მიზანა ბრეგვაძე - პირველი "შერეკილი" ჭიათურიდან
მის ფილმოგრაფიაში არცთუ ბევრი ფილმია: "მალე გაზაფხული მოვა", "ბაკულას ღორები", "ეპისკოპოსი ნადირობაზე", "მოიტაცეს თამარ ქალი" და კიდევ რამდენიმე. მაყურებელს კი ყველაზე მეტად რეჟისორ ელდარ შენგელაიას "შერეკილებიდან" ახსოვს მისი გმირი - მიზანა ბრეგვაძე, ერთაოზ ბრეგვაძის მამა.
ძალიან მინდოდა, ახლოს გამეცნო და რამდენიმე წლის წინ, როგორც იქნა, მოვახერხე - ჭიათურის თეატრის ერთ დროს წამყვან მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტ აკაკი ბაქრაძეს ჩემს საყვარელ ჭიათურაში ერთ-ერთი სტუმრობისას, შინ, ულამაზეს კარ-მიდამოში ვეწვიე. საკმაოდ ასაკოვანი იყო - ორ თვეში 89 წელი უსრულდებოდა. იმერული თავაზიანობით შემომეგება და ცდილობდა, თავისი ავადმყოფობით არ შევეწუხებინე - იმხანად უკვე მეხსიერების პრობლემები გასჩენოდა, თუმცა მაინც ბევრი ამბავი გაიხსენა.
ვიგრძენი, წარსულიდან რაღაცებს ნანობდა, თუმცა იქვე დააყოლებდა ხოლმე, - ახლა რაღა დროსო. - თბილისში რომ გადმოვსულიყავი, კინოში უფრო დატვირთული ვიქნებოდი, არადა, ბინის ყიდვას ვერ ვახერხებდი, მეუღლე და შვილებიც რომ წამომეყვანა. ვერც ჭიათურაში ვტოვებდი - ბავშვები პატარები იყვნენ. ამიტომაც მთელი ჩემი ცხოვრება თეატრს მივუძღვენიო, - მითხრა. ძალიან ენაკვიმატი ჩანდა. ეგ კი არა, სახელდახელოდ გაშლილ პეწიან იმერულ სუფრასთან (რომელსაც რატომღაც მხოლოდ მიზანასეული ბოსტნის პრასი აკლდა) მიმღერა კიდეც. ოჯახის წევრებიც ხალისით უწყობდნენ ხმებს და შიგადაშიგ წარსულის გახსენებაშიც ეხმარებოდნენ... მის ქალიშვილს - ხათუნა ბაქრაძეს საზოგადოებრივ რადიოში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობდი და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ბატონი კაკო ჩემი სტუმრობიდან ორი წლის შემდეგ გარდაცვლილა. გულდასაწყვეტია, რომ ამ ძალიან ნიჭიერ ადამიანს ახალი თაობა, ფაქტობრივად, არ იცნობს. ამიტომაც ვიფიქრე, მის ოჯახში მოსმენილი ამბები ყველასთვის მომეყოლა და ამით გაგვეცოცხლებინა არტისტი და კაცი, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებს.
მახსოვს, დანანებით მითხრა: პატრონი რომ მყოლოდა, ბევრ ფილმში გადამიღებდნენ და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევდი. ეტყობა, მეც არ ვიცოდი საკუთარი თავის ფასი, თორემ რეჟისორები პირდაპირ მადებდნენ ხელს, - კაკოს ამ გმირის კოსტიუმი ჩააცვითო. მერე კი, მიღებდნენ და მიღებდნენ. რუს რეჟისორსაც უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ აქ რატომღაც უთხრეს, მაგან რუსული არ იცისო, კიდევ ბევრი მიზეზი მონახეს, რომ ვერ წავსულიყავი და ის კაციც უკან გაბრუნდაო.
"შერეკილებში" იმერელი გლეხი მიზანა ბრეგვაძე მხოლოდ ფილმის დასაწყისში ჩანს, მაგრამ მისი ცეკვის გაკვეთილებით და "დიმპიტაური-დამპიტაურის" თუ "პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვას" შეძახილებით მაინც ყველას დაამახსოვრდა. აკაკი ბაქრაძის ვაჟი აბელი მიყვებოდა: "ფილმში, სცენარის მიხედვით, ცეკვის ნაცვლად ჭიდაობის ეპიზოდი უნდა ყოფილიყო. კაკოს უთქვამს, - ვგავარ, ახლა, მე მოჭიდავესო? - და მერე შეცვალეს ცეკვით. საერთოდ, მამა კარგად ცეკვავდა და მღეროდა, ჭიათურის რამდენიმე სკოლაში მომღერალთა გუნდებსაც ხელმძღვანელობდა"...
- სიმღერით გავაბრიყვე ჩემი მეუღლე ვარდიკო, გამომეკიდა და დამდევს დღემდეო, - სიცილით მითხრა ბატონმა კაკომ და დააყოლა, - ისე, ქეიფი და მოლხენა ძალიან მიყვარდა, სულ სუფრიდან სუფრაზე მეპატიჟებოდნენო.
აქ უკვე, მახსოვს, ოჯახის უთბილესი იმერელი დიასახლისი - ქალბატონი ვარდიკოც "ალაპარაკდა": ამას მისთანა ხმა ჰქონდა, სიმღერას რომ დეიწყებდა, ყველა აქეთ შემოუჯდებოდა. მეც ვმღეროდი და გიტარაზეც ვუკრავდიო. მეუღლის დასტურად ბატონმა კაკომ "მრავალჟამიერი" წამოიწყო და მის ფონზე ვისმენდი ქალბატონი ვარდიკოს ნაამბობს, როგორ უწყობდა ხელს მსახიობ მეუღლეს: გადაღებაზე არასდროს წავუყვანივარ, მაგრამ ჩემს ოჯახში სუფრა სულ იყო გაშლილი და მთელი გადამღები ჯგუფი გვსტუმრობდა ხოლმე. ერთხელ თხაც მოიყვანეს და ელდერ შენგელაიამ თავისი ხელით დაკლა ეზოში. მერე ცეცხლიც თვითონ დაანთეს თონეში, კარგად დაბრაწეს ის თხა და კარგადაც მოულხინესო...
აბელ ბაქრაძემ ისიც გაიხსენა, მსახიობი გადაღებიდან მიზანას დაკონკილი სამოსითა და გრიმით რომ წამოსულა შინისკენ თავის მეგობარ, "კარგ ოჯახისშვილ ბონდო აბდუშელიშვილთან" ერთად და ჭიათურის რესტორანში რომ შეუხვევიათ. იქ ვიღაცები ქეიფობდნენ, თურმე და როგორც ჩანს, ჭიათურლები არ ყოფილან. მოქეიფეებს ბატონი კაკო თვალში არ მოსვლიათ - მათხოვარი ჰგონებიათ, ხოლო ბონდოსთვის, რომელსაც ასევე არ იცნობდნენ, აგდებით უკითხავთ ვინაობა. - ბონდო ვარ, აბდუშელიშვილი, ბაჩანიჩიო, - უპასუხია ამ უკანასკნელს. - მე შალვა ვარ, ქვაციხელი, დამადევი ტ...ზე ხელიო, - გაურითმავს შარიან უცნობს. ბატონი კაკო გაგიჟებული წამომხტარა და იმ შალვაზე გაუწევია, თან მიზანას დანაც ჰქონია, კარგად გალესილი და, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა, იქვე, ბედად, ბონდოს ნაცნობი კოტიკო ასათიანი რომ არ აღმოჩენილიყო - მოჩხუბრები გაუშველებია, სუფრასთან მიუპატიჟებია და ყველა სახტად დარჩენილა, მსახიობს მიზანას პარიკი რომ მოუხსნია და ხელთ კაკო ბაქრაძე შერჩენიათ. მერე კი, იცოცხლე, კარგად მოულხენიათ ერთად...
ბატონმა კაკომ სიცილით მითხრა: იცით, რომ იმ ფილმში პირველი შერეკილი მე ვარო? ცხადია, ვერაფერს მივხვდი, მაგრამ აბელ ბაქრაძემ განმიმარტა, ამას თავისი ისტორია აქვსო და რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს მომიყვა: კაცხის მამათა მონასტრის წინამძღვარ მამა მაქსიმესთან მის ბერად აღკვეცამდეც ვმეგობრობდი. ჭიათურაში რომ დაბრუნდა, კაცხის სვეტთან ახლოს ხის სახლის ჩადგმა მოინდომა და დახმარება მთხოვა. ერთგან შეუთვალიერებია სახლი და აინტერესებდა, მის დაშლასა და გადმოტანას თუ შევძლებდით. იმ სოფელში მამაჩემიც გამოგვყვა - მე უკეთ არ ვიცი სახლის დაშლაო? გზად, ტრადიციულად, ყველა უცნობს ვესალმებოდით. ერთ ღობესთან ქალი იდგა, შეგვათვალიერა, დაბნეულმა მოგვაძახა, - გამარჯობაო! - და უცებ ვიღაცას აუყვირდა: მოდი, ბიჭო, ჩქარა გამეიქეცი, ჩქარა, ბიჭოო! ის "ვიღაც" იქვე, სილაში მოთამაშე მისი შვილი აღმოჩნდა. ბიჭი დედას არ დაემორჩილა, ამიტომ ქალი გავარდა და ხელში ატატებული შვილით კვლავ ღობესთან მოვარდა, თან ბავშვი ჩვენკენ გამოახედა: ეეე, დეინახე, კინო რომ არის, "შერეკილები", იმ კინოს პირველი შერეკილი ეგერ მიდისო!..
დავინტერესდი, ელდარ შენგელაიამ ბატონ კაკოს სხვა ფილმში მონაწილეობა არ შესთავაზა-მეთქი? აბელმა მიპასუხა: ელდარს სურდა, მამა "ცისფერ მთებში", ვასოს როლში გადაეღო, სცენარიც გამოუგზავნა - დღესაც შინ გვაქვს, მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცით. საბოლოოდ, ის როლი გორელ მსახიობს - ვასილ კახნიაშვილს ათამაშესო... აბელმა დანანებით დააყოლა: იმიტომ კი არა, რომ ჩემი მამაა, კაკო ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო და გული მწყდება, ქართულმა კინომ მისი შესაძლებლობები რომ ვერ გამოიყენაო...
მართლაც დასანანია, რადგან თუკი არტისტი სცენაზე არ გინახავს, მისი შეფასება გიძნელდება, ხოლო თეატრთან შედარებით კინემატოგრაფს ნამდვილად ჯადოსნური ძალა აქვს - ერთ პატარა როლს, ერთ კინოგმირსაც კი შეუძლია უკვდავად აქციოს მისი ეკრანზე გამცოცხლებელი ადამიანი, მით უფრო, თუკი ის პროფესიონალი მსახიობია.
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)