ოსმალეთის ქართველი დიდვეზირები პეტრე I-თან ომის პერიოდში - კვირის პალიტრა

ოსმალეთის ქართველი დიდვეზირები პეტრე I-თან ომის პერიოდში

თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

განვაგრძობთ ბიოგრაფიების გამოქვეყნებას საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის გენერალური მდივნის, მურად ქასაბის (ქასაყაშვილის) ვრცელი მონოგრაფიიდან "ოსმალეთის ქართველები". ავტორის განმარტებით, აქ მოთხრობილია ოსმალეთის საარქივო წყაროებში, ქრონიკებსა და ბიოგრაფიულ ჩანაწერებში ნახსენები იმ პირებისა და ოჯახების შესახებ, რომლებიც წარმოშობით ქართველებია ან დაბადებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში. მასში თავმოყრილია ათას ორასი ადამიანის ბიოგრაფია და ეს სიაც არასრულია... თარგმანი ეკუთვნის გელა გუნიავასა და ემინ შექერჯის.

დიდვეზირები

იუსუფ ფაშა (აღა)

იუსუფ ფაშა სულთან აჰმედ III-ის ზეობის პერიოდის წარმოშობით ქართველი დიდვეზირია. განათლება იანიჩართა კორპუსში მიიღო და შემდგომში ჩორბაჯისა და ჰასეკის წოდებებამდე ამაღლდა. 1694 წელს ურფას სანჯაყბეგად დაინიშნა. 1696 წელს სამსუნჯუბაში გახდა. ორჯერ იყო ქაფიქულა ქეთჰუდა. 1706 წელს ჯერ რესმოს, ხოლო შემდეგ ლეპანტოს მმართველად დანიშნეს. 1707 წელს იანიჩართა კორპუსიდან წავიდა და პენსიაში გავიდა, მაგრამ 1710 წელს ისევ იანიჩართა აღად გაამწესეს. 1711 წელს ვეზირის წოდება მიიღო. იუსუფ ფაშა, როგორც იანიჩართა აღა, დიდვეზირ ბალთაჯი მეჰმედ ფაშას სარდლობით მონაწილეობდა პრუტის ლაშქრობაში. ამ ლაშქრობისას გამოჩენილი გმირობით სახელი მოიხვეჭა. 1711 წელს რუსეთთან დაპირისპირება პრუტის შეთანხმებით დასრულდა. მაგრამ სულთანი აჰმედ III უკმაყოფილო დარჩა ლაშქრობის შედეგებით და ბალთაჯი მეჰმედ ფაშა თანამდებობიდან გადააყენა.

შვედეთის მეფე კარლოს XII ბენდერში (ოსმალეთში)

იუსუფ ფაშა 1711 წლის ნოემბერში დიდვეზირი გახდა. თუმცა დიდვეზირის შეცვლის ამბავი გაასაიდუმლოეს. ქაფიჯიების ქეთჰუდა თურქ მეჰმედ აღამ ოსმალთა ჯარის ედირნეში შესვლის შემდეგ, იუსუფ ფაშას სულთნის შესაბამისი ბრძანებულება გადასცა. იუსუფ ფაშა, ჯარს სტამბოლში უკვე დიდვეზირის რანგში შეუძღვა. რუსეთის მეფე პეტრე I-მა, პრუტში გადარჩენის შემდეგ, შეთანხმების პირობები არ შეასრულა. გადაწყდა რუსების წინააღმდეგ ხელახლა გალაშქრება. თუმცა მათ ახალი ხელშეკრულების დადება მოითხოვეს, რასაც იუსუფ ფაშა დათანხმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსულ ჯარებს სამი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ პოლონეთი და შვედეთის მეფისთვის სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების საშუალება მიეცათ. რუსებმა შეთანხმება კვლავ დაარღვეს. სულთანმა აჰმედ III იუსუფ ფაშას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაელაშქრა რუსების წინააღმდეგ. იუსუფ ფაშა შეეწინააღმდეგა სულთანს და განუცხადა, რომ ჯარი დაღლილი და მოუმზადებელი იყო. ამ დაუმორჩილებლობის გამო 1712 წლის დეკემბერში იგი გადააყენეს და როდოსზე გაგზავნეს.

იუსუფ ფაშა 1714 წელს კუნძულ როდოსზე სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ იუსუფ ფაშა მამაცი და გულადი იყო, იანიჩართა კორპუსს გარდა არსად არ უმსახურია. ამის გამო ცნობები მის შესახებ ცოტაა შემორჩენილი. ცნობილია, რომ იუსუფ ფაშა თურქულად კარგად ვერ ლაპარაკობდა. იანიჩარების უფროსობიდან პირდაპირ დიდვეზირად დანიშვნის გამო მას "აღა იუსუფ ფაშად" მოიხსენიებდნენ. იგი ავტორიტეტული პოლიტიკური მოღვაწე იყო, თავის აზრებსა და პრეტენზიებს არასდროს მალავდა. სწორედ ამ პიროვნული თვისებების გამო დაუპირისპირდა სულთანსაც. გულკეთილი იყო და ცუდი არავისთვის უნდოდა, მაგრამ მის მიმართ ჩადენილ ბოროტებას არავის პატიობდა. იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ღირსეულ სახელმწიფო მოღვაწედ ითვლებოდა. ოსმალეთის 133-ე დიდვეზირს ეს თანამდებობა 11 თვესა და 22 დღეს ეკავა. იუსუფ ფაშას სიკვდილით დასჯაში მისი კონკურენტის, დამად ალი ფაშას ხელი ერია. იუსუფ ფაშა კუნძულ როდოსზე მურატ რეისის სასაფლაოზეა დაკრძალული.

