მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მხედველობის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობის მიზნით ტრენინგებს ატარებს - კვირის პალიტრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მხედველობის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობის მიზნით ტრენინგებს ატარებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მხედველობის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თემატურ ტრენინგებს ატარებს.

თემატური ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირების სწავლების საკითხებზე შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა სპეციალისტმა, რომელიც ასწავლის ან მუშაობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან ან სტუდენტთან, ასევე უსინათლო ან მცირემხედველი ბავშის მშობელმა.

“ტრენინგები მოიცავს რამდენიმე მოდულს. პირველი მოდულია - ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს როგორც თავად ბრაილის სისტემის გამოყენებით წერა-კითხვის დაუფლებას, ასევე მისი სწავლების მეთოდების უსინათლო ბავშებისთვის სწავლებას; მეორე მოდულია - მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება, როგორიცაა მცირემხედველი ბავშვებისთვის გარემოს მორგება, დამხმარე საშუალებების გამოყენება, სწავლების სტრატეგიების შერჩევა. მესამე მოდულია - მობილობის ინსტრუქტორების მოსამზადებელი ტრენინგ-მოდული, რომელიც, თავის მხრივ, მობილობის ინსტრუქტორებს ეხმარება უსინათლო ან მცირემხედველ ადამიანებს გაუწიონ შესაბამისი დახმარება-დატრენინგება. იმ შემთხვევაში, თუ გავლილი ტრენინგი საკმარისი არ არ აღმოჩნდება, მასწავლებელთა ცენტრი ინდივიდუალური კონსულტირებისთვის ადგილზე აგზავნის კონსულტანტს, რომელიც აფასებს კონკრეტულ სიტუაციას და აძლევს რეკომენდაციებს სკოლას, მასწავლებელს, მშობელს - როგორ მოარგოს გარემო, რა დამხმარე საშუალებები და სწავლების სტრატეგიები გამოიყენოს იმისთვის, რომ სწავლა უფრო ადვილი გახდეს კონკრეტული უსინათლო ან მცირემხედველი ბავშვისთვის“, - აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური განათლების კონსულტანტი ჟანა კვაჭაძე.

მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში არცერთი საგანმანათლებლო უწყება არ ამზადებს განათლების სპეციალიტებს და რეაბილიტატორებს მხედველობის დარღვევების დარგში.

“წლების წინ საქართველოში გამოჩნდნენ გერმანელი სპეციალისტები, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით ითანამშრომლეს ბათუმის 202-ე უსინათლოთა სკოლასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანთან“ და მოამზადეს მობილობის ინსტრუქტორები და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები. შესაბამისად, ქვეყანაში უკვე გვყავს სპეციალისტები, რომლებიც დღეს თავად ატარებენ ტრენინგებს მობილობის ინსტრუქტორების მოსამზადებლად. აღნიშნული ტრენინგები გახლავთ ორდონიანი (60-საათიანი) და მის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერივნულმა ცენტრმა 14 ინსტრუქტორი მოამზადა. აღსანიშნავი, რომ მომზადების პროცესი არ დასრულებულა და ამ ეტაპზე ინსტრუქტორებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, ცენტრი უსინათლო ადამიანებს გამოუყოფს მობილობის ინსტრუქტორს, რომელიც კონკრეტულ გარემოში ხვდება უსინათლო პირს და მასთან ერთად განიხილავს არსებულ პრობლემებს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს და სამუშაო გეგმას. ამის შემდეგ უსინათლო პირის საჭიროებისა და ინტერესიდან გამომდინარე წარიმართება მუშაობა - ინსტრუქტორმა უსინათლო პირს შეიძლება ასწავლოს ხელჯოხის გამოყენება, ტრანსპორტის მოხმარება, მაგ. სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება; სამსახურის, სასწავლებლის გარემოში ორიენტირება და სხვა“, - აღნიშნავს ჟანა კვაჭაძე.

დღეს უსინათლო ადამინისთვის უფრო მეტად შესაძლებელია დასაქმება, პროფესიულში ან უმაღლესში ჩარიცხვა, თუნდაც გართობა, მოგზაურობა და ა.შ. ვიდრე ეს წლების წინ იყო. განსხვავებით სხვა ადამიანებისგან, უსინათლო ადამიანს სჭირდება ძალიან სპეციფიური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ის ახალ გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირდეს და შეუფერხებლად ისწავლოს ან იმუშაოს. ჟანა კვაჭაძის თქმით, აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.