"საქართველოს აშშ-ის ორბიტაზე დაბრუნება" თუ "დამამშვიდებელი ვიზიტი"?! - უცხოური მედიის კომენტარები, შეფასებები, პროგნოზები - კვირის პალიტრა

"საქართველოს აშშ-ის ორბიტაზე დაბრუნება" თუ "დამამშვიდებელი ვიზიტი"?! - უცხოური მედიის კომენტარები, შეფასებები, პროგნოზები

(ანალიტიკური მიმოხილვა)

ცოტა რამ უახლესი ისტორიიდან

საქართველოსთვის უცხო ხილი არაა აშშ-ის ხელმძღვანელების სტუმრობა. გვახსოვს როგორც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი (2005 წლის მაისში), ასევე ვიცე-პრეზიდენტების მასპინძლობაც: დიკ ჩეინის - 2008 წლის სექტემბერში და ჯო ბაიდენის - 2009 წლის ივლისში. ჯორჯ ბუშ-უმცროსის ვიზიტს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა - იგი ქვეყნის მეთაური გახლდათ და ცხადია, ერთ-ერთი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ჩვენს ისტორიაში უდიდეს მოვლენას წარმოადგენდა. ცხადია, ყველასათვის ცნობილმა საცეკვაო ილეთმაც ერთგვარი კოლორიტი და პოზიტიური მუხტი შემატა პრეზიდენტის თბილისურ ვოიაჟს. სხვათა შორის, თავის დროზე უცხოურ მასმედიაში სწორედ ამ ფაქტმაც გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი და პოზიტიურად იქნა აღქმული. პრინციპში, ეს არ იყო არც სახელმწიფო და არც სამუშაო ვიზიტი, მაგრამ ეს იყო ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვის მაჩვენებელი ვიზიტი.

რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტებს: ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების ვიზიტებს შორის ყველაზე მეტი ყურადღება მაიკ პენსის სტუმრობას დაეთმო.

რასაკვირველია, ასეთი დამოკიდებულება რიგმა ფაქტორებმა განაპირობა, განსაკუთრებით კი საქართველო-რუსეთს შორის შექმნილმა დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ - როცა საქართველომ, შეიძლება ითქვას, უმწეობა იგრძნო ჩრდილოელი მეზობლის ანექსიონისტური პოლიტიკის წინაშე, როცა უკვე საჭირო შეიქნა სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერა კონკრეტულ შემთხვევაში - მისი ხმამაღალი და გამაფრთხილებელი სიტყვა თქმულიყო უშუალოდ "ფრონტის ხაზიდან", რომელსაც საერთაშორისო მასმედია მსოფლიოს ყველა კუთხემდე მიიტანდა.

მაიკ პენსის ევროპული ტურნე, რომელიც "სამი ზღვის ინიციატივის სამიტის" (ბალტიის, შავი და ადრიატიკის) კვალდაკვალ ესტონეთით (ტალინით) დაიწყო, შემდეგ საქართველოთი გაგრძელდა და ჩერნოგორიით დასრულდა, ორი დღის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უცხოურ მასმედიაში აქტიურად გაშუქდა. ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლამდე გამოითქვა მოსაზრებები და პროგნოზები, რომელშიც ხაზგასმული იყო მნიშვნელოვანი მომენტი: ამერიკა საქართველოსთან მიმართებით აფიქსირებს არამხოლოდ წმინდა პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ მხარდაჭერას ძლიერი სამხედრო ელემენტით. მართლაც, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, მაიკ პენსი თბილისში დაგეგმილ ნატოს სამხედრო წრთვნებს "ღირსეული პარტნიორი-2017"-ს დაესწრო, რითაც მან საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, გასაგებია, რომელი მეზობლის დასანახად და გასაცნობიერებლად.

