ქალები რომლებმაც ავტოსამყარო შეცვალეს - კვირის პალიტრა

ქალები რომლებმაც ავტოსამყარო შეცვალეს

ამბობენ, რომ ავტომობილი კაცის საქმეა, რასაც ბევრი ქალი არ ეთანხმება და სავსებით სამართლიანადაც. მეტიც, ბევრმა მამაკაცმა არც იცის, რომ ქალების გარეშე თანამედროვე ავტომობილები შესაძლოა არც არსებულიყო. სწორედ რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლის ფულით შეიქმნა პირველი ავტომობილი. სწორედ რომ ქალი იყო პირველი, ვინც მანქანით ყველაზე შორ მანძილზე იმოგზაურა. ქალის სახელს ატარებს ავტომობილი, რომელსაც მამაკაცთა უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას. ქალმა გამოიგონა საქარე მინის საწმენდი,  მძღოლები "დვორნიკს" რომ უწოდებენ. მოკლედ ქალია ის, ვინც მამაკაცების სამყარო ამ სფეროშიც წარმატებულად შეცვალა.

 

მერსედეს ელინეკი

KvirisPalitra.Geყველაზე ცნობილი ქალბატონი, რომლის სახელიც ავტომობილების წარმოებას უკავშირდება, მერსედესია. სწორედ მისი სეხნიაა ცნობილი გერმანული მარკის ავტომობილი. სინამდვილეში გოგონას ადრიანა მანუელა რამონა ელინეკი ერქვა, მერსედესს კი მას შინაურები მოფერებით ეძახდნენ, რაც ესპანურად სათნოებას, გულმოწყალებას ნიშნავს.

სხვათა შორის, არანაირი კავშირი ესპანურ წარმომავლობასთან მის ოჯახს არ ჰქონია. მერსედესის მშობლები ებრაელები იყვნენ და ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობდნენ. ისტორიამ მათ შესახებ ისიც შემოგვინახა, რომ მერსედესის დედა წარმოშობით მაროკოდან, ქალაქ ტეტუანიდან ყოფილა, სადაც ებრაული დიასპორა ესპანურის მეზობლად ცხოვრობდა.

მერსედესი ცხრა წლის იყო, როცა მამამისმა, ემილ ელინეკმა ქალიშვილის სახელის გამოყენება საავტომობილო ბიზნესში სცდა. იგი ცნობილი ავსტრიელი მეწარმე და დიპლომატი გახლდათ, მაგრამ 1890 წელს ავტომობილებმა გაიტაცა. დაინახა რა მოძრავ ურიკებსა და ეტლებში დიდი ფულის შოვნისა და დიდების მოხვეჭის პერსპექტივა, ელინეკი გოტლიბ დაიმლერსა და ვილჰელმ მაიბახს დაუკავშირდა და მათი ავტომობილების რეალიზაცია შესთავაზა ნიცაში, სადაც იმხანად ავსტრია-უნგრეთის კონსულად მუშაობდა. შვილის სახელს ელინეკი იყენებდა როგორც ფსევდონიმს KvirisPalitra.Geავტორბოლაში ანონიმურად მონაწილეობისთვის. "მუსიე მერსედესის" გამარჯვებებმა დიდება მოუტანეს როგორც ელინეკს, ასევე დაიმლერის წარმოებას. ემილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

გოტლიბ დაიმლერის გარდაცვალების შემდეგ, 1902 წელს კომპანიამ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახელის მქონე "მერსედეს 35 HP" მოდელი გამოუშვა. 1902 წელს პარიზში გამართულ გამოფენაზე ელინეკი თავად ახდენდა ახალი ავტომობილის პრეზენტაციას, გვერდს კი მისი ქალიშვილის დიდი პორტრეტი უმშვენებდა. სხვათა შორის, დღემდე შემონახულია ყველაზე ძველი მერსედესი - Mercedes Simplex, რომელიც 1902 წლით თარიღდება.

ავტომობილის მოდელის სახელი სამარკო ნიშნად მხოლოდ 1962 წელს იქცა, როცა დაიმლერისა და მაიბახის ფირმა DMG და კომპანია Benz & Cie-სთან გაერთიანდნენ. ახალი კომპანია ბაზარზე Mercedes-Benz-ის სახელით გამოჩნდა.

ბერტა ბენცი

KvirisPalitra.Geთუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო. სწორედ მისი კაპიტალი გახდა საფუძველი კარლ ბენცის ბიზნესისთვის და მან აქცია ავტომობილი გასართობი, მაგრამ უსარგებლო ტექნიკური ნივთიდან პრაქტიკული გამოყენების საგნად.

22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. არადა, წარმოების საქმე ცუდად მიდიოდა და სწორედ ფროილაინ რინგერის ფულმა გადაარჩინა გაკოტრებისგან. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰვა ცოლად.

ბერტა მედგრად ედგა გვერდში ქმარს და ამხნევებდა მაშინ, როდესაც კარლ ბენცს სულელსაც კი უწოდებდნენ და არ დაანება, უარი ეთქვა თვითმოძრავი ეკიპაჟის პროექტის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა მათი ოჯახის მთელ ბიუჯეტს იწირავდა. სწორადაც მოიქცა, მან არა მარტო დიდება მოუტანა მის კომპანიას, არამედ თავად შევიდა მანქანათმშენებლობის ისტორიაში.

1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდნენ) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა.

KvirisPalitra.Geმანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით. გზად ავტომობილს საწვავი გამოელია და ქალმა აფთიაქში საწმენდი საშუალება ლიგროინი (ნავთობპროდუქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბენზინისა და დიზელის ძრავისთვის) იყიდა. შემდეგ ეტლს ტყავის სამუხრუჭე შალითები გაუცვდა და ფრაუ ბენცმა მეწაღეს მიმართა დასახმარებლად. გაწყდა ამძრავი ჯაჭვიც და მსოფლიოში პირველმა ავტომობილისტმა ქალმა ახლა მჭედელთან შეიარა. გზადაგზა ბერტა ხალხს უხსნიდა, თუ რა მოსახერხებელია ავტომობილი... სხვათა შორის, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Motorwagen-მა ქალებზე მოახდინა.

ფრაუ ბენცი იმ დროისთვის შესაშური ტექნიკური საზრიანობითაც გამოირჩეოდა. როდესაც საწვავის მილში რაღაც გაიჭედა, ბევრი არ უფიქრია, თმიდან სამაგრი გამოიძრო და მილი გაწმინდა. ხოლო როდესაც ეტლში ჯდომისას დენის მცირე დარტყმა იგრძნო, სადენის ცვეთის ადგილი იპოვა და თავისი წინდის რეზინის სამაგრისგან იზოლაცია გააკეთა.

მცირესიმძლავრიან ეტლს არ შეეძლო დამოუკიდებლად ციცაბო აღმართების დაძლევა. დროდადრო ქალი იძულებული იყო, გადმოსულიყო ეტლიდან და თავად მიწოლოდა. მოგვიანებით კი მეუღლეს ურჩია, ეტლისთვის მეორე სიჩქარეც დაეყენებინა.

მოკლედ, ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს Motorwagen-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი Velo. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა...

მერი ანდერსონი

KvirisPalitra.Geამ ქალის სახელი დღეს თითქმის არავისთვის არის ცნობილი. არადა, ნებისმიერი მძღოლი ყოველდღე სარგებლობს მისი გამოგონებით. ამერიკელმა მერი ანდერსონმა მინის საწმენდები გამოიგონა და თავისი გამოგონება 1903 წელს დააპატენტა. პირველი "დვორნიკები" მექანიკური იყო და შედგებოდა სახელურისგან, რომელიც რეზინის ლილვს ატრიალებდა.

საქარე მინის მანქანიდან გადაუსვლელად გაწმენდის იდეა მერი ანდერსონს მშობლიური ალაბამიდან ნიუ-იორკში ზამთარში მგზავრობისას მოუვიდა თავში. ქალმა შენიშნა, რომ სიცივეში, ქარსა და თოვლში მძღოლებს გადაადგილება უჭირდათ - ვერაფერს ხედავდნენ ნალექისგან დაბურულ საქარე მინებს მიღმა.

მთელი წლის განმავლობაში ხაზავდა, აწყობდა და ცდიდა მერი თავის საწმენდებს... თავდაპირველად ქალი ცდილობდა წარმოების უფლება ერთ-ერთი კანადური კომპანიისთვის მიეყიდა, მაგრამ მისი წინადადება უარყვეს. ავტომწარმოებლებიც არ ჩქარობდნენ ანდერსონის საქარე მინის საწმენდების ავტომობილებისთვის დაყენებას.

1920 წელს, როგორც კი პატენტის მოქმედების ვადა ამოიწურა, მწარმოებლებმა მაშინვე დაიწყეს ავტომობილების აღჭურვა "დვორნიკებით", რომლებიც ანდერსონის ნახაზის მიხედვით იყო დამზადებული. თუმცა გამომგონებელს ავტომწარმოებლებისგან გროშიც არ მიუღია. მერი ანდერსნი 1953 წელს გარდაიცვალა, როცა მისი იდეის გარეშე წარმოუდგენელი იყო ავტომობილების წარმოება...

