"სჯე­რო­და, რომ აფხაზები არ ეს­როდ­ნენ, მაგრამ..." - დედით აფხაზი 22 წლის ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"სჯე­რო­და, რომ აფხაზები არ ეს­როდ­ნენ, მაგრამ..." - დედით აფხაზი 22 წლის ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი

ორად გახლეჩილი გულების ტრაგიკული ისტორია - ქართულ-აფხაზური სისხლიანი ბალადა

ცნობილ და თავისი ღვაწლით გამორჩეულ ადამიანთა ცხოვრებაზე ამ რუბრიკაში არაერთხელ გვისაუბრია. მათი განვლილი ცხოვრების გზა ხშირად ეპოქის ნათელ სურათს გვიქმნიდა კიდეც. ცოცხლდებოდა ხუთი, ექვსი, ხან შვიდი და მეტი ათეული წელიწადი მკითხველის წინაშე...

ახლა პირველად გავიხსენებთ ახალგაზრდა კაცს, ვინც სულ რაღაც 22 წელიწადი გაატარა ამქვეყნად და მაინც მისმა ცხოვრებამ აღბეჭდა სრული სახე და ტკივილი გასული საუკუნის ბოლო წლების საქართველოსი.

გიორგი მიროტაძე, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სჯეროდა ადამიანთა ღირსების, ქართველებისა და აფხაზების შინაგანი ერთობისა, აფხაზეთში უთანასწორო დაპირისპირების დროს, 1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა. ეს მოხდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ პატარა აფხაზსკაიასთან. 1994 წელს 11 აპრილის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, გიორგი მიროტაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

მისმა ოჯახმა ალბათ ყველაზე მძაფრად იგრძნო აფხაზთა და ქართველთა შორის ხელოვნურად გამძაფრებული დაპირისპირების მთელი ტრაგიზმი. დედა - მარინა არშბა, ცნობილი აფხაზი ქირურგის, სოკრატ არშბას ქალიშვილი გახლდათ. აფხაზეთში იყო დაბადებული და ბავშვობაც იქ ჰქონდა გატარებული; მამა - თბილისელი ექიმი - ლევან მიროტაძე. დიდი, ჰარმონიული ოჯახი, სადაც ბებია და ბაბუა, შვილები და შვილიშვილები საქართველოს სიყვარულით ცხოვრობდნენ. იქ არავინ ფიქრობდა, რომ აფხაზეთი გამიჯნული იყო საქართველოსგან ან გეოგრაფიულად, ან მენტალობით, ან ადამიანთა გულებში...

სოკრატ არშბა ოჯახთან ერთად

ქალბატონმა მარინამ და ბატონმა ლევანმა გააცოცხლეს გიორგის განვლილი ცხოვრების სურათები და იმ ოჯახის ყოფა, რომლის შვილმაც სამშობლოს სამსხვერპლოზე დაასრულა სიცოცხლე და ერთნაირი დიდი ტკივილი დატოვა ქართველებშიც და აფხაზებშიც. გიორგის უსაყვარლესი ბიძა - მამული არშბა სიცოცხლის ბოლომდე აფხაზეთში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა...

სოკრატ არშბა აფხაზების უდიდესი ავტორიტეტი გახლდათ, პირველი აფხაზი პროფესორი იყო. ოჩამჩირეში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს დაამთავრა. მუშაობდა თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. იკვლევდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი უროლოგი.

გიორგი მიროტაძე ნამდვილ თბილისურ ოჯახში იზრდებოდა. უკვე ცნობილი ქირურგი სოკრატ არშბაც, მისი დაბადების დროს თბილისში ცხოვრობდა. შვილიშვილი ხშირად ხედავდა, როგორ მუშაობდა ბაბუა, როგორ იძახებდნენ საგანგებო შემთხვევებისას კლინიკაში, ხშირად სოხუმშიც გადააფრენდნენ ხოლმე, რათა რთული ვითარებიდან გამოეყვანა ექიმები. ეტყობა, პატარა გიორგის ნელ-ნელა ხიბლავდა ეს პროფესია, რომელიც ადამიანისთვის სიცოცხლის ჩუქების, ტკივილის შემსუბუქების გამო, პროფესიათა შორის ყველაზე მეტად იმსახურებდა მის პატივისცემას... ხშირად შედიოდა ბაბუას სამუშაო ოთახში. ზოგჯერ იმ დისერტაციებსაც ააფრიალებდა ხოლმე, რომლებიც სარეცენზიოდ მოჰქონდათ პროფესორთან. ბატონი სოკრატი მშვიდად იტყოდა: არა უშავს, ეს დისერტაცია, მაგალითად, მეტს არც იმსახურებსო.