ახლა კი ჩვენს მკითხველს გავაცნობთ უცხოური მასმედიით გავრცელებულ კონკრეტული მასალების ანალიტიკურ მიმოხილვას საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტის შესახებ:

reclama

ამერიკული მედია: ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითი მოვლენაა

ბუნებრივია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ყველაზე მეტი ყურადღება ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაუთმეს. პრესითა და ელექტრონული მედიით (რადიო-ტელევიზია) აქტიურად ვრცელდებოდა როგორც ვიზიტის ამსახველი ფაქტობრივი ხასიათის "მშრალი" ინფორმაცია (შეხვედრები, მოლაპარაკებები, ერთობლივი პრეს-კონფერენციის მასალები), ასევე პოლიტიკოსებისა და ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები და პროგნოზები. განსაკუთრებით აქტიურობდა CBS News, საინფორმაციო სააგენტო Associated Press და აშშ-ის ხელისუფლების (კონგრესისა და მთავრობის) მიერ დაფინანსებული Radio Free Europe//Radio Liberty ("თავისუფალი ევროპა/თავისუფლება") და Radio Voice of America ("ამერიკის ხმა") თავისი მრავალეროვნული სამსახურებით.

საინტერესოა "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის (ოფისით ვაშინგტონში) მიერ 29 ივლისს ეთერში გადაცემული საუბარი ჰერითიჯის ფონდის სპეციალისტ დენიელ კოჩთან, რომელშიც მან მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას მაღალი შეფასება მისცა და სქემატურად მოხაზა ის საკითხები, რომლებზეც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გაამახვილებდა ყურადღებას: პირველი - საქართველოსადმი მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებისათვის, მეორე - რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის დაგმობა და მესამე - ქმედითი დახმარების გაწევა (თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა).

ყურადღებას იმსახურებს უკვე ვიზიტის პირველ დღეს, 30 ივლისს გადაცემული ამერიკელი მკვლევარების კომენტარებიც: ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის და უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის თქმით, მაიკ პენსის ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, "ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია".

მსგავსი თვალსაზრისი აქვს ბრუკინგსის ინსტიტუტის კიდევ ერთ მკვლევარს მაიკლ ოჰანლონს. იგი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითი მოვლენაა. მაიკლ ოჰლაჰონმა საკმაოდ ემოციურად გამოხატა თავისი დამოკიდებულება მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობისადმი: "მიხარია, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. ამერიკა-საქართველოს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. აღტაცებული ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კუთხით. მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში". მკვლევარი ფიქრობს, რომ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის ძლიერ ინტერესზე მიუთითებს.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის დამოკიდებულებას, მაიკლ ოჰანლონი ამბობს: "ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენ არ გვაქვს კარგი პასუხი, რეალურად ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ უარესი არ მოხდება და ვართ პოზიციაში, როდესაც არ შეგვიძლია ოკუპაციას სამხედრო ძალით ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი გზით ვუპასუხოთ. ასე რომ, ის დინამიკა, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ფაქტია, რომ კარგად არ მოქმედებს".

პოპულარული და გავლენიანი გამოცემა «Foreign Policy» ყურადღებას უთმობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტალინსა და თბილისში ვიზიტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით "ვაშინგტონში მღელვარე კვირის ფონზე, მაიკ პენსმა აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა" (ავტორი - ემილი ტამკინი). "მღელვარე კვირაში" იგულისხმება თეთრ სახლში შექმნილი საკადრო პრობლემები. ვიზიტის მიმდინარეობის გადმოცემისას და მისი შეფასებისას ავტორი იმოწმებს აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძის კომენტარს: "მაიკ პენსის ვიზიტი არაორაზროვნად, ღიად ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირების სიმტკიცეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში".

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის განხილვის ფონზე მაიკ პენსის ვიზიტია მოკლედ მიმოხილული გაზეთ «The New York Times»-ში ორ აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაშიც სათაურით "მაიკ პენსის თქმით, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონს ხელს მოაწერს" (ავტორი - სიუ ჩანი).

გერმანული მედია: რა უნდოდა მაიკ პენსს თბილისში?

"მაიკ პენსის ყოფნას საქართველოში (და ესტონეთში) შეიძლება "დამაშვიდებელი ვიზიტი" ვუწოდოთ", - ასეა შეფასებული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი გერმანული რადიოსადგურ Deutsche Welle-ს რეპორტაჟში. "აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ჩავიდა, რომელიც ესტონეთისაგან განსხვავებით, ნატოს წევრი არ არის. სწორედ ამიტომ თბილისისათვის მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ქართველები ძალიან შეშფოთებულნი არიან ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების შესაძლო შემცირებით. როგორც ცნობილია, ეს საკითხი თეთრ სახლში რამდენიმე თვის წინათ იქნა განხილული. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში ჩასვლისათვის დამატებითი მიზეზიც ჰქონდა: აშშ-ის მთავრობა გრძნობდა, რომ ვაშინგტონმა საქართველოს გაჭირვების ჟამს - 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, ჯეროვანი დახმარება ვერ გაუწია, ახლა კი, როცა თბილისი მოსკოვისაგან ისევ იჩაგრება, თეთრმა სახლმა შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტა".

reclama

ბრიტანული მედია: "საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება"

საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით გამოქვეყნდა ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ვებ-გვერდზე თბილისელი კორესპონდენტის ნანა ახმეტელის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი. "საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება" - ხაზგასმულია პუბლიკაციაში, რომელშიც საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე. კორესპონდენტი საუბრობს ექსპერტ გიორგი გობრონიძესთან: "დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშ-უმცროსის მიერ დაწყებულ კურსს უბრუნდება", - ამბობს ექსპერტი, - "თბილისს შიში ჰქონდა, რომ ვაშინგტონის განზრახვას მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოს მიმართ ყურადღების შესუსტება მოჰყვებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა".

საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ საინფორმაციო სააგენტო «Reuters»-ის თბილისში აკრედიტებული კორესპონდენტებიც: პირველ აგვისტოს გავრცელდა ჟურნალისტ მარგარიტა ანთიძის მიერ მომზადებული მასალა მაიკ პენსის თბილისში გამართული ვიზიტის შესახებ.

რუსული მედია: "ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან"

საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ამსახველი მასალები რუსულ მასმედიაშიც გამოქვეყნდა, თუმცა, ინფორმაციების ნაკადის ინტენსიურობით და პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში თავისი როლი შეასრულა ხელისუფლების კონტროლმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი (რაზედაც უფრო ფართოდ მკითხველს ქვემოთ მოვახსენებთ). ყოველ შემთხვევაში, სერიოზულ პრესაში (ქაღალდის გაზეთებში), ორი აგვისტოს მდგომარეობით, მხოლოდ სამი სტატია გამოქვეყნდა «Независимая газета»-ში და «КоммерсантЪ»-ში, სხვა ცენტრალურმა გაზეთებმა კი, შეიძლება ითქვას, დუმილი არჩიეს.

აი, რას წერს «Независимая газета» 31 ივლისს:

"საქართველოს ხელისუფლება დადებით ემოციებს არ მალავს. სამხედრო წრთვნებზე კოდური სახელწოდებით "ღირსეული პარტნიორი - 2017" აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასწრება ვაშინგტონის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებას წარმოადგენს: პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც მაიკ პენსი აშშ-ში ამას წინანდელი ვიზიტის დროს გაიცნო, დიდი იმედი აქვს, რომ სამხედრო წრთვნების შედეგად აშშ-ისა და საქართველოს კოტაქტები კიდევ უფრო გამყარდება.

ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი რუსეთის მიერ "მცოცავი ოკუპაციის" პირობებში ("მცოცავი ოკუპაცია", თბილისის აზრით, სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების მიერ განხორციელებული ბორდერიზაციაა), საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. და ალბათ, აზერბაიჯანისთვისაც: საზღვრის გატარების ბოლო სამუშაოების დროს სამხრეთ ოსეთის მხარეს აღმოჩნდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი. ამ მილსადენით აზერბაიჯანის საბადო "ჩირაგიდან" ნედლი ნავთობი გადაიტვირთება და მისი დემონტაჟი ჯერ კიდევ წლების წინ უნდა მომხდარიყო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ. მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ნავთობ-გაზის მიმართ "სისუსტეს" ამჟღავნებდა, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჰეიდარ ალიევი დაიყოლია, რომ "პატარა მილსადენი" დაეტოვებინა. რასაკვირველია, ჰეიდარმა მეგობარ ედუარდს არ აწყენინა. ახლა კი გამორიცხული არაა, რომ ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მიმართ ცვლილებები მომწიფდა.

