"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ, აბა, რომელი ოჯახი გაუშვებს?!" - პარლამენტარის ვაჟი საპატრულო პოლიციის დევნისას დაიღუპა?!
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა გახშირებულ ავტოავარიებს, - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ხახუბია გორის ავტობანზე, სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა.
"ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერდა პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში, ამ მართლაც ენითაუწერელი ტრაგედიის გამო. ჩრდილელის სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც არა მხოლოდ დაღუპულის ოჯახს უცხადებდნენ გულწრფელ თანაგრძნობას, არამედ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ ავტოსაგზაო წესების გამკაცრებას. საზოგადოებამ მწუხარება კიდევ ერთი ახალგაზრდის დაკარგვის გამო გამოხატა. მათ შორის, ფოთელებმაც, სადაც, პარლამენტარისა და ბიზნესმენის ოჯახი ცხოვრობდა. ამასთანავე მისი ვაჟები, ბექა და მისი უფროსი ძმაც ფოთში დაიბადნენ და სკოლაშიც ამავე ქალაქში სწავლობდნენ. ფოთელი ახლობლების თქმით, ბექა, რომელსაც მშობლიური ქალაქი ძალიან უყვარდა, საოცრად გულღია, მოსიყვარულე, კეთილი ახალგაზრდა იყო. მისმა გარდაცვალებამ კი მისი ახლობლები შოკში ჩააგდო.
ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას გარდაიცვალა. "გამთენიისას საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია ა|მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს ა|მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები", - დაწერა კუპრავამ. (წყარო)
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია მართლაც ფოთის მიმართულებით მარტო გავიდა სახლიდან, რა დროსაც კუთვნილ ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
ირაკლი ხახუბია ოჯახით ვაკეში ცხოვრობს. მათი ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხახუბიები კეთილშობილი ხალხია, რომელთა ენითაუწერელი მწუხარებას გარშემო ყველა განიცდის.
- ხახუბიების ოჯახს დიდ პატივს ვცემთ, ზემოდან არავის უყურებენ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ბექაც კარგი ბიჭი იყო, თავაზიანი… თუ დაგვინახავდა, აუცილებლად მოგვესალმებოდა და მოგვიკითხავდა ხოლმე. თუმცა, ასე სასაუბროდ იშვიათად ვხედავდით, მანქანა, როგორც ყველა ახალგაზრდას, მაგასაც უყვარდა და სულ სხვადასხვა, ძვირადღირებულ მანქანებს მართავდა.
როგორც ამბობენ, ბექა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იყო და გვიანობამდე სვამდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს დილით აუჩემებია, - გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო. ნასვამ შვილს საავარიოდ და სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს და ირაკლიც შეწინააღმდეგებია, - ვერსადაც ვერ წახვალო! მოკლედ, მაინც ბექამ აჯობა, სახლიდან წავიდა... ამის დამნახავმა მამამისმა თურმე საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის მონაცემები გადასცა რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც ზომები მიიღო, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებულები გახდნენ გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ.
ალბათ იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ... ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუ არა ნამდვილად საპატრულო სამსახურის დევნისას ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ საქმე ძიებისთვის გადაეცა მთავარ პროკურატურას და ინფორმაციაც იქ უნდა მოგვეკითხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ნათია სუხიაშვილს:
- ამ ეტაპზე მხლოდ შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მართლაც პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. სულ ახლახან დაიწყო პროკურორმა მომხდარზე მუშაობა. შემიძლია გითხრათ მუხლიც, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, მოძრაობის წესების დარღვევითა და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით დანარჩენს ვერაფერს ვიტყვით. დასადგენია რა მოხდა.
"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)