"როცა დეპრესიაში იყო, ეს მის ნახატებშიც ჩანდა" - რას ჰყვებიან დედის მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინაზე ახლობლები?
"ვერ დავიჯერებ, რომ ეს უფაქიზესი ბალერინა დედის მკვლელია"
"როცა სვამდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა და ძალიან აგრესიული ხდებოდა. დედას სცემდა და ქალი იძულებული გახდა, პოლიციაშიც განეცხადებინა. ერთხელ საქმეც აღძრეს. მაშინ დედამისისთვის გამომძიებელს უთქვამს, ერთი თქვენი ხელის მოწერაა საკმარისი და 2-3 კვირით გამოვკეტავთ ციხეშიო, მაგრამ დედამ შვილი ვერ გაიმეტა"
84 წლის მოხუცი დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანი მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, თითქმის ყველა წამყვან პარტიას ცეკვავდა. ბოლოს, 13 მაისს, საბალეტო დადგმაში "გორდა" აღმოსავლური ცეკვა შეასრულა. ანი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, მამა ლევან მურადელი, სახელმწიფო კაპელის წევრი იყო, დედა, ლამარა მინდორაშვილი კი უნივერსიტეტის ლექტორი.
შემზარავი ტრაგედია 20 მაისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალდა. გამოძიების მტკიცებით, მთვრალმა ახალგაზრდა ქალმა დედას სხეულის დაზიანებები მიაყენა და თავში, სავარაუდოდ, ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ცნობილია ისიც, რომ შვილმა 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად ბინაში გაატარა. განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. პოლიციას ბინაში უმძიმესი სურათი დახვდა - ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც...
ანი მურადელის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს განზრახ მკვლელობას და მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს. მას სახაზინო ადვოკატი თამარ ხაჩირაშვილი იცავს. სასამართლო პროცესზე ეჭვქვეშ დადგა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, ბალერინა ბოლო დღეებში სამსახურში არ გამოჩენილა, მიზეზად ვირუსი დაასახელა, მაგრამ, როგორც ირკვევა, მიზეზი სასმელი იყო.
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელი: "მამის სიკვდილმა ძალიან იმოქმედა ანიზე. როგორც ვიცი, პრობლემები ჰქონდა დედასთან. ერთხანს მათთან ცხოვრობდა დეიდაც და მასთანაც უსიამოვნება ჰქონდა. ამბობდა, ამდენის ატანა აღარ შემიძლია, შევიშლები, ხან რა არ მოსწონთ, ხან - რაო. ოჯახიც დაენგრა და ეტყობა, ვეღარ გაუძლო მისმა ფსიქიკამ. თურმე დედამისი ეუბნებოდა, სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო. ვერ დავიჯერებ, რომ ეს უფაქიზესი გოგო მკვლელია".
ნათია, ანის მეგობარი: "ვისაც ანი სცენაზე ერთხელ მაინც უნახავს, ვერ დაივიწყებს. მას ქალღმერთს ვეძახდი. ჩემთვის იდეალური გოგო იყო, კარგი მეგობარი და ძალიან ძვირფასი ადამიანი".
მაია, მეგობარი: "ანი ძალიან ფაქიზი სულის ადამიანია, არ მახსოვს, ვინმეზე ეჭორაოს, კონფლიქტიც არავისთან ჰქონია. ოპერაციის შემდეგ ისევ ფორმაში ჩადგა, მაგრამ ფეხის ტკივილის გამო წამყვან პარტიებს ვეღარ ცეკვავდა. სულ მკურნალობდა, 5 წელია ასეთ დღეშია. ბალერინისთვის, რომელიც ვარსკვლავია, ტრაგედიაა, როცა ტრავმას იღებ, გამაყუჩებელს იკეთებ და მაინც დგახარ სცენაზე. ანი ძალიან კარგად ქარგავს, კოსტიუმების ესკიზები აქვს შექმნილი. სულ ვეუბნებოდი, გამოფენა მოვაწყოთ-მეთქი... როცა დეპრესიაში იყო, ეს ნახატებშიც ჩანდა.
ყველა სპექტაკლს ესწრებოდნენ მისი მშობლები. გასტროლებიდან მათთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. ორი წელია, გაიგო, ნაშვილები რომ იყო, მაგრამ ჩვენთან ამ თემაზე არასოდეს ლაპარაკობდა".
ჩვენ ვესაუბრეთ ანის ნათესავს, მან ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- ჩვენ ერთად გავიზარდეთ, დედამისი მკაცრი ქალი იყო, ძალიან მძიმე ხასიათის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი არ უყვარდა. პირიქით, ძალიან უხაროდა ანის წარმატება, მის ყოველ სპექტაკლს ესწრებოდა. 47 წლის იყო, ორი წლის ანი მინსკის ბავშვთა სახლიდან რომ წამოიყვანა, მაშინ იქ ლექციებს კითხულობდა. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ღვიძლი შვილი იყო და იქ გააჩინა, ასე იცოდა ანიმაც.
- როდიდან შეიცვალა ამ გოგოს ცხოვრება?
- მეუღლეს გაშორდა, შემდეგ მამაც გარდაეცვალა. ამ ტრაგედიიდან 6 თვეში ფეხი დაიზიანა. ვერ გაუძლო ამდენს და ალკოჰოლს მიეძალა. დედამ და დეიდამ ნარკოლოგიურში დააწვინეს, დაახლოებით 3 წელიწადი საშინელ მდგომარეობაში იყო. ღამეებს უთევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გამოეყვანათ მდგომარეობიდან. ერთხელ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრშიც მოხვდა. ფეხის საოპერაციო თანხა თეატრმა გაიღო, მაგრამ ალკოჰოლდამოკიდებულებას ვერაფერი მოუხერხა. როცა სვამდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა და ძალიან აგრესიული ხდებოდა. დედას სცემდა და ქალი იძულებული გახდა, პოლიციაშიც განეცხადებინა. ერთხელ საქმეც აღძრეს. მაშინ დედამისისთვის გამომძიებელს უთქვამს, ერთი თქვენი ხელის მოწერაა საკმარისი და 2-3 კვირით გამოვკეტავთ ციხეშიო, მაგრამ დედამ შვილი ვერ გაიმეტა.
ბოლოს მკურნალობამ უშველა. აღარ სვამდა, წამლებსაც იღებდა და სცენაზეც დაბრუნდა.
- ისევ რატომ დაიწყო სმა?
- ანის სიყვარულში ბედი არასოდეს ჰქონია... ბოლო ერთი კვირა ისევ მიეძალა სასმელს. როცა მთვრალი იყო, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხდებოდა, მეორე დღეს კი არაფერი ახსოვდა. რომ ეტყოდნენ, ასე მოიქეციო, ტიროდა და ბოდიშს იხდიდა. შეუძლებელია, ეს განზრახ მკვლელობა იყოს, საღ ჭკუაზე რომ ყოფილიყო, ამდენი საათი ცხედართან გაჩერდებოდა?
ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს ანის ქონება დეიდამ წაართვა, ეს ტყუილია, დეიდას თავისი სახლი აქვს. დედამისს ანდერძი ჰქონდა დაწერილი, უძრავ-მოძრავ ქონებას ანის უტოვებდა. ანი ახალ სახლსაც იშენებდა. ტყუილია ისიც, თითქოს ეუბნებოდნენ, აყვანილი ხარ და სახლიდან წადიო. პრობლემა ის იყო, რომ დედამისს სითბოს გამოხატვა არ შეეძლო, ანის კი ეს სჭირდებოდა.
ბრალდებული დუმს, ადვოკატის თქმით, ის ჯერ შოკურ მდგომარეობაშია.
თეა ხურცილავა