ჯერ ვერის, მერე სტალინის, ახლა გალაკტიონის ხიდი
" "ქალაქის მთავრობამ ვერის ხიდის მშენებლობისთვის 180.000 მანეთი გამოყო. ხიდი 1885 წლის 10 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. ამ დღეს ხიდზე მოძრაობა უფასო იყო. მეორე დღიდან კი მის გადასაკვეთად - როგორც ბორბლიანი, ისე საპალნე ტრანსპორტისათვის - შაური დაწესდა"
"ვერის ხიდს თავგამოდებით იცავდა ნიკო ნიკოლაძე. მიაჩნდა, რომ სულ მალე ამ ხიდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება"
თბილისს, 1849 წლიდან მოყოლებული 1921 წლამდე, 19 ქალაქისთავი ჰყავდა. მათ შორის სამმა - დიმიტრი ყიფიანმა, ალექსანდრე მატინოვმა და ვასილ ჩერქეზიშვილმა - ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. 1878 წელს ქალაქისთავის თანამდებობაზე დიმიტრი ყიფიანი ალექსანდრე მატინოვ-მათიაშვილმა შეცვალა. მატინოვის ყველაზე კარგი თვისება ის ყოფილა, რომ ოპოზიციურ აზრს განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდა - როგორც ცნობილია, ამ აზრების ავტორი მეტწილად ქალაქისთავის აქტიური ოპოზიციონერი - ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. ამ ორი ნოვატორულად მოაზროვნე ადამიანის სახელს უკავშირდება დედაქალაქში ელექტროტრამვაის შემოყვანა, პირველი სახაზინო თეატრის (ანუ დღევანდელი რუსთაველის სახელობის თეატრის) აშენება, ვერის ლითონის ხიდის აგება, რომელიც დღეისათვის გალაკტიონის ხიდის სახელით არის ცნობილი. როგორ მიმდინარეობდა ვერის ხიდის მშენებლობა, ჩვენი რესპონდენტი, თბილისის ჰამქრის წევრი გოგა ქართველიშვილი მოგვიყვება.
- XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისთვის თბილისის თვითმმართველობამ იმ ადგილებში, სადაც მანამდე ბორანი მოძრაობდა, ხიდების და სხვა საქალაქო ნაგებობების აგება განიზრახა. ამისათვის სესხიც გამოყო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი ხიდის აშენება შეეძლოთ, რადგან იმ დროისათვის მეტის საშუალება ქალაქს აქ ჰქონდა.
ბევრს კამათობდნენ - ვერის ხიდი აეგოთ, თუ მუხრანისა. ვერის ხიდის აგების მოწინააღმდეგენი ამბობდნენ - ხიდისთვის გამოყოფილი ადგილი ქალაქის განაპირასაა და მასზე ნაკლები მოძრაობა იქნებაო. მუხრანის ხიდის მშენებლობის აუცილებლობას კი ციფრებით ასაბუთებდნენ - მუხრანის ქუჩის ბორნის წლიური შემოსავალი 6.000 მანეთია, ვერის ხიდის ადგილას მოძრავი ბორანი წლიურად 8 თუმანს ძლივს ტოვებსო. ვერის ხიდი თავის ხარჯებს ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ ზარალს მოგვცემსო, - ფიქრობდა ქალაქის მთავრობაც.
ვერის ხიდს თავგამოდებით იცავდა ნიკო ნიკოლაძე: მიაჩნდა, რომ სულ მალე ამ ხიდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება. საბოლოოდ, ქალაქისთავმა ნიკო ნიკოლაძის აზრი გაიზიარა.
- რომელ წელს აიგო ვერის ხიდი?
- 1881 წლისათვის ინჟინერ უმანსკის ორივე ხიდის პროექტი დაუკვეთეს, მაგრამ ჯერ ვერის ხიდის აშენებაზე დაიწყეს ზრუნვა. ქალაქის მთავრობამ ხიდის მშენებლობისთვის 180.000 მანეთი გამოყო. ვერის ხიდი 1885 წლის 10 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. ამ დღეს ხიდზე მოძრაობა უფასო იყო. მეორე დღიდან კი მის გადასაკვეთად - როგორც ბორბლიანი, ისე საპალნე ტრანსპორტისათვის - შაური დაწესდა. ქალაქის მთავრობა განმარტავდა, რომ ეს გადასახადი შემოღებულ იქნა ხიდზე დახარჯული თანხის ასანაზღაურებლად და იმედს გამოთქვამდა, რომ ამ გზით ქალაქის ბიუჯეტში წელიწადში 12.000 მანეთი შევიდოდა მოგების სახით. ვერის ხიდზე გადასახადის აკრეფა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე გრძელდებოდა.
ეს ხიდი ლითონის 4 სამსახსრიანი გისოსისებრი რკინის ფორმისაგან შედგებოდა. მისი სიგანე 10,5 მეტრი იყო, აქედან სავალი ნაწილისა - 7,5 მ, ორივე ტროტუარისა 3 მეტრი. ტროტუარები განლაგებული იყო ლითონის კონსოლებზე.
ხიდი ისეთი გაანგარიშებით იყო აგებული, რომ დატვირთული ურმებისა და ფორნების სიმძიმის ატანა შესძლებოდა. რას წარმოიდგენდნენ მისი მშენებლები, რომ ოდესმე ქალაქში ტრამვაი, ტროლეიბუსი ან ავტომობილი ივლიდა...
შემდგომში ძველი ხიდი ვერ უძლებდა თანამედროვე ტრანსპორტის დიდ დატვირთვას - ხშირად სჭირდებოდა შეკეთება, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი დაშლა და ახალი სამმალიანი ხიდის აგება (ინჟინერი ჩომახიძე, არქიტექტორი მელია). ხიდის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული ახლანდელი ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მოწყობაც.
როგორც ტექნიკური მონაცემებიდან არის ცნობილი, ხიდის მთელი კონსტრუქცია 900 ტონას იწონის, მისი მშენებლობისას ამოიღეს 35 ათას კუბური მეტრი მიწა, ჩაასხეს 18 ათასი კუბური მეტრი ბეტონი და რკინაბეტონი, ხოლო მოსაპირკეთებლად ბოლნისის ტუფისგან დაამზადეს 1 500 კუბური მეტრი მოსაპირკეთებელი ქვა.
ხიდი საზეიმო ვითარებაში 1952 წელს გაიხსნა. ამ სიახლესთან დაკავშირებით ჟურნალი "დროშა" წერდა: "უდიდეს დატვირთვას გაუძლებს ახალი ხიდი. იგი ისეა გაანგარიშებული, რომ თავისუფლად შეეძლება 16 ტონის სიმძიმის მანქანების გატარება". 1 წლის შემდეგ იმავე ჟურნალში ვკითხულობთ: "საქართველოს დედაქალაქი ახლა ყოველდღიურად იზრდება, მშვენიერდება, ფერს იცვლის. და რა დიდი პერსპექტივა აქვს მას კიდევ უფრო კეთილმოწყობილ ქალაქად გადაქცევისა! ყველაფერი ეს საბჭოთა ადამიანის კეთილდღეობისათვის ხდება. სტალინის სახელობის ახალი ხიდიც (ვერის ხიდი) ამის დამადასტურებელია. იგი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი კარგი ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალია".
უნდა აღინიშნოს, რომ ხიდმა XXI საუკუნის საცობებსაც გაუძლო. 1999 წლებიდან ხიდს გალაკტიონის სახელი მიენიჭა.
ეკა სალაღაია