გიორგი მიროტაძე მშობლებთან და დასთან

რაც დრო გადიოდა, ბაბუას უფრო და უფრო მიუწევდა გული აფხაზეთისკენ, ენატრებოდა ბავშვობის ადგილები... ამაზე საუბრობდა კიდეც "საბჭოთა აფხაზეთის" კორესპონდენტთან. თავისი სიყვარული შვილიშვილებსაც გადასცა. გიორგისაც ძალიან უყვარდა აფხაზეთში ჩასვლა, მაგრამ არა მარტო აფხაზეთში, საქართველო ფეხდაფეხ ჰქონდა შემოვლილი. დადიოდა მაშინდელი პიონერთა სასახლის ეთნოგრაფიის წრეში. ერთხელ თუშეთში ფეხით მომავალ ბიჭებს მეცხვარის ძაღლი გამოენთო. მეცხვარემ შორიდან დაუძახა: დასხედით, ბიჭებოო! დასხდნენ მიწაზე. ძაღლიც მშვიდად დაუჯდა წინ... მერე გიორგი ჰყვებოდა, როგორ მოვიდა თუში მეცხვარე, როგორ დააშოშმინა ძაღლი, როგორ წაიყვანა ახალგაზრდა, გულნათელი ქართველები თავის ბინაში და გულიანად გაუმასპინძლდა. გიორგის უყვარდა ის მეცხვარეც და ის საქართველოც, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ საიდუმლოს, დაფარულ სიყვარულს აჩვენებდა. მოგზაურობდა ისტორიული ძეგლიდან ძეგლამდე, საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში...

ბოლო წელს თუშეთში ჩავიდა მოლაშქრეებთან ერთად, წამოსვლისას უთქვამს: გული მწყდება, რომ ვერ მოვასწარი და სონეხის მთაზე ვერ ავედი, ამბობენ, რომ ულამაზესი ხედი იშლება იქიდან, აუცილებლად დავბრუნდები, რომ ამ მთაზე ავიდეო...

თბილისის ომი რომ იყო, გიორგი დაიკარგა. მთელ ღამეს ეძებდა მამა. დილით მიაკითხა წითელი ჯვრის განყოფილებას ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში. ასეთ ბიჭს ვეძებ, ხომ არ მოუყვანიათო, უკითხავს. ეგ ბიჭი მთელი ღამე გვეხმარებოდა, რომ გათენდა, მერე წავიდაო. გიორგის კი იქვე სადარბაზოში ეძინა თურმე დაღლილს.

image-1666684070.jpg

1992 წელს, ივლისის ბოლოს აფხაზეთიდან უთვლიდა ბიძა: ჩამოიყვანე ბიჭები და ჩამოდი, აგუძერაში დაისვენეო. მამული (ზაური) არშბა საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი იყო სოხუმში. ცოტა არეულობაა თითქოს მანდ, რა ხდებაო, უკითხავს დას. არაფერი ისეთი, ჩამოდით, გელოდებითო. 14 აგვისტოს ჩაფრინდნენ მარინა არშბა და მისი ვაჟი სოხუმში. რამდენიმე დღეში აგუძერადან პროდუქტების მოსატანად რომ წავიდნენ სოხუმში მანქანით, არ შეუშვეს. ცოტა გაოცებული დარჩნენ მამული არშბაცა და გიორგი მიროტაძეც.

ხმაური ხშირად ატყდებოდა ხოლმე, ვითომდა იძაბებოდა სიტუაცია, მაგრამ გაივლიდა. ახლა, ტყვია გავარდაო..

რამდენიმე დღეში მიადგნენ გვარდიელები არშბების სახლს. ეს სახლი სიაშია, აფხაზისაა და უნდა დაცალოთო. გიორგი აღშფოთებულა: მერე იცით, ვინ იყო ის აფხაზი? ბაბუაჩემი, რომელიც შენისთანებს 60 წელიწადს ემსახურაო. კარგა ხანს კამათობდნენ თურმე. მერე წასულან... მაგრამ გიორგის გულში დარდი კი გაუჩნდა: მე რომ წამოვიდე, მამულის რას უზამენ, იქნებ დავჭირდეთო. კარგა ხნის მერე წამოვიდა თბილისში, მაგრამ გული უკვე ისე ჰქონდა ტკივილით სავსე, შინ რა მოასვენებდა.

ხან ავღანელებთან მივიდა, ხანაც გია ყარყარაშვილთან და დავით თევზაძესთან. აფხაზეთში მინდა წასვლაო. დავით თევზაძის მეუღლეს სასწრაფოდ დაურეკავს გიორგის მშობლებთან: იცით, რომ მიდის აფხაზეთში, უშვებთო? "რა ვქნათ, ვიცით" - იყო ქალბატონ მარინას პასუხი.

16 ნოემბერს 22 წელი შეუსრულდა გიორგის. დაბადების დღე არ გადაუხდია. თანაც, გაცივდა და სიცხე ჰქონდა. თავს უმკურნალა, სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და ცოტა რამ თავადაც შეეძლო, როგორც მომავალ ექიმს. ინჰალაციას იკეთებდა, რომ მალე დამდგარიყო ფეხზე.

დრო ძალიან არეული იყო. "მე თვითონ ავიყვანე თბილისის ზღვაზე, სადაც შტაბი ჰქონდათ, - ამბობს მამამისი, - მესამე დღეს დამირეკა, მივფრინავო".

