დასავლეთ საქართველოს აყრის გეგმა ქუთაისის გუბერნატორისგან - რა მიზეზით შეხვდა ქართველების დელეგაცია რუსეთის იმპერატორს?! - კვირის პალიტრა

დასავლეთ საქართველოს აყრის გეგმა ქუთაისის გუბერნატორისგან - რა მიზეზით შეხვდა ქართველების დელეგაცია რუსეთის იმპერატორს?!

სანამ ამ საინტერესო ფოტოდოკუმენტზე ვიტყოდე რამეს, მკითხველს შევახსენებ რუსი მაღალჩინოსნის, ქუთაისის გუბერნატორ ალექსეი ალექსეევიჩ სმაგინის (1901-1905) საქმეებს. შოვინისტი მოხელე ცდილობდა, ახალდაპყრობილი ქართული მიწებიდან, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მცხოვრები აეყარა და ოსმალეთში გადაერეკა, ხოლო მათი სახლ-კარი რუსეთიდან გადმოსახლებულებისთვის დაეთმო.

სამხედრო გუბერნატორად ყოფნისას ჭოროხს გაღმა სოფელ თხილნარში (ამჟამინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) ალექსეი სმაგინმა შიდა რუსეთიდან ჩამოასახლა ხალხი, რომელთაც "სიმინდის მოყვანა არ იცოდნენ, პური კი ნესტიან ადგილას ჩალპა და არ ამოვიდა; ამასთანავე, დაერიათ ციება და მოკლე დროში თითქმის განახევრდა ხალხი; გადარჩენილებმა მოკურცხლეს და გაიფანტნენ", - წერდა დავით კლდიაშვილი.

ქუთაისის გუბერნიის რუკა (ქვემოთ)

ალექსეი სმაგინს სხვა გუბერნიებშიც უმსახურია და იქაც სასტიკად ეპყრობოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ხელისუფლებამ დაუფასა. მიანიჭეს გენერლობა, ხოლო შემდეგ ქუთაისის გუბერნატორადაც დაუწინაურებიათ. კარიერისტობითა და ანტიქართული ქმედებებით ცნობილმა ალექსეი სმაგინმა თხილნარის ამბავი არ იკმარა და რუსეთის იმპერატორს საიდუმლო რაპორტი გაუგზავნა, რითაც ითხოვდა არა მარტო ბათუმის ოლქის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მასობრივ გასახლებასა და მათ ადგილას რუსების დამკვიდრებას.

ამ განზრახვის შესახებ შემთხვევით შეიტყო ექვთიმე თაყაიშვილის უფროსმა ძმამ, სამხედრო სამსახურში მყოფმა ნიკოლოზ თაყაიშვილმა. მან ამის შესახებ საიდუმლოდ აცნობა იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლს, თავად დავით ნიჟარაძეს (1853-1922).

იმერეღის თავადაზნაურთა წინამძღოლი დავით ნიჟარაძე და მისი ვაჟიშვილი ჯუმბერ ნიჟარაძე

დავითი პეტერბურგში არავის იცნობდა ისეთს, ვინც ამ სერიოზულ საქმეში უშუამდგომლებდა და იმპერატორთან მიღებაშიც დაეხმარებოდა. ასეთი ადამიანები თვით ქუთაისში უნდა მოეძებნა და ნახა კიდეც. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ადრე რუსეთში მცხოვრები სამსონ თოფურია (1854-1904) წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობდა მოსკოვსა და პეტერბურგში, ხვდებოდა თავის კოლეგებს, ეცნობოდა მედიცინის სიახლეებს, კოლეგების დახმარებით მან რუსეთის დედაქალაქში მრავალი მაღალი თანამდებობის პირიც გაიცნო და მათ შორის მეგობრებიც შეიძინა.

მეორე იყო მისივე ძმა, გურიის დრუჟინის მეთაური ერმალო ოტიას ძე ნიჟარაძე (1834-?), რომელსაც რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის (1877-1878) დროს დიდი დამსახურება ჰქონდა რუსეთის სარდლობის წინაშე და მრავალი ჯილდოც მიიღო თვით იმპერატორის ბრძანებით.

ახმედ ხალვაშის მიერ ერმალო ნიჟარაძისთვის ნაჩუქარი თოფი

თვით დავით ნიჟარაძე ხასიათით ერთობ მამაცი და გაბედული კაცი იყო, არ ეპუებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და თამამად ეკამათებოდა საზოგადო საქმეებზე. მან აღარ დააყოვნა, იმპერატორთან აუდიენციისთვის პეტერბურგში გაემგზავრა და თან წაიყვანა ერმალო ნიჟარაძე და სამსონ თოფურია.

