დიდებულთა სამოსელი და ოქროს ხანა - კვირის პალიტრა

დიდებულთა სამოსელი და ოქროს ხანა

როგორ განსხვავდება გიორგი დადიანისა და შერგილ დადიანის სამოსი ხობის ფრესკებზე

ხობის ტაძარს ძველი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. იგი ხობის მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შედის და ყურადღებას იპყრობს უძველესი ჩუქურთმებითა და ფრესკებით, რომლებიც საგრძნობლად არის დაზიანებული. აქ არსებობდა საწინამძღვრო, საეპისკოპოსო, აგრეთვე კათალიკოსის რეზიდენცია...

უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია დასახელებული, გახლავთ ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებული არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელში ნათქვამია: "ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა".

ხობის ტაძარი ისტორიული ფიგურის, ცოტნე დადიანის მამის – შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რაკი ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გაგზავნა.

ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის პირველ ნახევარზე მოდის.

გიორგი დადიანის ფრესკა ხობის ტაძარში

* * *

უაღრესად საინტერესოა ხობის ტაძრის ერთი ფრესკული წარწერა. ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, და იქვე მხედრულად წერია:

ამ:. საყდრისა:. აღმაშენებ(ე)ლი:. ერის

თავთ:. ერისთავი:. და მანდატორ

რთ:. უხუცესი:. დადიანი გ

ირგი:. შეუნდს:. ღმ

თმნ:. ამინ

ტაძრებში ისტორიული პირების ამგვარად გამოსახვა, ძირითადად, მიგვანიშნებს მათზე, როგორც ტაძრის მშენებლებზე, ან როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიების გამტარებელ პირებზე. მაგალითად: ბაგრატ III ბედიაში, დავით აღმაშენებელი გელათში, ლევან II დადიანი (1611-1657) წალენჯიხაში და სხვ. წარწერაში მოხსენიებული გიორგის ვინაობის შესახებ გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება: ერთი აზრი, რომელიც შეიძლება დაგვებადოს, ის არის, რომ ეს გიორგი ლევან II-ის ბიძაა. იგი კარგად არის ცნობილი მისი თანამედროვე წყაროებიდანაც, თუმცა, როგორც აღნიშნა თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა, ეს მოსაზრება უკუსაგდებია. ამგვარი ტიტულატურა – მანდატურთუხუცესი და ერისთავთ-ერისთავი – XVII საუკუნისთვის სრულიად შეუფერებელია. ლევან II-ის ბიძა გიორგი ყველა დოკუმენტში ლიპარტიანად იწოდება, ასე აწერია წალენჯიხის ერთ-ერთ ეკვდერში მოთავსებულ მის პორტრეტსაც – "ლიპარტიანი ბატონი გიორგი".

ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს გიორგი დადიანი ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახული პირების: შერგილ, ნათელა და ცოტნე დადიანების თანამედროვე უნდა იყოს, მაგრამ, როგორც მეცნიერი მიიჩნევს, აქ კოხტასთაველი გმირის ოჯახთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ხობის ტაძრის ეს პორტრეტები სხვა ცოტნესა და მის მშობლებს გამოხატავენ. მეცნიერი თავის მოსაზრებას წალენჯიხის ხატის წარწერით ასაბუთებს, სადაც ნათქვამია: "ვამკობთ ჯუარსა შენსა მაცხოვარო წალენჯიხისაო, მინდობილნი შენნი: მანდატურთ-უხუცესი: დადიანი ბედანი და მე ძე მათი, მეორედ მამკობი დადიანი გიორგი, და მე დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი ნათელ, მესამედ მამკობნი ხატისა თქუენისა".

რატი სურამელი ვარძიის ფრესკაზე

ვახტანგ ბერიძის აზრით, ამ წარწერაში ერთად მოიხსენიებიან ის სახელები, რომლებიც ხობში შემონახულია და აქამდე ვერ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. იგი ფიქრობს, რომ ზემოხსენებული გიორგი არის ბედან II-ის (1260-1290) ძე, ბედანი კი თანამედროვეა დავით ნარინისა (1245-1293). ისინი ერთად მოიხსენიებიან ხობის ღმრთისმშობლის ხატის წარწერასა და ჟამთააღმწერლის თხზულებებში, ამიტომ მეცნიერი შერგილ დადიანსა და მის მეუღლე ნათელს, აგრეთვე, გიორგი ბედანის ძეს, XIII საუკუნის II ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის მოღვაწეებად მიიჩნევს. ამავე პერიოდში აქცევს ფრესკაზე გამოსახული ყმაწვილი ცოტნეს ცხოვრებასაც.

