"საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის"

22 ივნისს პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ასევე 115 ხმით მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა.

შემუშავებული დოკუმენტით საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება. (იხილეთ: თამაში ცალ კარში - ოპოზიციის ბოიკოტი და კონსტიტუცია "ქართული ოცნების" იმედად)

გუშინვე, საკონსტიტუციო ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასა.

"2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახდა შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის საყოველთაო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, სადაც ცვლილებები დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის".

მთავრობის მეთაურმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას "ისტორიული" და "უმნიშვნელოვანესი" უწოდა და განმარტა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა სწორედ იმ დათქმით, რომ აღნიშნული სისტემა არა 2020, არამედ 2024 წელს ამოქმედდება.

"ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 %-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში".

პრემიერი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა.

"დღეს რასაც ვხედავთ ჩვენ პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის, რათა დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული. უფრო მეტიც, უსამართლო, ჩემი აზრით, ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო მათ, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით".

კვირიკაშვილის განცხადებები ოპოზიციის წარმომადგნელბმა შეაფასეს.

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" წევრი:

"გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი. მთელი დღე მიდიოდა მასზე, ასე ვთქვათ, მორალური პრესინგი სხვადასხვა მხრიდან. როდესაც პარლამენტი პრაქტიკულად ახალ კონსტიტუციას იღებს და მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხდომას ატარებს და ამ საკითხთან შედარებით მფრინავ სპილოებზე საუბრობს, ბუნებრივია გაჩნდა ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მან თავის ცუდ ცვლილებებზე მაინც ილაპარაკოს და დაუჭიროს მხარი.

მაგრამ ჩვენ არანორმალური ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რეალური მართვის სიმძიმე არის ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ხან მართავს და ხან არ მართავს. მთავრობის ქმედებებს თუ შევხედავთ, ყველაზე პირველი კრილოვის იგავ-არაკი გაგახსენდება, ყველა თავისკენ მიექაჩება".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით