"დასაფლავებაზე დავინახე გოგო, სადა ძალიან, ველვეტის ლაბადით, ჯინსებით, ბებიასთან ერთად... დადეშქელიანი აღმოჩნდა ეს ქალი..."
"კვირის პალიტრის" არქივიდან
"მთელი ცხოვრება ვიცხოვრე, ვითამაშე, ვიომე, ეს ვქენი, ის ვქენი... უცებ შემომიტრიალდნენ ყველაზე ახლობლები და ყველაფერი გააფუჭეს"
"ცხოვრებაშიც ბევრს შევცვლიდი. უამრავ ხალხს არ ვაწყენინებდი, ვისწავლიდი ენებს. სულ ვიმოგზაურებდი"
"ჩამოდის მილიონერი ქალი თავის მშობლიურ ქალაქში და ხვდებიან ძველი საყვარლები - ერთი, მეორე... დაბერებულები, სხვანაირები... ეს მილიონერია. რამდენი დაგიტოვოთ, თქვე მათხოვრებო? - ეკითხება", - ჰყვება პიესის შინაარსს, თან ადგილს ათავისუფლებს, რომ დავსხდეთ. მეფე ლირის კოსტიუმი აცვია, ვერ მოასწრო გამოცვლა, რადგან სპექტაკლის დასრულებისთანავე საგრიმიოროსკენ გავეშურეთ. დავსხედით. ჩემ წინ ეროსი მანჯგალაძის დიდი პოსტერია, გვერდით მიხეილ თუმანიშვილს ვხედავ, უფრო შორს - კადრებს ფილმებიდან, აფიშებსა და წარწერებს კედელზე: "ზურა, მიყვარხარ..." ღამის 11:30 საათია, და ვფიქრობ, ახლა ისეთი დაღლილი უნდა იყოს, ინტერვიუს თავი არ ექნება-მეთქი, მაგრამ ისეთივე ენერგიულია, როგორიც სცენაზე...
მაშ, ასე, მინდა, სხვა ზურა ყიფშიძე წარმოგიდგინოთ...
- ცუდი ხასიათი აქვსო, ჩემზე ამბობენ. რა შუაშია ცუდი ხასიათი?! თუ მუშაობ, უნდა დააკვდე შენს საქმეს. ხელოვანი სახატავი მასალაა. მხატვარი რომ იყოს, დახატავდა, მწერალი - დაწერდა, ამას კი თვითონ უნდა რაღაცის თქმა, სხვა ადამიანის საშუალებით, ოღონდ ამ ადამიანად უნდა იქცეს და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობასა და ჯანმრთელობას. მსახიობისთვის უპირველესია რეჟისორი. ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებული. რეჟისორი გურუ უნდა იყოს და ხალხი მის გარშემო ტრიალებდეს. ჩვენ ეს გზა გავიარეთ მიშა თუმანიშვილთან. გურუა მთავარი. ამ შემთხვევაში ფანატიზმი დასაშვებია, ცხოვრებაში - არა, არც რელიგიაში, მაგრამ ხელოვნებაში უნდა იყოს ფანატიზმი.
"ლირი - ყველასგან მიტოვებული"…
- არასდროს მქონია საოცნებო როლი. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა მითხრა, ყველა რაღაც როლს მთხოვს, შენ არაფერი გინდაო? მე რა უნდა გითხრათ, თქვენ უნდა დამინახოთ-მეთქი.
- მეფე ლირზე არ გიფიქრიათ?
- არა.
- სპექტაკლის შემდეგ ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს თქვენ გელოდათ ეს როლი...
- ეს ყველასთვის საოცნებო როლია. ამით იმხელა სათქმელს ამბობ... ჩემსას, თუნდაც. შვილისგან განაწყენებულად წარმოიდგინე თავი. რაღაც კარგი გინდა გააკეთო და თურმე არ უნდა გააკეთო კარგი... ერთადერთი შველა აქედან წასვლაა? მთელი ცხოვრება ვიცხოვრე, ვითამაშე, ვიომე, ეს ვქენი, ის ვქენი... უცებ შემომიტრიალდნენ ყველაზე ახლობლები და ყველაფერი გააფუჭეს. რაღაცები გვაქვს მე და მეფე ლირს საერთო...
