“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სტარტს იღებს - კვირის პალიტრა

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სტარტს იღებს

კოალიციამ “განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, ჟიურის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოში წელს პირველად გაიმართება, თუმცა როგორც კოალიცია “განათლება ყველასთვის-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ აღნიშნა, კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო წლებშიც ჩატარდება.

“2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. ფორუმზე საქართველოს წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, დაიწყო ეროვნული ჯილდოს კამპანიის განხორციელება. აღნიშნულს შეუერთდა და მხარი დაუჭირა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს 10.000 ლარს და გახდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე. კონკურსი ყოველწლიური იქნება და გარდა იმისა, რომ ყოველ წელს გამოვლენს ერთ ყველაზე საუკეთესო მასწავლებლს, ხელს შეუწყობს ზოგადად პროფესიის პოპულარიზაციას და მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო თითეოულ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებმაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დაგვიჭირეს მხარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პატარკაციშვილების ოჯახს, კერძოდ ინა გუდავაძე-პატარკაციშვილს და სხვა. ასევე ჟიურის 17-ვე წევრს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ პროექტში და უზარმაზარი შრომა გასწიონ მთელი ზაფხულის მანძილზე. ვიმედოვნებ, მომდევნო 5 თვის მანძილზე კიდევ ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია დაგვიდგება გვერდში და თავის წვლილს შეიტანს, როგორც პროექტის მსვლელობაში, ისე მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარებაში, ინფორმაციის გავრცელებაში და სხვა. გვინდა ამ პროექტის მეშვეობით საზოგადოებას წარვუდგინოთ ის კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც, საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ბევრი გვყავს, ხოლო ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია და გავუჩინოთ მათ მასწავლებლობის მოტივაცია“, - აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ ეს კონკურსი გახლავთ გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. მინდა სრულიად საქართველოს მასწავლებლებს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ამიერიდან საქართველოსაც მიეცემა საშუალება შეუერთდეს მასწავლებლების მსოფლიო ჯილდოს, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში ტარდება. ჩვენ ამ შემთხვევაში ჯერ საქართველოში ვაწესებთ ეროვნულ ჯილდოს, ხოლო ეროვნული ჯილდოს მფლობელის აპლიკაცია გაიგზავნება მსოფლიო ჯილდოზე მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის - “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზანი ერთი საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა არ გახლავთ, არამედ ეს პროექტი ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, განაპირობებს მათ პროფესიულ ზრდას და თითოეულ მათგანს აუმაღლებს მოტივაციას, გახდეს უფრო წარმატებული. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ეს კონკურსი გამოვლენს უამრავ ლიდერ, ინიციატივების მქონე და ნოვატორ მასწავლებელს, რომელთაგან ერთ-ერთს, ანუ გამარჯვებულს საკმაოდ სოლიდური პრიზი და რაც მთავარია, მასწავლებლების მსოფლიო ჯილდოზე მოხვედრის შესაძლებლობა მიეცემა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

პრეზენტაციას განთლების ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება დადებითან შეაფასეს.

„იშვიათია მასწავლებლის პოზიტიურად ჩვენების შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ეს კონკურსი შეიძლება გახდეს კარგი პრეცენდენტი. ასევე მიმაჩნია, რომ ზოგადად ნებაყოფლობითი სისტემები უფრო ამართლებს... მაგალითად, ძალიან კარგია ის, რომ ამ კონკურსზე მასწავლებელმა ნებაყოფლობით უნდა წარმოადგინოს თავისი გამოცდილება, მიღწევები... ეს ბევრად უფრო მოსწონთ, ვიდრე ის, როცა რაღაცას ავალდებულებენ. ამ კონკურსით საქართველო შეუერთდა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს, რომელიც არის მასშტაბური პროექტი. საბედნიეროდ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი, წარმატებული და ნოვატორი მასწავლებელი გვყავს საქართველოში. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“ - განაცხადა განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ.

პრეზენტაციას მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ასეთი კონკურსის დაწესება და მასში მონაწილეობის მზაობაც გამოთქვეს.

“ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი, რადგან მთელი მომავალი თაობები ამ პროფესიაზე დგას. ერთი შეხედვით, ეს პროფესია თითქოს ნაკლებად დაფასებულია, მაგრამ განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მასწავლებლებს პერიოდულად არაერთ საინტერესო პროექტს, ტრენინგსა თუ სიახლეს სთავაზობს. ვფიქრობ, ასეთი ტიპის კონკურსები და ჯილდოები იქნება ერთგავრი მოტივაცია, მასწავლებელმა სრულად წარმოაჩინოს მთელი თავისი შესაძლებლობები და გამოცდილება. მე გახლავართ დოქტორი თსუ-ში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემთვის მასწავლებლის საქმიანობა უპირველესია და დღემდე ვრჩები მასწავლებლად. რაღა თქმა უნდა ამ კონკურსში ვაპირებ მონაწილეობას, რათა საზოგადოებას ჩემი მიღწევები გავაცნო“, - განაცხადა მასწავლებელმა ხათუნა გაგალაძემ.

პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებ-გვერდი - www.tprize.ge რომელზეც, 31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლები დარეგისტრირდებიან. რეგისტრაციის წესების, კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა.

“ვებ-გევრდზე დარეგისტრირება და სააპლიკაციო ფორმის შევსება საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. რაც შეეხება კონკურსანტთა შერჩევის პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, იგი 4 ეტაპისგან შედგება. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. რაც შეეხება ჟიურის, იგი დაკომპლექტებულია 17 ადამიანისგან და მასში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები“, - განმარტა გიორგი ჭანტურიამ.

ჟიური შემადგენლობაში შედიან: მანანა რატიანი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე); ნინო ზაუტაშვილი (ჟურნალისტი); ელიზბარ ელიზბარაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი); მიხეილ წერეთელი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე); ზაზა აბაშიძე (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი); მაგდა მაღრაძე (ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორი); გიორგი მურღულია (სკოლა ჰამილტონის დირექტორი); ბერდია ნაცვლიშვილი (PH International-ის დირექტორი); ლიკა გიგაური (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე); რევაზ აფხაზავა (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) აღმასრულებელი დირექტორი და კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი); ირინა ხანთაძე (ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის (CTC) აღმასრულებელი დირექტორი და კოალიცია “განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს გამგეობის თავმჯდომარე); მაია კობახიძე (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი); გიორგი მაჩაბელი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი); მიხეილ ჩხენკელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე); სოფო ლობჟანიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ხელმძღვანელი); ბექა ურუშაძე (კოალიცია “განათლება ყველასათვის - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი); ლიკა ღლონტი (ერასმუს + საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, კოალიცია “განათლება ყველასათვის - საქართველო” გამგეობის წევრი).