დავით უსუფაშვილი მაიკ პენსთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ისაუბრებს - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი მაიკ პენსთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ისაუბრებს

"საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლების დემოკრატიული პოტენციალი არ არის ის მაქსიმუმი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია"

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ისაუბრებს.

დავით უსუფაშვილი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება, აცხადებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საერთო პრიორიტეტია.

"ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კონცეფციაა "ამერიკა პირველ რიგში“, ჩვენი კონცეფციაა "საქართველო პირველ რიგში“. ამ მიზნების რეალიზებისთვის ორი ქვეყნის ინტერესები არის სრულ თანხვედრაში. ხვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ პენსთან მე მექნება საუბარი სამ ძირითად საკითხზე. პირველ რიგში, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა აღმოსავლეთით მთელს კონტინენტზე საქართველო არის აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორი და ეს რეალობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლების დემოკრატიული პოტენციალი არ არის ის მაქსიმუმი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე ამას დავამტკიცებთ. საამისოდ კი გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მეტი დახმარება, რათა საკონსტიტუციო თუ სხვა პროცესებში დაცული იყოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტები. და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკური ძლიერება და მოქალაქეების კეთილდღეობა არის აუცილებელი წინაპირობა, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ღირსეული და საიმედო პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ორივე მხარის ინტერესებშია საქართველოს გაძლიერებისთვის კომპლექსური და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, გარკვეულწილად "მინი მარშალის გეგმა“, რისი პრეცედენტებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.