ვახშამი ალისასთან
- "Васильевский остров"... არ ვგიჟდები ამ ფილმზე, მაგრამ საოცრება იყო ალისა ფრეინდლიხსა და ეკატერინა ვასილიევასთან გადაღებები. დავდიოთ ერთად, ვვახშმობდით. ალისა სასწაულია, პატარა, ხანდაზმული ქალი, ცოცხალი ბავშვური თვალებით, ბრწყინვალე გონებითა და გემოვნებით. არ მოსწონდა, შესვენებებზე რასაც გვაჭმევდნენ. პეტერბურგში ვიყავით და ერთი რესტორანი ვიცოდი, სადაც ძალიან გემრიელი საჭმელები ჰქონდათ. ერთ საღამოს ვეუბნები:
- Алиса Бруновна, можно, я вас отобедать со мной приглашу...
- Вы что, за мной ухаживайте?
- Нет, просто хочу, пообедать с вами вкусно, вижу, что вы не можете тут есть, я тоже.
- Хорошо, поехали.
ასე წავედით ერთად. ვისადილეთ, 100-100 გრამიც ჩავარტყით და გულიანად ვიჭორავეთ. პატარა ბავშვივით იყო... არის ფილმები, რომლებისაც მრცხვენია და ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი... ცხოვრებაშიც ბევრს შევცვლიდი. უამრავ ხალხს არ ვაწყენინებდი, ვისწავლიდი ენებს. სულ ვიმოგზაურებდი.
"მოსკოვში დამბლოკეს"
- დეიდები მყავდა, ორი შინაბერა, ძალიან მაგრები. ერთი ფიზიკოსი იყო, მეორე - ინგლისურის მასწავლებელი. გავაწამე მთელი ცხოვრება, მაგრამ ბოლო ორი წელი თითქოს გადავუხადე მადლობა - ვუვლიდი, მათთან გადავბარგდით მე და ჩემი ძაღლი. ერთს სკლეროზი დაემართა, მეორე ბოლომდე გონებაზე იყო. დავუყენე სახლში სხვადასხვა არხი და უყურებდნენ ხოლმე კლასიკური მუსიკის არხს\... "აბა, ზურა, რა ოპერაა, თუ მიხვდები?" სულ ოპერაში დამატარებდნენ. უცებ მეკითხება ერთ-ერთი:
- Ты знаешь, что такое интеллигентный человек?
მე რაღაცებს ვამბობ:
- Интеллигентный человек – это человек, который старается, всегда занять как можно меньше места. ამაზე მიხალკოვი იტყოდა: "мнимая скромность". რაღაც შემემთხვა და დამბლოკეს, აღარ მიშვებდნენ მოსკოვში. ძალიან ნიჭიერია მიხალკოვი, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც აქვს უარყოფითი, ეს არის - великий русский шовинизм. ერთხელ მითხრა:
- Самая большая ошибка XX века, эта - распад СССР. Мы, все равно, его восстановим.
- Что, СССР? - ვკითხე.
- Да нет, империю.
"შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი"
- ქალები უნდა გიყვარდეს კაცს, მაგრამ არ უნდა იყო ხამი და შენი სურვილებით სხვა არ უნდა შეაწუხო.
- ზურა ყიფშიძე ასოცირდება ერთგულებასთან. ეს ის მამაკაცია, რომელსაც მთელი ცხოვრება უყვარს ერთი ქალი - თავისი მეუღლე...
- ეს ფაქტია. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ ასეა... ვასო გოძიაშვილის დასაფლავებაზე ჩამოვედი მოსკოვიდან. 22 წლის ვარ. დასაფლავებაზე დავინახე გოგო, სადა ძალიან, ველვეტის ლაბადით, ჯინსებით, ბებიასთან ერთად... დადეშქელიანი აღმოჩნდა ეს ქალი... მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ და... ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!
ნინო წიფურია