ყველაფერი სათვალის შესახებ
"აიღეთ სათვალე, მობილურ ტელეფონთან ჰორიზონტალურად დაიჭირეთ და დაატრიალეთ. თუ სათვალემ ფერები შეიცვალა ან გამუქდა, ეს ნიშნავს, რომ სათვალე პოლარიზირებული და ხარისხიანია"
სათვალე, გარდა იმისა, რომ თვალს იცავს და მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, მოდური აქსესუარიც გახლავთ და მისი ყიდვისას, ძირითადად, სწორედ მოდის ტენდენციებს ვაქცევთ ყურადღებას, ხარისხი კი ბევრისთვის არცთუ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ხარისხიანი სათვალე ძვირი ღირს, გარეგნულად მსგავსი, თუმცა უხარისხო კი - იაფი. როგორი არ უნდა იყოს მზის სათვალე, რომ მან სიბრმავე არ გამოიწვიოს და რა განსხვავებაა უხარისხო და ხარისხიან სათვალეებს შორის?
ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის არჩევისას არის ის, რამდენად იცავს იგი თვალს ულტრაიისფერი სხივებისაგან. საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV-400. რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, მით მეტი პროცენტით ატარებს მინა ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს ჰგონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და სინათლეს არ ატარებს, ის ყველაზე კარგია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.
მანიკა ასათიანი, მოდელი: "რამდენიმე წლის წინ იტალიაში, ქუჩაში ვიყიდე ძალიან იაფი სათვალე. დაბურული მინა ჰქონდა და მეგონა, მზის ულტრაიისფერ სხივებს უფრო კარგად აირეკლავდა, მაგრამ თურმე თვალს მიზიანებდა. ტკივილი მომემატა და ექიმთან მისვლისას აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სათვალის ბრალი იყო".
თვალისთვის ყველაზე საშიში სწორედ მუქი ფერის, უხარისხო სათვალეა. თუკი სათვალეს არ აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია, ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ თუ მაინც უხარისხო სათვალის ყიდვა მოგიწევთ, უმჯობესია, ის შედარებით ღია ფერის იყოს - ასე თქვენ ვერ შეძლებთ მზისთვის თვალის გასწორებას და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თვალებს. თუმცა ხარისხიან სათვალეებს შორისაც არის განსხვავება - სათვალის ლინზის ფერი. სათვალისთვის საუკეთესოა მწვანე, ყავისფერი და ნაცრისფერი. ასეთი ფერები ამშვიდებს თვალებს. დასაშვებია ყვითლისა და ყავისფერის გამოყენებაც. წითელლინზებიანი სათვალის ხმარება არ არის რეკომენდებული, ყველაზე საშიში კი ლურჯი სათვალეა, რომელსაც ექიმები კატეგორიულად კრძალავენ. ყველაზე დიდი არჩევანი სწორედ შავლინზებიან სათვალეებს შორის არის. თუმცა, ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევის თანახმად, ძალიან მუქი ფერის შავი სათვალე მამაკაცების პოტენციას აქვეითებს. დაკვირვების შედეგად, მუქმა სათვალემ გამოკვლეულთა 90%-ზე უარყოფითად იმოქმედა.

მზის სათვალის გამოყენებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ სად იყენებთ მას. თოვლში სათვალის დამუქების ხარისხი 90-95% უნდა იყოს, ზღვაზე - 80% მაინც, ავტომობილის მართვისას კი - არა უმეტეს 60%-ისა. გარდა ამისა, ავტომობილის მართვისას ზღვაზეც უმჯობესია პოლარიზებული სათვალის გამოყენება, რადგან ის ახშობს წყლის ზედაპირისა და ასფალტის ანარეკლს.
პოლარიზებული სათვალე მარტივი ამოსაცნობია. მას აქვს შესაბამისი წარწერა; გარდა ამისა, თითქმის ყველა მაღაზიაში და ბაზარზეც არის სპეციალური გამოსახულება, რომელიც პოლარიზებული სათვალის გაკეთებისას იცვლება. არის თუ არა სათვალე პოლარიზებული, ამის დადგენა სახლშიც შეგიძლიათ. დაგჭირდებათ ტელეფონი ან პლანშეტი.
აიღეთ სათვალე, რომლის შემოწმებაც გინდათ და დაიჭირეთ იგი ჰორიზონტალურად, შემდეგ კი დაატრიალეთ. თუ სათვალემ ფერები შეიცვალა ან გამუქდა, ეს ნიშნავს, რომ სათვალე პოლარიზირებული და ხარისხიანია.
ნერონი და ჩინელი მოსამართლეები
ცნობილია, რომ რომის იმპერატორი ნერონი გლადიატორების ბრძოლას სწორედ მზისგან დამცავი აქსესუარით ადევნებდა თვალს, რომელიც ზურმუხტისგან იყო დამზადებული. XII საუკუნეში ჩინეთში მზის სათვალეს იყენებდნენ მოსამართლეები. ისინი კვარცის სათვალით თვალებს არა მხოლოდ მზეს, არამედ მოწმეებსაც უმალავდნენ, რომ მათ მოსამართლეების ემოციები არ შეემჩნიათ.
XX საუკუნიდან სათვალის გამოყენება პირველად მსახიობებმა დაიწყეს, რადგან გადაღებებზე პროჟექტორების მკვეთრი შუქი მათ თვალებს უწითლებდა.
1929 წელს ამერიკელმა სემ ფოსტერ გრანტმა ფულის შოვნის მიზნით მოიფიქრა იაფფასიანი სათვალის გაყიდვა და ამის შემდეგ სათვალე მასობრივად გამოიყენებოდა, როგორც მზისგან დამცავი საშუალება, თუმცა მაშინდელი სათვალე თვალს მხოლოდ მკვეთრი შუქისგან იცავდა და არა - ულტრაიისფერი სხივებისგან.
პოლარიზებული სათვალე ამერიკელმა მეცნიერმა ედვინ ლენდმა 1936 წელს გამოიგონა. ამ მიღწევით მან მზის მავნე ზემოქმედებისგან დამცავი სათვალე შექმნა.