თავი რომ დავანებოთ მილსადენს, უიმისოდაც მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში ისტორიულად აფასებენ - რეალიები ისეთია, რომ თბილისში ყოველი ამერიკელი ჩინოვნიკის ვიზიტი უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიქმება. მით უმეტეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, თანაც მოსკოვთან მაქსიმალურად ხისტი ურთიერთობის მომხრე მაიკ პენსის ვიზიტი!", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

იგივე გაზეთი ორ აგვისტოს უფრო მიზანმიმართულ სტატიას აქვეყნებს სათაურით "ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან / საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტს სუვერენიტეტის დაცვის გარანტად მიიჩნევენ" (ავტორი - იური როქსი).

"საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი დასრულდა. პროგრამა ძალზე დატვირთული იყო: მოლაპარაკება პრემიერთან და პრეზიდენტთან, სამხედრო სწავლებაზე დასწრება, აუდენცია კათოლიკოს-პატრიარქთან, შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ქართული მხარე კმაყოფილია. თბილისი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავისი პირველი ევროპული ვოიაჟის დროს ნატოს წევრებთან ერთად, საქართველოც მოინახულა, რაც სიკეთის მომასწავებელი ნიშანია - ესე იგი, შორს არაა ალიანსში გაწევრიანების დღე", - ნათქვამია სტატიაში.

ასევე ვკითხულობთ: "აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ზოგიერთ ქართველს ფრთხილი კითხვები ებადებოდა: "კარგია, მაგრამ მაიკ პენსი რომ წავა, შემდეგ რა?". ანდა სულაც სკეპტიკური გამონათქვამი: "აშშ-სთან დაახლოების ყოველი "ეპოქალური ეტაპი" ჩვენ რუსეთთან ეპოქალური პრობლემებით უკან გვიბრუნდებაო". თუმცა ასეთი კითხვები ჯერ-ჯერობით ცოტაა, რადგან ამჟამად საქართველოსთვის მზე დასავლეთიდან ამოდის. მაიკ პენსის ვიზიტი აჩვენებს, სიტუაცია დასტაბილურდება და რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იქნება დაშვებული".

შედარებით სხვა ტონალობის მქონე სტატია გამოქვეყნდა გაზეთ «КоммерсантЪ»-ში, სათაურით:"მაიკ პენსმა ესტონეთს ერთგულება შეჰფიცა, საქართველოსაგან კი ძმობის სადღეგრძელოები მოისმინა" (ავტორები - სერგეი სტროკანი, გიორგი დვალი).

ვრცელ სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შედეგები - ესტონეთში, სადაც იგი შეხვდა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერებს და ნატოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაში მკვეთრი ტრანსფორმაცია გამოხატა (დონალდ ტრამპი, რომელიც ადრე ნატოს "მოძველებულ" ორგანიზაციად მიიჩნევდა, ახლა თავის აქცენტებს რადიკალურად ცვლის). მაიკ პენსმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ მზადაა გამოიყენოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ბალკანეთის სახელმწიფოები რუსეთის შემაკავებელი პლაცდარმის სახით (ავტორი - სერგეი სტროკანი, გიორგი დვალი).

"აშკარაა, რომ ვაშინგტონს რუსეთის შეკავება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა იქვე შენიშნა, რომ მას და დონალდ ტრამპს მტკიცედ სჯერათ - რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდებაო", - აღნიშნავენ ავტორები.

"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამონათქვამები ტალინსა და თბილისში, თავისი სტილითა და ინტონაციით, თეთრ სახლში ამერიკელი რესპუბლიკელების წინა ადმინისტრაციების "ქორების" იმ განცხადებებს ჩამოჰგავს, რომლებიც სხვადასხვა წლებში ჟღერდა მოსკოვთან კონფრონტაციის პიკზე", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის მეორე ნაწილი ("მოძმე საქართველო") უშუალოდ თბილისში ვიზიტს ეხება. ავტორები აღნიშნავენ, რომ მაიკ პენსის ვიზიტს თბილისში ვიზიტს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მორიგ, მეცხრე წლისთავს დაემთხვა. გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ მოვლენებმა გამოიწვია პირველი სისტემური კრიზისი დასავლეთსა და რუსეთს შორის, უკრაინის კონფლიქტამდე ჯერ კიდევ ექვსი წლით ადრე.

რასაკვირველია, პრესასთან შედარებით უფრო აქტიურად მუშაობდნენ რუსეთის რადიო-ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები, განსაკუთრებით РИА Новости, რომლებიც "მშრალი" ფაქტების შემცველ მასალებს ავრცელებდნენ. სწორედ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს განუმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში რუსეთს არ აღელვებს, რადგან ვაშინგტონისა და თბილისის საქმეა. ისინი ერთმანეთის პარტნიორები არიან. "მოსკოვის შეშფოთების გამოწვევა მხოლოდ რუსეთის საზღვრებისაკენ ალიანსის გაფართოებას (ანუ საქართველოს ნატოში მიღებას - ს.კ.) შეუძლია. ჯერ-ჯერობით კი ამის საფრთხე არ არსებობს". როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლების მედიაპოლიტიკა განგებ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ კრემლს მაიკ პენსის ვიზიტი არ აინტერესებს, რაც პრესაში ამ მოვლენის გაშუქებაზეც აისახა.

სომხური პრესა: რუსეთმა კავკასია ნატოს გადააბარა

ალბათ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა სომხური პრესის დამოკიდებულება მაიკ პენსის ვიზიტისადმი და პარალელურად, თბილისში გამართულ ნატოს სამხედრო წრთვნებისადმი. საინტერესო სტატია გამოქვეყნდა პოპულარულ ელექტრონულ გაზეთ Lragir-ში, რომელიც, მის პუბლიკაციებში გამოხატული პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, პროდასავლური მიმართულებისაა (რაც ძალიან იშვიათი ფაქტია სომხურ მედიაში).

აი, წაიკითხეთ ამონარიდები და დარწმუნდებით:

"სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ნატოს სამხედრო სწავლებებში "ღირსეული პარტნიორი - 2017", რომელიც საქართველოში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ამ წრთვნებში სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ერევნის ოფიციოზისა და მასმედიის მიერ არ ტირაჟირდებოდა (ინფორმაცია ძირითადად ნატომ და მასპინძელმა ქვეყანამ გაავრცელეს), ეს უკვე ფაქტია, რომელსაც უნდა მივესალმოთ, 2009 წლისაგან განსხვავებით, როცა რუსეთ-საქართველოს იმდროინდელი (2009 წლის) ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს მომხდარი ომის გავლენის ქვეშ იყო. (...)

ცხადია, ვერავინ ჩათვლის, რომ "ღირსეულ პარტნიორში" მონაწილეობა თითქოსდა სომხეთის დემარშია რუსეთის მიმართ. შესაძლოა რუსეთი საერთოდ არ არის წინააღმდეგი სომხეთ-ნატოს ურთიერთობისა იმ ფონზეც კი, როცა ნატო რუსეთს თავის მთავარ საფრთხედ აცხადებს. საქმე იმაშია, რომ სომხეთ-ნატოს ურთიერთობა, სომხეთის "ოდკბ"-ში წევრობის მიუხედავად, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეკავების საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, მაგრამ ეს ფაქტორი მხოლოდ "გვამშვიდებს". სინამდვილეში ანკარისა და ბაქოს სავარაუდო აგრესიის რეალური შემაჩერებელი სომხეთ-ნატოს კავშირები იქნება. ამ ფაქტორის გარეშე რუსეთი იძულებული გახდებოდა დამორჩილებოდა თურქულ-აზერბაიჯანულ შანტაჟს და არცახს დათმობდა, ან კიდევ ორივესთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. მოკლედ, რუსეთის შეკავების სხვა გზა არ არსებობს. რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება სომხეთ-ნატოს ურთიერთობა.

