5 ყველაზე საშიში ზონა საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელი საქართველოს ხუთ ყველაზე სტიქიასაშიშ რეგიონსა და ზონაზე გვესაუბრება:
- სტიქიური მოვლენების პირველი მიზეზი გეოლოგიური ფაქტორია, მეორე - ადამიანის არასწორი მოქმედება, მესამე - კლიმატის ცვლილებები და მიწისძვრები.
საქართველო მსოფლიოს მთიანი რეგიონებიდან ერთ-ერთი ურთულესია. ტერიტორიის 70% მოცულია სტიქიურად საშიში ზონებით, აქედან 60% დასახლებულია. საქართველოს ხუთი ყველაზე საშიში ზონაა:
1. აჭარის რეგიონი გეოლოგიურად დაძაბული ზონაა, ძირითადად, ადამიანის არასწორი მოქმედების შედეგად. განსაკუთრებით მოწყვლადია მდინარე აჭარისწყლის აუზი.
2. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განსაკუთრებით საშიში ზონაა ცხენისწყლის აუზის ზედა ნაწილი.
3. ზემო სვანეთი გეოლოგიურად ძალიან დაძაბული რეგიონია. აქ ყველაზე საშიში ზონაა ენგურის მიდამოების დასახლებული ადგილები, რომელთაც განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის პერიოდული ღვარცოფები, ზვავები და მეწყრები.
4. თბილისში მე-20 საუკუნეში ღვარცოფებით 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (არასრული მონაცემებით), 2011 და 2015 წლებში კი - 28 ადამიანი. დედაქალაქში 52-ზე მეტი ღვარცოფმაფორმირებელი წყალსადინარია, მათ შორის - 12 მდინარე.
5. თერგისა და არაგვის აუზებიც საშიში ზონებია. თერგის აუზი სასაზღვრო ზონაა, სადაც მუდმივად ტრანსპორტი მოძრაობს. განსაკუთრებით მოწყვლადია დარიალის მონაკვეთი. ე.წ. დევდარაკი-ამალის აუზი, სადაც პერიოდულად დგება გრაციალური (მყინვარული) ღვარცოფების ფორმირების საშიშროება, თან სდევს მსხვერპლი და დიდი მატერიალური ზარალი. ამის კლასიკური მაგალითია 2014 წლის კატასტროფა, რომლის დროსაც დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, ზარალი კი 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო.
- რა შეიძლება მოვიმოქმედოთ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად?
- ჩვენი სამსახური აწარმოებს ყოველწლიურ მონიტორინგს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. არსებობს როგორც პროგნოზირებადი, ასევე არაპროგნოზირებადი სტიქიური მოვლენები. ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია მიეწერება არაპროგნოზირებად მოვლენას - ის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევას მოჰყვა. მხოლოდ ნალექი რომ წამოსულიყო, იქნებოდა წყალდიდობა, დაიტბორებოდა მცირე ტერიტორია, განსაკუთრებით - ზოოპარკის მიდამოები, მაგრამ ასეთი ტრაგიკული შედეგი არ მოჰყვებოდა. მდინარე ვერეს აუზის სათავეში ურთულესი გეოლოგიური პირობებია. 13 ივნისის ტრაგედიის წინა პერიოდში იყო მიწისძვრები და ბიძგებმა ფერდობის შესუსტება გამოიწვია, ამას დაერთო არანორმალური სიხშირის ნალექი - 100 მმ-ზე მეტი, რაც იშვიათია. ფერდობებზე ჩაჟონა და გამოიწვია კლდეზვავი, რაც მეწყრად იქცა. ჩამოწოლილმა მეწყერმა თან წამოიღო ხეტყე, ქვა-ღორღი და გადაკეტა ვერეს ხეობა. ეს იყო ანომალიური მოვლენა.
მხოლოდ თერგის ხეობაში 90-ზე მეტი მყინვარია, მთელ კავკასიის რეგიონში კი - 300 დიდი მყინვარი. მათგან რვა პულსირებადია, ანუ მოძრაობს - ხან წინ მოდის, ხან უკან იხევს. ბოლო ხანებში შეიმჩნევა კლიმატის ცვლილება, ტემპერატურა იზრდება და მყინვარები უკან იხევს, მაგრამ არის მყინვარები, მათ შორის დევდარაკი, რომელიც არ ემორჩილება კლიმატის ცვალებადობას. დღემდე მეცნიერებს ვერ დაუდგენიათ, რა არის მისი პულსირების მიზეზი.
ამასთან, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში მეწყრებისა და ღვარცოფების 70% ადამიანის ხელშეწყობით წარმოიშობა. მაგალითად, აჭარა მცირემიწიანი რეგიონია და სახლების ასაგებად მეწყერსაშიში ფერდობის ჩამოჭრასაც არ უფრთხიან. 2008 წელს ერთ სოფელში 10 ადამიანი დაიღუპა, მიზეზი კი არასწორად შერჩეული სახლის მდებარეობა იყო.
ხშირად გზებიც არასწორ ადგილას გაჰყავთ... ხეტყის გაჩეხას სავალალო შედეგები მოსდევს. 1972 წელს აჭარაში, სოფელ ორტაში ზვავმა მთელი სოფელი ერთ ღამეში წალეკა, დაიღუპა 40 ადამიანი. მიზეზი სოფლის თავზე, მთაში გაჩეხილი ხეები იყო... 1989 წელს აჭარაში, სხალთის ხეობაში, სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის კალთა მოგლიჯა და 23 ადამიანის, მათ შორის - სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ შემთხვევაში მიზეზი დიდი ნალექი და წინა პერიოდის მიწისძვრები იყო.
თბილისში არასასურველი გეოლოგიური მოვლენების 80% დაკავშირებულია ადამიანის არასწორ საქმიანობასთან - არასწორ მშენებლობებთან...
ვერეს ხეობა
ვერეს ხეობაში წყალი ადრეც ხშირად მოვარდნილა, უმთავრესად - ივნისში.
1924 წლის 11-12 ივნისს იყო ადამიანთა მსხვერპლი და ზარალი.
1940 წლის 10 მაისს 2487 სახლიდან 175 განადგურებულა, დანარჩენი დაზიანებულა. განადგურებულა ზოოპარკიც.
1960 წლის 4 ივლისის წყალდიდობა სიმძლავრით აღემატებოდა 20 წლის წინანდელს, რის შემდეგაც ქალაქის მთავრობამ განსაკუთრებული ბრძოლა გამოუცხადა ხეობაში უკანონო მშენებლობას. აკრძალულ ზონაში მოექცა მთელი ვერეს ხეობა.
1972 წლის 7 ივნისს ნიაღვრებმა დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა 1600-ზე მეტი ოჯახი, დაიღუპა 10 ადამიანი.
ეკა სალაღაია