ჩვენი კვლევა განსხვავებული მოსაზრების გამოხატვის საშუალებას გვაძლევს და ამ შემთხვევაში, ყურადღებას ქტიტორთა ჩაცმულობაზე ვამახვილებთ. ვფიქრობთ, ხობის ფრესკებზე გამოსახულ პირთა სამოსი კარგად ასახავს შესაბამის ეპოქებს. სამეგრელოს ერისთავთ-ერისთავ შერგილ დადიანს ხობის ფრესკაში თითქმის ისევე აცვია, როგორც ვარძიის ფრესკაზე გამოსახულ რატი სურამელს. ამ შემთხვევაში მამაკაცის კაბა წელზე მომდგარია და ბოლოში ოდნავ იშლება. სახელოები და კაბის საპირეები მთლიანად ოქროსფერ ქსოვილზე შესრულებული ნაქარგობითაა შემკული. დადიანს მკლავის ნაქარგობაზე თითქოს არაბული წარწერა მოუჩანს. ეს ე.წ. კუფური წარწერაა, რომელსაც იმ პერიოდის ქართულ ქსოვილზე დაკარგული ჰქონდა პირველადი ფუნქცია და მიუხედავად ასოთა მოხაზულობის შენარჩუნებისა, წმინდა დეკორატიულ ხასიათს ატარებდა. ასეა ეს როგორც დადიანის, ისე რატი სურამელის ფრესკაზეც. რატის მოღვაწეობის პერიოდი დანამდვილებით ცნობილია და იგი XII საუკუნის II ნახევრითა და XIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს ერისთავთ-ერისთავის სამოსი უფრო ადრეულ ეპოქასთანაც პოულობს პარალელებს, კერძოდ რაჭაში, ზემო კრიხის ეკლესიაში გამოსახულ XI საუკუნის ქტიტორებთან, ვაჩიანებთან. ხობში გამოსახულ შერგილს ქუდიც სურამელის მსგავსი, მაღალი და ოდნავ წაწვეტებული ახურავს.

ხობის ეკლესია

გიორგი დადიანის ფრესკაზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა ცხადი განსხვავება დაინახო მის ჩაცმულობასა და სამხრეთ კედელზე გამოსახულ დადიანების სამოსს შორის. ცხადია, რომ გიორგის თანადროულ ეპოქაში ჩაცმულობის სტილი სრულიად შეცვლილია. ერისთავს მოყავისფრო, გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით დამშვენებული სამოსი აცვია. ექვთიმე თაყაიშვილი მას ხალათის მსგავსს უწოდებს. შიგნიდან დადიანს უსაყელო თეთრი ქსოვილის პერანგი მოსავს, ასეთივე ფერის ქამარი სადად არის შეკრული. ერისთავთ-ერისთავის თეთრი, მომრგვალებული ქუდი აგებულებით სვანურს წააგავს. ჩვენი აზრით, იგი მატყლის ქსოვილისგან იქნებოდა შეკერილი. როგორც ცნობილია, საქართველოში სელის შემდეგ ყველაზე მეტად გავრცელებული სწორედ მატყლის ქსოვილი იყო. მის ერთ-ერთ სახეობას ფიჩვი ერქვა და მონაზონს ამიტომაც უწოდებდნენ ფიჩოსანს. ეს ტერმინი გვხდება IX-X საუკუნეების ბოლნისის წარწერაში და გიორგი მთაწმინდელის XI საუკუნის თხზულებაში. ერთი სიტყვით, გიორგი დადიანის ქუდი ისეთივე წაწვეტებული აღარ არის, როგორც რატი სურამელის XIII საუკუნის ან ვაჩიანების XI საუკუნის ფრესკებზე ჩანს.

შერგილ დადიანი – დედანი, დაცულია ეროვნულ მუზეუმში

გიორგის სამოსი მსგავსებას უფრო ავლენს რაჭის ერისთავ შოშიტას XIV საუკუნის და ამავე ეპოქის კიდევ ერთი ქტიტორის, შალვა ქირქიშლიანის ჩაცმულობასთან. ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, დადიანს მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტანსაცმელი ეცვას. ვფიქრობთ, XIV საუკუნის საქართველოში, ისევე როგორც ბიზანტიაში, მოხელენი უწყებათა მიხედვით განიყოფოდნენ და თითოეულ უწყებას თავისი განსხვავებული სამოსელი ჰქონდა. გიორგის ხალათის მსგავსი კაბა მანდატურთუხუცესის წოდებაზე უნდა მიუთითებდეს. იგი ძვირფასი ქსოვილისგან იქნებოდა შეკერილი და როგორც ჩანს, მთლიანად მოქარგული იყო, სავარაუდოდ, ოქრომკედით. მთავარი კი ის არის, რომ ქართველ დიდებულთა ტანსაცმელი XIV საუკუნეში უკვე შესამჩნევად შეცვლილა. თუ XIII საუკუნეში უფრო პოპულარული სადა ქსოვილი და წაწვეტებული ქუდები იყო, საუკუნის შემდეგ, ქსოვილი უფრო მრავალფეროვანი და დაჩითული გახდა, ქუდის ფორმაც მომრგვალდა. ამდენად, გიორგი დადიანი ჩაცმულობით უფრო XIV საუკუნის მოღვაწეს ჰგავს, შერგილ და ნათელი დადიანების ქვემოთ მდგარი ყმაწვილი ცოტნე დადიანის ჩაცმულობა და წაწვეტებული ქუდი კი XIII საუკუნეზე უნდა მიუთითებდეს.

