მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს - კვირის პალიტრა

მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

"ამერიკული მხარე თვლის, რომ ხალხი არის ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რაიმე ექსცესი მოხდეს"

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად უსაფრთხოების კუთხით სრულიად მზად არის. მისი თქმით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველა სტრუქტურაა ჩართული.

”სრულიად მზად ვართ ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად. ყველა სტრუქტურა ჩართულია სამუშაოებში. ყველანი მობილიზებულები ვართ და ქალაქში არის დაცვის საკმაოდ მაღალი უზრუნველყოფა. რუსთაველის გამზირი იკეტება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან ხვალ 16:00 საათამდე, ასევე შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს მივმართეთ და დღეს იქ ვერც ერთ ავტომობილს ვერ ნახავთ.

არავითარი საფრთხე არ არის და არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

ამასთან, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პენსის დასახვედრად მივიდნენ მოქალაქეებიც. მათ თავდაპირველად გაიარეს შემოწმება და აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუმცა, მოგვიანებით მათ ტერიტორია დაატოვენინეს. როგორც ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, ეს ამერიკული მხარის მოთხოვნით მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, დაბრუნდებიან თუ არა ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე.

”ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის საკითხი. ამერიკული მხარე თვლის, რომ სრულად არ არის დაცული ექსცესისგან ეს ღონისძიება. ახლა მიმდინარეობს ამის განხილვა და შესაძლოა ეს ადამიანები დააბრუნონ აეროპორტის ტერიტორიაზე. ამერიკული მხარე თვლის, რომ ხალხი არის ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რაიმე ექსცესი მოხდეს”, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მოქალაქეები ამ დროისთვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"