გიორგი მიროტაძის ბიუსტი

გიორგის რაზმი ბაბუამისის სახლიდან სულ 150-200 მეტრში იყო განლაგებული. ზოგჯერ, როცა დრო ჰქონდა, სახლში მიჰყავდა მეომრები, ათბობდა, აპურებდა.

ერთ დღესაც მიუსწრო, მეზობელი (ქართველი) ხეს ჭრიდა მის ეზოში. რას შვრებიო? - უკითხავს, ხეს ვჭრი, ცივა და შეშა მჭირდებაო. მერე ჩემს ეზოში რატომ ჭრი, შენს ეზოში მოჭერიო. მეორედ ღამით წავიდნენ ბიჭები, ხედავენ, კარია გაღებული და სახლიდან რაღაც გააქვთ. ავტომატები გაუჩხაკუნებიათ: ვინ ხარ, გამოდიო. ვიღაც წამოიმართა, ღობეზე გადახტა და გაიქცა. ისევ ის მეზობელი. ძალიან ეტკინა გული გიორგის, მეორე დღეს თურმე გია ყარყარაშვილთანაც მოუყოლია ეს ამბავი. რატომ არ ესროლე მაროდიორსო, - უთქვამთ ბიჭებს. როგორ ვესროდი! იმის ხელში ვარ გაზრდილი, მისი შვილები ჩემი ამხანაგები არიანო.

გიორგის ბიძამ იახტა აჩუქა, რომელიც ეზოში იდგა. გიორგი რომ გარდაიცვალა, ის იახტაც მოიპარეს. თანაც მალევე.

გიორგი ფრონტელ ექიმებთან და მედიკოსებთან ერთად იყო, წინა ხაზზე ეხმარებოდა დაჭრილებს.

ერთ დღეს უფროსთან ერთად წავიდა მეგობრების სანახავად მთაში, წაუღეს საჭმელი და წამალი. იმ ღამით გიორგი მათთან დარჩა. მოულოდნელად ალყა შემოარტყეს. გიორგის უთქვამს: მე აფხაზი ტყვიას არ მესვრის, თუ ტყვედ ჩავვარდი, სხვებსაც დავეხმარები და გავათავისუფლებ, ამიტომ მე ყურადღებას მივიქცევ და თქვენ ალყა გაარღვიეთო. სჯეროდა, რომ არ ესროდნენ. მისი გული ისევე იყო სავსე აფხაზების სიყვარულით, როგორც ქართველებისა და ვერ წარმოედგინა, რომ მასში ვინმეს მტერი შეიძლებოდა დაენახა.

2-3 დღეში 1992 წელი სრულდებოდა და ახალი წელი დგებოდა. გიორგი იმედებით იყო სავსე...

წამოიმართა. მტერმა ადვილად შენიშნა მაღალი ვაჟკაცი. ორი ტყვია მოხვდა: ერთი - ბარძაყში, მეორე - ღვიძლში. 6 საათს იცოცხლა. ბიჭები ტკივილგამაყუჩებელს უკეთებდნენ, ალყიდან რომ გამოაღწიეს, ხელით გადაჰყავდათ. საავადმყოფოსთან რომ მივიდნენ, უკვე გვიანი იყო. სისხლისგან დაიცალა.

სული დალია აფხაზეთში, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა.

სონეხის მთაზე, რომელზე ასვლაც არ დასცალდა გიორგის, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მეგობრებმა მემორიალური ქვა აიტანეს წარწერით:

"სანამდის იყო ცოცხალი, ვერავინ შეაშინაო,

სიცოცხლე ძვირად გაყიდა,

მერე კი დაიძინაო.

თუშეთზე უსაზღვროდ შეყვარებულ ძმას,

გიორგი მიროტაძეს მეგობრებისგან".

P.S. ბატონ ლევან მიროტაძეს ახლაც გულისტკივილით ახსენდება, რომ სოხუმის ომამდე წლების წინ, სოკრატ არშბას ძმას, კონსტანტინეს, მეუღლე გარდაეცვალა და აფხაზეთიდან სამძიმარზე ბევრი ნათესავი და მოკეთე ჩამოუვიდა თბილისში. შემდეგ რუსთაველზე გაუვლიათ. წაწყდომიან მიტინგებს. უსმენდნენ თურმე და გაოცებული კითხულობდნენ: ვინ არიან ეს ადამიანები? საიდან ჩამოფრინდნენო? მაშინ ვერც ლევან მიროტაძე წარმოიდგენდა, რომ წლების მერე ომი დაიწყებოდა. "საიდანღაც ჩამოფრენილ შუღლს" ექნებოდა ზუსტი მისამართი, მეზობელი ძლევამოსილი ქვეყანა და ეს წვეთწვეთობით მოწოდებული ღვარძლიც ისე ადიდდებოდა, როგორც გაზაფხულის მთის მდინარე და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს წალეკავდა.

ქარცეცხლს გადარჩენილებს კი დარჩებოდათ დიდი ტკივილი, იმგვარი, როგორიც გიორგი მიროტაძეა, ქართველებისა და აფხაზების შეცდომების მსხვერპლად ქცეული საამაყო ყმაწვილი.

ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი", #78