალვანური კოოპერატივის ჩამოყალიბების ისტორიაც სიამოვნებით მოვისმინე.
როდესაც ალვანში კიტრისა და პამიდვრის სათბურის გაკეთების შესახებ გავიგე, დიდად არ გამკვირვებია - სათბურების მეპატრონეთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება და ეს კარგია; თუმცა, ალვანის სათბური მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, არა მხოლოდ იქ მოყვანილი პროდუქციით, არამედ იმ ადამიანებითაც, რომლებიც ამ სათბურში მუშაობენ. ისინი ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები გამოდგნენ და ალვანური კოოპერატივის ჩამოყალიბების ისტორიაც სიამოვნებით მოვისმინე.
დალი ვეშაგურიძე, კოოპერატივის თავმჯდომარე: - ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ფიქრს იწყებ - ერთი ადგილის ტკეპნას, ჯობია რამე შეცვალო... ასეთი პერიოდი დაგვიდგა ჩვენც, ალვანის სკოლის თანამშრომლებს. 5 მეგობარს ხშირად გვისაუბრია, როგორ შეგვეცვალა ცხოვრება. განსაკუთრებით ზაფხულში მოვიწყენდით, როცა ბავშვები სკოლაში აღარ დადიოდნენ და საწუწუნოდ მეტი დრო გვქონდა.
ერთხელაც, ჩვენგან ერთ-ერთმა, სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებაში გარკვეულმა ადამიანმა გვითხრა, - მოდი, კიტრისა და პამიდვრის სათბური გავაკეთოთ, ოღონდ ისეთი მოვიყვანოთ, როგორიც ჩვენს ბოსტნებში მოგვყავს, შხამისა და ქიმიკატების გარეშეო. პროექტი შევადგინეთ და ჩვენმა მეგობარმა ენპარდისა და ოქსფამის ფონდებს მიაკითხა. სულ რომ არ ველოდით,
ერთ მშვენიერ დღეს შეგვატყობინეს, თქვენი პროექტი მოგვწონს და ახლა მეორე ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, პროექტის პერსპექტივისა და ხარჯების დასაბუთებაზეო.
- ეს არ გაგიჭირდებოდათ, რადგან ყოველი თქვენგანი თავის რჩენას არის მიჩვეული.
- სამწუხაროდ, ყველა არა. როცა ადამიანს სამსახური აქვს, ბოსტანში მუშაობას ნაკლებად ასწრებს, ოჯახის წევრებიც ხომ მისახედი ჰყავს... მე, მაგალითად, ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა ამ საქმეში და გახარებული ვარ, რომ ბევრი რამ ვისწავლე პროექტის მომზადებისას - პროდუქციის მოყვანით დაწყებული, რეალიზაციით დამთავრებული. ეკოლოგიური პროდუქცია ძვირია და დღეს მისი გაყიდვა ადვილი არ არის. ამასთან, მთელი სიცოცხლეც რომ ბოსტანში გქონდეს გატარებული, ასე ადვილად ვერ გამოიცნობ იმ დაავადებებს, რომლებიც დღევანდელ მოსავალს უტევს. თითქმის მთელ წელიწადს გვასწავლიდნენ, როგორ მოგვეყვანა უკეთესი და უხვი პროდუქცია, რის შემდეგაც, გულახდილად ვიტყვი, ვაღიარეთ, რომ სოფლის მეურნეობისა თითქმის არაფერი გვცოდნია...
შრომა და მოწადინება არ დაგვიკლია ამ ყველაფრის ათვისებისთვის, განხილვისას თავზეც დაგვთენებია და ასეთ დროს შინ მეუღლეებს მივყავდით, ერთ-ორ საათს დავიძინებდით და სკოლაში მივდიოდით სამუშაოდ. კი დავიღალეთ, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ და როცა დარწმუნდნენ, რომ სათბურის მოსავლელად მზად ვიყავით, პროექტი დაგვიფინანსეს. ყველაზე ძნელი გამოდგა დაფინანსებაში ჩვენი თანამონაწილეობა. დაახლოებით 30 ათასი ლარი, რაც პროექტის თანამონაწილეობისთვის უნდა გაგვეღო, რა თქმა უნდა, შინ არც ერთს არ გვქონდა. ბანკებმა უარი გვითხრეს, სანამ ბიზნესი არ გექნებათ, შეღავათიან სესხს ვერ მოგცემთო. ამიტომაც ჩვენი ხელფასებით გამოვიტანეთ კრედიტები. თუმცა არ გვეშინია. მუშაობა მხოლოდ შარშან დავიწყეთ, თანაც იმდენად მცირე პროდუქციით, რომ შემოსავლის განაწილებაც ვერ მოვახერხეთ და წლევანდელი ხარჯებისთვის გადავინახეთ. თუმცა დავრწმუნდით, რომ პროდუქცია კარგად გაგვეყიდება და შემოსავალიც გვექნება.
