"მოდიან პატიმრები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?" - ავთანდილ ხურციძის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული ციხიდან - კვირის პალიტრა

"მოდიან პატიმრები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?" - ავთანდილ ხურციძის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული ციხიდან

"საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს"

"მეექვსე ქამარი ცუდად დავცადე, პატიმრობა სცოდნია"

8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობას ედავებიან. "ჩაქუჩა" დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს. "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელბორკილების დადებისას ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორი ძლიერი ხელები აქვსო.

ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედრით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! ამის გაფიქრებაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, ყველა პირდაღებული მიყურებდა. საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

....

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა, ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?

- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს -ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

...

სამწუხაროა, რომ საქართველოში მხოლოდ ცუდზე ამახვილებენ ყურადღებას...

უკრაინაში მაცხადებდნენ ხოლმე, ქართული კრივის ლეგენდაო... ტყუილია?! რაც მე შევძელი, ქართული პროფესიული კრივის ისტორიაში არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია - ექვსი ქამარი მაქვს მოგებული სხვადასხვა ვერსიაში-! მეექვსე ქამარი ცუდად დავცადე, პატიმრობა სცოდნია.

...

სადაც უნდა ვიყო, ჩემი ისტორია უკვე შექმნილი მაქვს და დროა, კინორეჟისორებმა ფილმის გადაღებაზეც იფიქრონ. მე კი არა, კრივის ლეგენდები დაუპატიმრებიათ: მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ბერნარდ ჰოპკინსი, მიგელ კოტო და სხვები...

...

არაფერში ვყოფილვარ გარეული... სამეგობრო წრე? მეგობრები იუდას რომ ჰყავდა, ისეთი უნდა, მაგრამ... თვითონ იყო მოღალატე!

...

დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს.

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?

- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ...  მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.

რატი შელეგია