დელეგაცია თავდაპირველად პიოტრ არკადიევიჩ სტოლიპინს (1862-1911) შეხვდა. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი იმთავითვე მოიხიბლა ქართველი ემისრების კეთილშობილებითა და განსწავლულობით. გაშინაურებულმა სტუმრებმა პიოტრ სტოლიპინს გაუმხილეს ალექსეი სმაგინის განზრახვა, რამაც მისი დიდი გაოგნება და აღშფოთება გამოიწვია, არა იმდენად ქართველებისადმი პატივისცემის, რამდენადაც სახელმწიფო საიდუმლოების გამხელის გამო. ამ ფაქტის შესახებ მან დაუყოვნებლივ მოახსენა იმპერატორს და ქართველთა გასახლების საკითხიც აღარასოდეს წამოჭრილა.

სამსონ თოფურია, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მან საკუთარი ხარჯით ქუთაისში გახსნა საავადმყოფო, სადაც მკურნალობა ყველასთვის უფასო იყო

დელეგაციის წევრთა გარეგნობითა და სიტყვა-პასუხით იმპერატორიც მოიხიბლა. მას განსაკუთრებით მოეწონა ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ერმალო ნიჟარაძე. მეფემ ბრძანა, მისი ფოტოსურათი ღია საფოსტო ბარათზე დაებეჭდათ და გაევრცელებინათ.

ამ ბარათის ალბათ ერთადერთი ეგზემპლარი ინახება ერმალო ნიჟარაძის ბათუმელი ნათესავის, ალექსანდრე (საშა) წულუკიძის ქვრივის, ჯულიეტა სურმავა-წულუკიძის ოჯახში. ბარათზე დატანილი წარწერები პიროვნების ვინაობას გვამცნობენ. ღია ბარათის უკანა მხარეს შემორჩენილია სტამბური წარწერა карточка,

კესარია კონსტანტინეს ასული დადეშქელიანი-ნიჟარაძისა (1852-?)

შემდეგ ფანქრით "ერმალო ნიჟარაძე" და კალმით "საშას (წულუკიძის. – რ. ს.) ბებიის მამა".

ღია ბარათზე რეალური პიროვნებების სახელსა და გვარს, წესისამებრ, არ აღნიშნავდნენ, ამიტომ იგი "ქართული ლაშქრის მეთაურის ტიპს" (ე. ბურჭულაძე), კერძოდ კი "შუახნის დავით გუგუნავას" (ი. მეგრელიძე) მიაკუთვნეს. როგორც დავინახეთ, არც ერთი სწორი არ არის. ეს ფერადი ფოტოსურათი ეკუთვნის გურიის დრუჟინის მეთაურს, ერმალო ოტიას ძე ნიჟარაძეს.

რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიოტრ სტოლიპინი

ქალბატონმა ჯულიეტა სურმავამ გადმოგვცა აგრეთვე ერმალო ნიჟარაძის მეუღლის, სვანეთის უკანასკნელი მთავრის, კონსტანტინე დადეშქელიანის ქალიშვილის, კესარიას (1852-?) ფოტო, რომელსაც აქვე ვთავაზობთ მკითხველს, რადგანაც სხვა შვილებთან ერთად არ არის შეტანილი კონსტანტინე დადეშქელიანისადმი მიძღვნილ წიგნში (ავტორი თეიმურაზ მიბჩუანი. თბილისი. 2003 წ.). მას თვით დადეშქელიანთა გვარშიც არ იცნობენ. ქალბატონ ჯულიეტა სურმავა-წულუკიძის თანხმობით ფოტოს პირველად ვაქვეყნებთ.

კონსტანტინე დადეშქელიანი, სვანეთის უკანასკნელი მთავარი

ერმალო ნიჟარაძეს ერთხანს სოფელ ბორჩხაშიც უმსახურია. აქ გაუცნია მარადიდის მცხოვრები, გონიოს უბნის უფროსი, მაიორი ახმედ ხალვაში (1830-1891). ახმედს ერმალოსთვის უჩუქებია იმ დროს ყველაზე სანდო და მოხერხებული თოფი "მაჭახელა", რომელიც, როგორც გადმოგვცეს, ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

რამაზ სურმანიძე

მწერალი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი", #78