რუსეთს კავკასიაში ორი ბლიცკრიგის მცდელობა ჩაეშალა, რომლებიც თურქულ-აზერბაიჯანულ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული - პირველი იყო საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის დროს, რომლის წინააღმდეგ თურქეთი გამოვიდა (შემთხვევითი არაა, რომ სწორედ იმ ხანებში დათანხმდა აბდულა გიული სერჟ სარგსიანის წინადადებას: ვგულისხმობთ "საფეხბურთო დიპლომატიას" - "ციურიხის ოქმებს") და მეორე - 2016 წლის აპრილში, როცა აზერბაიჯანი არცახს ოთხი დღის განმავლობაში უტევდა. ეს ორი ფიასკო მოსკოვისათვის საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ მესამე მცდელობა მისთვის საბედისწერო იქნებოდა. სტრატეგიული მარცხის თავიდან აცილება სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო, ამიტომაც რუსეთმა საჭიროდ ჩათვალა რეგიონში ნატოს ყოფნა.

მოსკოვმა სამხრეთ კავკასია დე-ფაქტოდ დიდი ხანია ჩააბარა ნატოს, ახლა საქმე მხოლოდ მის ლეგიტიმიზებას ეხება. სომხეთი ამ საკითხში საკვანძო როლის შემსრულებელი ქვეყანაა".

reclama

აზერბაიჯანული პრესა: აშშ-ის ახალი ნახტომი კავკასიისკენ

აზერბაიჯანის რუსულენოვან პრესაში ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, მათ შორის აღსანიშნავია პუბლიკაცია Xalq qəzeti-ში, რომელშიც საუბარია საქართველოში ნატოს ეგიდით დაწყებული სამხედრო წრთვნების დაწყების თაობაზე და ამ წრთვნებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასწრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სტატია საავტოროა და დაბეჭდილი სახით საკმაოდ კარგად გამოყურება, ის მაინც "მშრალ" ინფორმაციას მიეკუთვნება. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სლოვენია, თურქეთი... ხაზგასმულია, რომ წრთვნებში მონაწილეობენ ალიანსის არაწევრი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის და განსაკუთრებით სომხეთის სამხედრო კონტინგენტი.

შედარებით უფრო საინტერესოა «Новое время»-ში დაბეჭდილი მასალა შთამბეჭდავი სათაურით - "ახალი ნახტომი კავკასიისკენ: ამერიკული ტანკები თბილისში" (ავტორი რ.ველიევი),

"დღეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის: არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთდაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამერიკა პერმანენტულად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას რუსეთის საზღვრებთან: ამ დღეებში ამერიკული ტანკები "აბრამსები" და ქვეითთა საბრძოლო მანქანები - "ბრედლები" და "სტრაიკერები" რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოჩნდნენ, რომლებიც სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად ევროპიდან გადმოისროლეს", - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია მასპინძელი ქვეყნის - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართვები წრთვნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისადმი. პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის მიზნებსაც.

ირანული და ყატარული მედია: Press TV-ის და Al Jazeera-ს რეპორტაჟები ვაზიანიდან

მაღრიბული მედიის მიმოხილვისას მაშრიყიც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ისლამური სამყარო ყოველთვის იყო დაინტერესებული აშშ-ის პოლიტიკით, მით უმეტეს, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

თეირან-ვაშინგტონის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ირანულმა მედიამ მაინც საკმაოდ ფართოდ გააშუქა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, თანაც უფრო მეტი ყურადღება მაიკ პენსის იმ განცხადებას დაუთმო, რომელიც ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ეხება - "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის მიერ შემუშავებულ სანქციებს მალე აუცილებლად ხელს მოაწერსო". როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა შეიმუშავა კანონი რუსეთის, ირანისა და ჩრდ. კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციების გამოცხადების თაობაზე, ამიტომაც არის დაინტერესებული ირანის მედია ამ სანქციების ბედით.