სულთან აჰმედ III–ს პორტრეტი (ჟან–ბატისტ ვან მური)

სტამბოლში მას ადრე ჩეშმე და სკოლა აუშენებია, აქსარაიში იუსუფ ფაშას სახელობის უბანი იყო. იმ ადგილას ავტობუსებისა და ტრამვაის გაჩერებაც მის სახელს ატარებს. ამის გამო ყოველ დღე ათი ათასობით სტამბოლელი ახსენებს იუსუფ ფაშას სახელს. მის მიერ დაარსებული დაწყებითი სკოლა ერთ ხანს ბიბლიოთეკადაც გამოიყენებოდა.

სულეიმან ფაშა

სულეიმან ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. წარმოშობით ქართველია. განათლება სასახლის კარზე მიიღო, რის შემდეგაც დულბენდის აღა და მალემსრბოლთუხუცესი გახდა. სულთან აჰმედ III-ის დროს საჭურველთმტვირთველად დაინიშნა და 1705 წელს ვეზირის წოდება და ჰალების ვალის თანამდებობა მიიღო. შემდეგ კუნძულ ევბეას ციხისთავად დანიშნეს, მოგვიანებით კი კვიპროსის ვალის პოსტი და სასახლის ვეზირის ტიტული მიანიჭეს. 1709 წელს სულთნის ნიშანჯის თანამდებობაზე დაინიშნა. იმავე წელს დიდვეზირი გადააყენეს და ახლის დანიშვნამდე იგი უძღვებოდა მის კანცელარიას. 1712 წელს სულეიმან ფაშა დიდვეზირი გახდა. ამ დროს შვედეთის მეფე კარლოს XII უშედეგოდ ცდილობდა ოსმალეთიდან სამშობლოში დაბრუნებას. დიდვეზირმა სულეიმან ფაშამ და შეიხ-ულ-ისლამმა მოითათბირეს და შვედეთის მეფე ედირნედან დიმეთოკაში გაგზავნეს. სახელმწიფო სტუმრის მიმართ ასე უპატივცემულოდ მოქცევის გამო დიდვეზირი სულეიმან ფაშა, შეიხ-ულ-ისლამი და ყირიმის ხანი თანამდებობებიდან გადააყენეს. 1713 წლიდან რვა თვის განმავლობაში ქაფუდან ფაშას თანამდებობა ეკავა. შემდეგ კი კრეტის ვალი გახდა. 1714 წელს როდოსზე გააგზავნეს, სადაც 1715 წელს სიკვდილით დასაჯეს. სულეიმან ფაშამ სტამბოლში, დივანიოლში ფაზლი ფაშას სასახლის მახლობლად სასწავლებელი და ქარვასლა ააშენა. ცნობილია როგორც "ნიშანჯი სულეიმან ფაშა".

სულთნის მსვლელობა სტამბულში (ჟან–ბატისტ ვან მური)

ვეზირები, სარდლები, ვალები

ბეგლარბეგები

დაუდ ხანი

დაუდ ხანი ქართლის მეფე ლუარსაბის შვილია და თავდაპირველად დავითი ერქვა. 1564 წელს ყაზვინში ეახლა შაჰ-თამაზს და თანმხლებ პირებთან ერთად ისლამი მიიღო. შაჰ-თამაზის ცოლისძმაა. შაჰმა იგი თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დასვა.

1578 წლის 9 აგვისტოს, ჩილდირის ბრძოლაში სპარსელების დამარცხების შემდეგ, ოსმალთა სარდალმა ლალა მუსტაფა ფაშამ რეგიონის ყველა მეფესა და გამგებელს, მათ შორის დაუდ ხანსაც, ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომობის მიღება შესთავაზა. დაუდ ხანმა უარყო შეთავაზება და თბილისთან ოსმალთა ჯარის მიახლოებისთანავე ქალაქი დატოვა. ოსმალებმა 1578 წლის 24 აგვისტოს ოზდემიროღლუ ოსმან ფაშას ხელმძღვანელობით თბილისი აიღეს.

მოგვიანებით დაუდ ხანმა უარი თქვა სპარსეთის ქვეშევრდომობაზე და 1582 წელს სტამბოლში ჩავიდა. სულთანმა მას საქართველო საგვარეულო მფლობელობაში დაუმტკიცა, მარაშის ბეგლარბეგადაც დანიშნა, მის შვილსა და ამალის სხვა წევრებს ძვირფასი საჩუქრები დაურიგა და 1583 წელს საქართველოში გამოისტუმრა.

მას ეკუთვნის ქართულად დაწერილი ნაწარმოები "იადიგარ დაუდი". დაუდ ხანი გარდაიცვალა 1588 წელს. ამბობენ, რომ დასაფლავებულია ანატოლიაში. დაუდ ხანის შვილები ირანში იზრდებოდნენ და ისლამი იქ მიიღეს. ბაგრატ ხანი 1615-1619 წლებში, ხოლო როსტომ ხანი 1631-1658 წლებში, ქართლის გამგებლები იყვნენ.

ჟურნალი"ისტორიანი", #78