"არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს"
"კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია"
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცახდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმი მაუწყებელმა ექსკლუზიურად გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.
როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, ჰგავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს.
მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია, რაც აგორდა, სავარაუდოდ, ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
რაც შეეხება იმ განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ, რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას, ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
ასევე ცალსახად ეჭვს ბადებს, როდესაც გენერალური აუდიტორი, რომლის სამსახურის ერთადერთი დანიშნულებაა სახლწიფო უწყებების შემოწმება, საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას კერძო პირზე, ჩემზე თითქოს მე ჩადენილი მქონდეს რაიმე სახის უკანონობა, იმის ნაცვლად რომ გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია და შეაფასოს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის სუბიექტურობას და დაინტერესებას ჩემი პერსონის დისკრედიტაციაში. ამდენად მისი არანაირი ინფორმაცია არ იმსახურებს ნდობას და რაც არ უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული ინციდენტის შემდგომ ჩემზე, ეს ყველაფერი იქნება ცალმხრივი და არაობიექტური, ასევე აცდენილი იქნება მისი უწყების კომპეტენციას.
ამდენად, მე მოვითხოვ, რომ ის მასალები, რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვიანიდან გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რომლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის.
და ბოლოს თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი, რომ ხშირად სიმთვრალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად, გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგომლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: "ფარცხალაძემ ხელი დამარტყა, რასაც მისი თანხმლები პირების თავდასხმა მოჰყვა" - რა მოხდა კლუბ-ლაუნჯ "ელ ცენტროში"?!