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია Press TV-ის მიერ ვაზიანიდან გადაცემულ რეპორტაჟებში, რომელთა ავტორი თბილისში აკრედიტებული კორესპონდენტი სვეტლანა ალიმოვა გახლავთ, ასახულია როგორც ნატოს სამხედრო წრთვნების დაწყება (ვიდეოსიუჟეტში ფართო პლანითაა ნაჩვენები ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოსვლა თბილისში), ასევე მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

ზოგადად, ირანის ინგლისურენოვან ტელეეთერში საქართველოს შესახებ გაშვებული მასალების შინაარსი ობიექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

რაც შეეხება არაბულ მედიას: ყატარის საერთაშორისო სტატუსის მქონე ტელეკომპანია Al Jazeera-ს ეთერში პირველ აგვისტოს გადაიცა კორესპონდენტ რობინ ფორესტ-უოკერის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი თბილისიდან, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, მაიკ პენსის გამოსვლით. მასში მთავარი აქცენტი გადატანილია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ.

წყაროები:

«Voice of America - ამერიკის ხმა» (აშშ) - https://www.amerikiskhma.com/a/daniel-kochis-on-vp-visit-to-georgia/3964747.html

«Voice of America - ამერიკის ხმა» (აშშ) - https://www.amerikiskhma.com/a/brookings-fellows-about-vice-presidents-visit-to-georgia/3966673.html

«Voice of America - ამერიკის ხმა» (აშშ) - https://www.amerikiskhma.com/a/pence-georgia-ties/3967835.html

«Voice of America - ამერიკის ხმა» (აშშ) - https://www.amerikiskhma.com/a/vice-president-pence-speaks-about-support-georgias-territorial-integrity/3968043.html

«Voice of America - Голос Америки» (აშშ) - https://www.golos-ameriki.ru/a/pence-us-georgia/ 3967350.html

«CBS News» (აშშ) - http://www.cbsnews.com/news/mike-pence-donald-trump-russia-sanctions-nato-georgia-russian-occupation/

«Associated Press» (აშშ) - http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_europe_us_pence?site=ap§ion= home&template=default

«Foreign Policy» (აშშ) - http://foreignpolicy.com/2017/08/01/during-whirlwind-week-in-washington-vp-pence-comforts-east-european-allies/

«The New York Times» (აშშ) - https://www.nytimes.com/2017/08/01/world/europe/trump-pence-georgia-russia-sanctions.html

«Deutsche Welle» (გერმანია) - http://www.dw.com/ru/зачем-майк-пенс-едет-в-восточную-европу/a-39879901

«BBC news» (დიდი ბრიტანეთი) - http://www.bbc.com/news/world-europe-40768962

«BBC news – русская служба» (დიდი ბრიტანეთი) - http://www.bbc.com/russian/features-40776321

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი) - https://www.reuters.com/article/us-georgia-usa-pence-iduskbn1ah4qp

«Независимая газета» (რუსეთი) - http://www.ng.ru/cis/2017-07-31/5_7040_georgia.html

«Независимая газета» (რუსეთი) - http://www.ng.ru/cis/2017-08-02/5_7042_georgia.html

«КоммерсантЪ» (რუსეთი) - https://www.kommersant.ru/doc/3372779

«РИА Новости» (რუსეთი) - https://ria.ru/world/20170801/1499528899.html

«РИА Новости» (რუსეთი) - https://ria.ru/world/20170801/1499530008.html

«Lragir» (სომხეთი) - http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57333

«Xalq qəzeti» (აზერბაიჯანი) - http://www.xalqqazeti.com/pdf/xalqqazeti.pdf

«Новое время» (აზერბაიჯანი) - http://www.novoye-vremya.com/w100536/.../#.WYAbp4qQzs0

«Каспiй» (აზერბაიჯანი) - http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

«Press TV» (ირანი) - www.presstv.ir/Detail/2017/08/01/530399/US-Trump-Pence-Russia-Sanctions

«Press TV» (ირანი) - www.presstv.ir/Detail/2017/07/31/530212/Georgia-US-launch-joint-military

«Al Jazeera TV» (ყატარი) - http://www.aljazeera.com/video/news/2017/08/vice-president-condemns-russias-occupation-georgian-land-170801191305047.html

სიმონ კილაძე