არსებობდა კი რობინ ჰუდი სინამდვილეში?
უკვე 800 წელია, ინგლისელები ერთმანეთს ედავებიან, როგორი იყო რობინ ჰუდი, ან არსებობდა კი ეს ყმაწვილი? ამჯერად, რობინ ჰუდზე გაუთავებელი კამათი უფრო გაამწვავა ინგლისში ამ ლეგენადრულ გმირზე გამოსულმა კიდევ ერთმა წიგნმა. ავტორმა დაკვირვებით შეისწავლა რობინ ჰუდის შესახებ ადრე დაწერილი წიგნები (ისინი XV-XVI საუკუნეებით თარიღდება) და გამაოგნებელი დასკვნა გააკეთა: თურმე რობინი არა მარტო ართმევდა მდიდრებს ფულს და აძლევდა ღარიბებს, არამედ ხშირად ამ ფულს აპროცენტებდა კიდეც.
წიგნში აღწერილია ეპიზოდი, თუ როგორ მივიდა ერთხელ ჰუდთან ვიღაც რაინდი და 400 გირვანქა სტერლინგი თხოვა სესხად, თან დაპირდა, ერთ წელიწადში თავანს სარგებლით დაგიბრუნებო. რობინს მაშინვე უბრძანებია თავისი ერთგული პატარა ჯუდისთვის, რაინდისთვის ფული მიეთვალა...
რობინ ჰუდის ამ ახლებურმა წაკითხვამ ბრიტანეთის კუნძულებზე დიდი ალიაქოთი გამოიწვია. ეს ბიჭი არც ისეთი მამა აბრამის ბატკანი ყოფილა, როგორც გვეგონა. აბა, რა ჰქვია კაცს, რომელიც გაქნილ მევახშესავით იქცეოდაო, - ბობოქრობს რობინ ჰუდის სპეციალისტი დევიდ ნორტრლიფი, თუმცა დასძენს, - არ მჯერა ამ ვერსიისაო. ამ ვერსიის არც ინგლისური ლიტერატურის პროფესორ ჰელენ ფილიპსს სჯერა: - რობინ ჰუდისთვის მევახშეობის დაბრალება, მასზე დაწერილი პირველი წიგნების ტექსტების ძალზე თავისუფალ ინტერპრეტირებას ნიშნავსო. ასეა თუ ისე, რობინ ჰუდის ინტერპრეტაცია კიდევ ბევრჯერ მოხდება. ძნელად თუ მოიძებნება სხვა ისეთი გმირი, რომელზეც ამდენი ფილმი შექმნილიყო. პირველად კინემატოგრაფმა 1912 წელს მიმართა ამ თემას. მას შემდეგ ამ "კარგი ბიჭის" შესახებ ფილმებს ყველა ქვეყანაში იღებენ. ვის არ მოუზომია რობინ ჰუდის სამოსი - შონ კონერსაც და კევინ კოსტნერსაც. ახლა კი რასელ ქროუ ასახიერებს სახალხო გმირს.
"რობინ ჰუდის ინტერპრეტირებას კვლავაც აგრძელებენ და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, რადგან არ მოიძებნება მისი არსებობა-ცხოვრების დამადასტურებელი არც ერთი საბუთი. უცნობია, როგორ გამოიყურებოდა, ან რამდენი წლისა იყო. ყველგან - ყველა წიგნში, სურათებზე, ღია ბარათებზე, გულსაკიდებსა თუ გულსაბნევებზე, ქანდაკებებში - ის სხვადასხვანაირად არის ასახული. ზოგან 16-18 წლისაა, ზოგან წვეროსანი ჭარმაგი, ან უწვერულვაშო შუახნის კაცი. ეგ არის - მშვილდ-ისარი ყველას ხელში უჭირავს. "რა გახდა ისეთი, რომ ვერცერთმა ჩემმა წინამორბედმა რობინის დაჭერა ვერ მოახერხა", - ეცინება ნოტინგემის შერიფს ლეონ ანჩერს. სწორედ ნოტინგემსა და მის შემოგარენში დათარეშობდა რობინ ჰუდი.
ხუმრობა იქით იყოს და, ბრიტანეთის კუნძულებზე დღემდე მარჩიელობენ, არსებობდა კი რობინ ჰუდი სინამდვილეში? ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ასეთი თავზეხელაღებული ყმაწვილი ინგლისში მეფე რიჩარდ ლომგულის დროს, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. შერვუდის ტყეში თავისნაირ მამაცთა რაზმი შეკრიბა და ღარიბ ხალხს იცავდა ბოროტი ხელისუფლებისგან, ოღონდ სახელად რობერტ გოდი ერქვაო. ყოველ შემთხვევაში, ამ კაცის გვარ-სახელი იმდროინდელ სასამართლო საბუთებში დაფიქსირებულია. ამ თეორიის მომხრეებს რობინ ჰუდის სახელი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამოჩენილ ადამიანთა ენციკლოპედიაშიც უნდოდათ შეეტანათ, მაგრამ სათანადოდ ვერ დაასაბუთეს ეს წინადადება.
მავანნი ირწმუნებიან, რობინ ჰუდი ხალხის მიერ გამოგონილი გმირიაო, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც არ ეეჭვებათ, რომ რობინ ჰუდი არსებობდა, არსებობს და იარსებებს! ეს ნოტინგემის 667-ათასიანი მოსახლეობაა. ამ ქალაქში რობინზე, როგორც უახლოეს მეგობარზე, ისე საუბრობენ. ის იქ ყველგანაა. ნახავთ პაბს, სადაც რობინს მეგობრებთან ერთად თითო ჭიქა ლუდის დალევა უყვარდა; აქვეა ეკლესია, სადაც მანე მერიონთან ჯვარი დაიწერა; გამოქვაბული, სადაც ის ნოტინგემის საზიზღარ შერიფს ემალებოდა და ბოლოს, შერვუდის ტყე - ადგილი, რომელიც რობინსა და მის რაზმს საკუთარ სახლად მიაჩნდათ.
დღეს ეს ტყე ნაკრძალად არის ქცეული. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდებული მუხაა, რომლის ქვეშაც იკრიბებოდნენ ჰუდი და მისი მეგობრები.
რატომ არის რობინ ჰუდი ასეთი პოპულარული მსოფლიოში? პასუხი ერთია - ის წესიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ეს კი ყველგან და ყოველთვის დაფასებული იყო, - ამბობს ნოტინგემის ცნობილი მსახიობი, რობინის როლის შემსრულებელი ეიდ ენდრიუსი.
მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა