"პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე“ იწყება
29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
ეს მნიშვნელოვანი პროექტი ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები. თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან. ლიტერატურული საღამოების გარდა, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ორი პანელ-დისკუსია "ევროპა, როგორც იდეა“ და "Angry White Man“.
პროექტის ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.
დღეს, 29 მაისს 18:00 საათზე მწერალთა სახლში პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე“ ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე ცნობილ გერმანელ მწერალთან კატია ლანგე-მიულერთან ლიტერატურული შეხვედრით იწყება.
პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე“ მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და ქვეყნის გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთად იმოგზაურებენ. ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამის გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში.
ამგვარად, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისთვის ეს პროექტი, რომლის ავტორი და კურატორი ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, თავისი შინაარსით მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს, როგორც ქვეყნის წარსადგენად.
თბილისის ლიტერატურის ფესტივალის კვირეულში, 30 მაისს 17:00 საათზე მწერალთა სახლში პოეტისა და მთარგმენლის, დავით წერედიანის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. საქართველოში გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთედ გასცემენ.