"უცნობი" ზურაბ ავალოვი - კვირის პალიტრა

"უცნობი" ზურაბ ავალოვი

რუსული პროპაგანდის ნიმუში

2011 წელს სანქტ-პეტერბურგში გამომცემლობა "ვეჩემ" სამიათასიანი ტირაჟით დაბეჭდა ზურაბ ავალოვის წიგნი "საქართველოს შეერთება რუსეთთან" (პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს). შემდეგ ეს წიგნი გამომცემლობამ წლეულს ხელახლა დაბეჭდა.

წიგნის ყდაზე ვკითხულობთ, რომ ავტორი გახლდათ სენატორი, მეცნიერი-იურისტი, ლიტერატურათმცოდნე და დიპლომატი. ეს არის და ეს. რუსულენოვანი მკითხველები ვერაფერს იგებენ თუ ვინ იყო ავტორი, სად მოღვაწეობდა და ა.შ. რასაკვირველია, საუბარია ჩვენს ცნობილ მეცნიერსა და მოღვაწეზე ზურაბ ავალიშვილზე.

ქართველ თავადაზნაურთა შორის XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ტრადიცია გვარ-სახელის "ოვ" ბოლოსართით ტარებისა. ასევე მოხდა ზურაბ ავალიშვილთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილსაც "ჯავახოვად" (დჟავახოვ) მოიხსენიებდნენ.

ყდაზე ვკითხულობთ ციტატას წიგნიდან: "რუსეთს არ ჰქონია საქართველოში რამე ეკონომიკური ინტერესი, არ იყო მიმზიდველი საზღვრების "გასწორების" თვალსაზრისითაც, მაგრამ თვით საქართველო საჭიროებდა რუსეთის დახმარებას და არ კმაყოფილდებოდა რა პროტექტორატით, ეძიებდა უფრო მჭიდრო ერთიანობას".

ზურაბ ავალიშვილის წიგნი რუსეთში კვლავ გამოსცეს

ცხადია, ზურაბ ავალიშვილი, იმდროინდელი ვითარების კვალობაზე, იძულებული იყო, შეემსუბუქებინა საქართველოს რუსეთთან "შეერთების" საკითხი. ამას ხაზს უსვამდა ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს თავის ცნობილ, საბჭოთა პირობებში აკრძალულ ნარკვევში. სხვათა შორის, ავალიშვილის წიგნის მეორე გამოცემაში 1906 წელს, უკვე იგრძნობოდა "ეპოქის ქროლვა". აქ ვკითხულობთ: "მას შემდგომ, რაც ქართველებმა დაკარგეს შესაძლებლობა საკუთარი პოლიტიკის წარმოებისა და მათი ბედ-იღბლის მართვა გადავიდა რუსული ხელისუფლების ხელში, მათ არაერთგზის ჰქონიათ საფუძველი ავად მოეგონებინათ იმპერიის შემადგენლობაში თავიანთი შესვლის დღე და იხედებოდნენ რა უკან, ისინი ხშირად აღიარებდნენ თავის წინაპრების მოქმედებას შემცდარად".

წიგნის ბოლოს, გარეკანზე, რედაქცია აღნიშნავს, რომ 1801-მა წელმა წარმოშვა უნიკალური კავშირი ორ ხალხს – რუსებსა და ქართველებს შორის. როგორ "უნიკალურ კავშირთან" გვაქვს საქმე, ვფიქრობთ, ამას დღეს ყველა გათვითცნობიერებული ქართველი ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ავალიშვილი ლიბერალიზმის პოზიციებიდან ასაბუთებდა რუსეთის მრავალეროვანი იმპერიის ფედერალურ წესწყობილებაზე გადასვლას. 1918 წელს იგი დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. გახლდათ საქართველოს მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მონაწილეობდა საზღვარგარეთ წარგზავნილ დიპლომატიურ მისიებში. ემიგრაციაში ყოფნისას (გერმანიაში) აქტიურად იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

გურამ ყორანაშვილი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი"ისტორიანი",#78