შერგილ დადიანი – ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცული ასლი

ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილ აღაპში, შერგილ და ნათელის მოსახსენიებელთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მდივან-მწიგნობარს ხობის წინამძღვრის ეგნატეს მოსახსენიებელიც ჩაუწერია. პროფესორი ელენე მეტრეველი აღაპებს XIV საუკუნით ათარიღებს. თუ ამ გარემოებას გავიზიარებთ, გამოდის, რომ ეგნატესაც ამ პერიოდში უღვაწია, თუმცა ხობში ამ დროს სულ სხვა ვითარებაა. XIV-XV საუკუნეებში აქ უკვე საეპისკოპოსო არსებობს და ცნობილია კიდეც XIV საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის, ილარიონისა და XV საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის, საბა ეპისკოპოსის სახელები. ამიტომ, ვფიქრობთ, შეუსაბამოა მანდატურთუხუცესსა და ერისთავთ-ერისთავთან ერთად, ხობელი წინამძღვრის მოხსენიება იმ პერიოდში, როცა ხობის საეპისკოპოსო საყდარში უკვე ეპისკოპოსი ზის.

ცოტნე დადიანი ხობის ტაძარში წარმოდგენილ რეპროდუქციაზე

ერთი სიტყვით, მართებულად არ მიგვაჩნია მოსაზრება, რომ ხობში გამოსახული შერგილის ოჯახის პორტრეტი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე ადრინდელი არ შეიძლება იყოს. პირიქით, ქტიტორთა ჩაცმულობა და ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებული სასულიერო პირის ვინაობა სწორედაც მიუთითებს, რომ ხობის ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახული პირები კოხტასთავის შეთქმულების გმირის, ცოტნე დადიანის ოჯახია და ეს მხატვრობა XIII საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს. და მათ ვერაფრით დავუკავშირებთ ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულ ერისთავთ-ერისთავსა და მანდატურთუხუცეს გიორგი დადიანს. ეს, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა იყოს XIV საუკუნის II ნახევრის მოღვაწე გიორგი II დადიანი (1345-1384).

ხობის ეკლსია

* * *

წარწერაში გიორგი "საყდრის აღმაშენებლად" მოიხსენიება. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, "ეს დადიანი პირველი მაშენებელი არ არის ხობის ეკლესიისა და ეს შეუძლებელიც არის, ვინაითგან …ხობში დაცულია XIII საუკუნის ფრესკა შერგილ დადიანისა. გიორგი II-ს უნდა მიეწეროს, ჩვენი აზრით, იმ ღია შტოის მიშენება, რომელიც უვლის ხობის ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით". აქედან გამომდინარე, გიორგის მართლაც შენობის დამწყებად ვერ მივიჩნევთ. შესაძლებელია, გიორგი II-მ ხობის ტაძარს რესტავრაცია გაუკეთა, ან კიდევ გალერეები მიაშენა. ყოველ შემთხვევაში, მის სახელს აქ მნიშვნელოვანი ძვრები უკავშირდება, თუმცა აუცილებელი არ არის, საყდრის აღმშენებლობა მაინცდამაინც ხუროთმოძღვრული კომპლექსის მშენებლობას დავუკავშიროთ – ძველ ქართულში "საყდარი" სკამს, ტახტსა და საეპისკოპოსოს ნიშნავდა. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ აქ გიორგი II-ის სახელს არა მარტო სამშენებლო საქმიანობა, არამედ კათედრის დაარსება უკავშირდებოდეს, მით უფრო, რომ პირველი ხობელი ეპისკოპოსი სწორედ XIV საუკუნეშია ცნობილი. ამიტომ, უფრო საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა.

გიორგი კალანდია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების

სასახლის დირექტორი

ჟურნალი"ისტორიანი",#78