ქალები კაცურ რბოლებში

გაცილებით უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს მრბოლელმა ქალებმა. საავტომობილო ეპოქის გარიჟრაჟზე სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცების მხარდამხარ მონაწილეობდნენ. 1901 წელს, იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბურ ავტორბოლაში - გარბენში პარიზი-ბერლინი მონაწილეობდა პირველი მრბოლელი ქალი კამილა დიუ გრასი.

KvirisPalitra.Geჩეხი ელიშკა იუნკოვა ავტოსპორტმა სერიოზულად გაიტაცა. 22 წლის ასაკში ბანკირმა ქმარმა მას ავტომობილი Bugatti Type 30 უყიდა, რომლითაც რბოლაში მონაწილეობდა. ექვსი წლის განმავლობაში მან სხვადასხვა შეჯიბრებაზე 56 ჯილდო მოიპოვა.

ელიშკა იუნკოვა იყო პირველი ქალი, რომელმაც გამარჯვების მოეპოვება შეძლო და გრანპრის მფლობელი გახდა ნიურბურგრინში გამართულ რბოლაში. ბედის ირონიით, სწორედ ამ ტრასამ დაუსვა წერტილი მის კარიერას - 1928 წელს ამ ტრასაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი მეუღლე ვინცენც იუნეკი.

ტრაგედიის შემდეგ ელიშკამ გადაწყვიტა, რბოლებში მონაწილეობა აღარ მიეღო, თუმცა გარდაცვალებამდე რბოლების აზარტული გულშემატკივარი დარჩა.

ელიშკასა და კამილას საქმე წარმატებით განაგრძო ლეგენდარული სტირლინგ მოსის დამ პატრიცია მოსმა. თავადაპირველად ეს ქალბატონი ჯირითით იყო გატაცებული, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, 13 წლის ასაკში Land Rover-ის საჭეს მისჯდომოდა.

ძმის დიდებამ მისცა შანსი, რბოლაში ეცადა ბედი. სტირლინგისგან განსხვავებით, პატრიცია მონაწილეობდა არა წრიულ რბოლებში, არამედ რალიში. პატრიცია მოსი თორმეტჯერ გახდა პირველი ადგილის მფლობელი სხვადასხვა დროს ქალებს შორის გამართულ შეჯიბრებებში.

ბოლო წლების ავტოსპორტში კი ოთხი ქალის სახელი ბრწყინავს. მათ შორის პირველი იუტა კლაინშმიდტია, რომელიც გერმანულმა პუბლიკამ 2001 წელს მიხაელ შუმახერსაც კი ამჯობინა. ის გახდა პირველი გამარჯვებული ქალი დაკარში. დაკარით სხვა მრბოლელი ქალიც არის გატაცებული - ელენ ლორი, რომელიც რალიში ფორმულა 3-დან მოვიდა, სადაც მას მეორე ადგილი ეკავა. ამერიკაში კი თავისი ვარსკვლავები ჰყავთ - სარა ფიშერი და დანიკა პატრიკი. სარა ფიშერი 2000 წელს გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა საპრიზო ადგილი პრესტიჟულ რბოლაში Indianapolis 500.

სხვათა შორის, ის იმ დროს მხოლოდ 19 წლის იყო და ამ შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ. დანიკა პატრიკმა კი იმით გაითქვა სახელი, რომ 2008 წელს გამარჯვება მოიპოვა რბოლაში სერიიდან IndyCar. მანამდე ეს ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო.

ქალების გავლენა თანამედროვე ავტოწარმოებაზეც იგრძნობა. სწორედ ქალების გამოგონებაა ავტომობილის სავარძლების, სარკეების, საჭისა და პედალის ავტომატური რეგულირება - ის ძირითადი ფუნქციები, რომლითაც დღეს ყველა თანამედროვე ავტომობილია აღჭურვილი.

ქალების პოტენციალი ავტოწარმოებაში რამდენიმე წლის წინ დამსახურებულად შეაფასა ცნობილმა ტოპმენეჯერმა კარლოს გონმა. მისი გადაწყვეტილებით, კომპანია Nissan-ში თანამშრომლების მიღებისას უპირატესობა ქალებს მიენიჭებოდათ.

როგორც სტატისტიკამ ცხადყო, კომპანიის კლიენტები სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებთან არჩევდნენ ურთიერთობას.

ასე რომ, მამაკაცებო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალებმა ჯერ კიდევ საავტომობილო ერის პირველი დღეებიდან ავტოინდუსტრიას ბევრი სარგებელი მოუტანეს.

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა