"მამაჩემს ეუბნებოდნენ, - ეს ვინ აიყვანე? რომ გაიზრდება, გაგქურდავთ და გაიქცევაო..." - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"მამაჩემს ეუბნებოდნენ, - ეს ვინ აიყვანე? რომ გაიზრდება, გაგქურდავთ და გაიქცევაო..." - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება

"ჩემი სიძე ლორდების შთამომავალია. მის წინაპრებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ინგლისის სამეფო ოჯახთან", - გვეუბნება თბილისელი ბოშა, ლილი დარციმელია. იგი არ მალავს, რომ დღევანდელი მისი ცხოვრება ძალიან საამურია. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ყოველთვის კარგი პირობები ჰქონდა, კარგ წრეშიც ტრიალებდა, თუმცა, მისი წარმოშობის გამო, არც გულისტკივილი დაჰკლებია... მიუხედავად იმისა, რომ უკვე 78 წლისაა, განსაკუთრებული იუმორითა და ეშხით გამოირჩევა...

- ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დახოცეს და სხვა ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამომიყვანეს... თურმე, ჩემი მომავალი დედა მეგობართან ერთად მოვიდა საბავშვო სახლში, სადაც სულ სამი დღის მიყვანილი ვიყავი. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე 50 წლამდე იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ... ქალბატონი როგორც კი შემოსულა, კაბის კალთაზე ვტაცე თურმე ხელი და "დედა" ვუწოდე. ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი... საბავშვო ბაღის გამგეს უთქვამს: ბავშვმა დედა დაგიძახათ და იქნებ წაიყვანოთ, ცოდოაო. ქალბატონი აღშფოთებულა: მეუღლე მეგრელი მყავს და მეგრელები მაგათ "ჩაჩნებს" ეძახიან. სახლში გაგიჟდებიან, არ მიიღებენ ბოშა ბავშვსო... საერთოდ, საქართველოში ბოშები ასოცირდებიან ქურდებთან, უსაქმურებთან, მატყუარებთან და ა.შ. ყველა ერში არიან ქურდებიც და მატყუარებიც, მაგრამ საქართველოში ბოშის მიმართ საოცრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, რაც გულსატკენია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და სახელოვანი ბოშებიც შემხვედრია.

- და მაინც, იმ ქალბატონმა შინ წაგიყვანათ...

- თურმე, ძალიან შევეცოდე. პირველად რომ მოსულა, დამპირებია, - სამ დღეში მოვალ, ახალ კაბას მოგიტან და წაგიყვანო... ეს სამი დღე კარს ვერ მაშორებდნენ. ვიძახდი, - დედა მოვა-მეთქი. მესამე დღეს მართლა მოვიდა და წამიყვანა. ოჯახი ლაღად მზრდიდა. ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს თბილისი ძალიან პატარა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენი ეზო ინტერნაციონალური გახლდათ და ერთმანეთთან ყველა შეხმატკბილებულად ვიყავით. ჩემი მშობლები იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მე კი არა, ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უყვარდა ორივე... ძალიან კარგ სკოლაში შემიყვანეს და ისე აღმზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. ერთადერთი, სულ ვსაყვედურობდი, მუსიკაზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი? პიანინო მთელ უბანში მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ერთხელ მოიყვანეს მუსიკის პედაგოგი და მან თქვა, - ბავშვს ისეთი სმენა აქვს, პედაგოგი აღარ სჭირდება, თავისით ისწავლისო. მართლაც, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი, სტუმრებსაც მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდი. არაჩვეულებრივი ხალხი ჩამოდიოდა ჩვენთან სამეგრელოდან. ახლა ძირითადად, მეგრელები სავაჭროდ ჩამოდიან, მაშინ სასწავლებლად ჩამოდიოდნენ და შემდგომში პროფესორები ხდებოდნენ...

- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?

- ეზოში ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო. პირველად ლამის გავგიჟდი და ეს ანცი გოგო, ძალიან შევიცვალე, მაგრამ შემდეგ ბედს შევეგუე... ჩემი მშობლები სულ იმას შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო... (გაგრძელება)