- როგორც ჩანს, მართლაც ბიოპროდუქცია მოიყვანეთ.
- რასაკვირველია. თავდაპირველად ნიადაგით დავიწყეთ. სათბურის გაკეთება ყამირ ნიადაგზე მოგვიხდა, რომელსაც დასაწყისში განსაკუთრებული გამდიდრება არ სჭირდება, თუმცა ნაკელი მაინც შევიტანეთ. დავამონტაჟეთ წვეთოვანი მორწყვის სისტემა, კვლებს კი მულჩი გადავაფარეთ. ეს უკანასკნელი ნიადაგის ტენიანობის შენახვასა და სარეველების განადგურებას უწყობს ხელს. კვლებს აქეთ-იქით ფიცრები ჩავუწყვეთ და რაც შეიძლება ავამაღლეთ. ადრე არ ვიცოდით, არადა, მცენარეს იმდენად მოსწონს ამაღლებული კვალი, რომ ბევრად ნაყოფიერი იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივ კვალში... მოკლედ, კიტრის პირველი მოსავალი აპრილში ავიღეYთ, სულ 6 კილოგრამი, მაგრამ იმდენად გვიხაროდა, თითქოს 6 ტონა მოგვეყვანა. პირველ ნაყოფს ხელი რომ შევახეთ, მივხვდით, ჩვენი შრომა უნაყოფოდ არ ჩაივლიდა.
მართლაც ბევრი ვიშრომეთ ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენი მეუღლეებიც ჩვენი კოოპერატივის წევრები არიან და არც მათ დაუზოგავთ თავი. ხშირად შვილებიც გვეხმარებიან, - როცა რომელიმე სათბურში შესვლას ვერ ვახერხებთ, ისინი გვცვლიან.
ზაფხულში ერთი და იმავე ჩითილის მოსავალი აგვისტომდე ვკრიფეთ, აგვისტოში ახალი ჩითილები დავრგეთ და მოსავალი ოქტომბრამდე ვკრიფეთ. ბოლოს ოქტომბრის ორდღიანმა ყინვამ ყველაფერი გაგვიფუჭა. სამწუხაროდ, სათბურში გათბობა არ გვაქვს და ჯერჯერობით არც გვექნება, სანამ მოსავლიანობას არ გავზრდით. ეკოლოგიურობას რაც შეეხება, როცა სხვა სათბურების კიტრი 50 თეთრი ღირდა, ჩვენი კიტრი ალვანშივე 2 ლარად გავყიდეთ. მსურველი ბევრი გვყავდა, მაგრამ მოსავალი აღარ გვქონდა. როგორც ჩანს, მოეწონათ ჩვენი პროდუქცია.
პამიდორს კი წლეულს მხოლოდ ღია გრუნტში მოვიყვანთ. ტყუილად არ მითქვამს, ბევრი რამ არ ვიცით-მეთქი,
შარშან სათბურში პამიდვრის ჩითილებმა სიმაღლით ლამის ჩვენ გაგვისწრო, ნაყოფი გემრიელი გამოვიდა, მაგრამ ნაკლებად ესხა. თურმე სათბურში პამიდორს ხელოვნური დამტვერვა სჭირდება და ეს დეტალი ვერ გავითვალისწინეთ...
ჩვენმა შრომამ უამრავი ნიუანსი გვასწავლა, რომელზეც წარმოდგენა არ გვქონდა. მაგალითად, რომ არსებობს ლაბორატორია, რომელიც მავნებლებს ბიოლოგიური წამლით ანადგურებს; რომ მავნებლების გასანადგურებლად ჩვენი გარემოდანაც შეიძლება ბევრი რამ გამოვიყენოთ, მაგალითად, ქათმის სკორე ან ჭინჭარზე მომზადებული სითხე, რომლითაც დაავადებულ ბაღჩეულს მოვრწყავთ... ამ ცოდნას თანასოფლელებსაც ვუზიარებთ, მათ თავდაუზოგავ შრომას შედეგს ვძენთ და ეს გვახარებს. ჩვენ ვართ "გოგონები 50+", ასე ვუწოდებთ საკუთარ თავს, ვსწავლობთ და ეს ძალიან გვახარებს - ცხოვრებაში რაღაც ახლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, თუ მოინდომებ, რასაკვირველია!
ეთერ ერაძე