5000 წლის წინანდელი ბროლის იარაღი - კვირის პალიტრა

5000 წლის წინანდელი ბროლის იარაღი

ესპანეთში, ვალენსია დე ლა კონსეპსიონის მეგალითურ სამარხში არქეოლოგები გათხრებმა გასაოცარ აღმოჩენამდე მიიყვანა.

აქ ბროლისგან დამზადებული იშვიათი იარაღები იპოვეს. მათ შორის მოგრძო ხანჯალი, ოცდახუთი ისრის ბუნიკი და მასალა, რისგანაც არტეფაქტები მზადდებოდა. ამ ყველაფერს ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, მეგალითურ სამარხში მიაკვლიეს, რომელიც ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება.

ექსპერტთა თქმით, იშვიათი რელიკვიები კარგად არის შემონახული. სიძველეები დაახლოებით 5 ათასი წლის წინანდლად მიიჩნევა. აქ გათხრები 2007-2010 წლებში მიმდინარეობდა. მეგალითური ნაგებობა სიმაღლით 44 მეტრი იყო, დიდი ზომის ქვებით აგებული. სამარხში იპოვეს, სულ ცოტა, ოცდახუთი ადამიანის ნეშტი. ანალიზისას დადგინდა, რომ დამარხული იყო ერთი მამაკაცი და მრავალი ქალი, რომლებსაც საწამლავი დაალევინეს. სპეციალისტთა ვარაუდით, სამარხი ბელადის უნდა ყოფილიყო.

სამარხში მრავალ საინტერესო არტეფაქტს მიაკვლიეს. გამოირჩევა მძივებით დეკორირებული სუდარა. ამასთან, ადამიანთა ნაშთებთან იპოვეს საბრძოლო ისრის ბუნიკები. მათი ერთად პოვნა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ეს რამე დასაკრძალავი რიტუალის ნაწილი იყო. როგორც დადგინდა, ბროლი სამარხიდან ახლოს მდებარე რეგიონიდან იყო მოტანილი.

სამარხის მეზობლად მეორე, მსგავსად აგებულ შენობაში აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცის ნაშთები, რომლის ასაკი სიკვდილის მომენტისთვის 17-დან 25 წლამდე უნდა ყოფილიყო. მამაკაცის თავთან იდო სპილოს ეშვი, კაჟის ოცდასამი დანის პირი და სპილოს ძვლის რამდენიმე ნაკეთობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბროლის ხანჯლის პირი. მისი სიგრძე 214 მმ-ია,სიგანე 59 მმ და სისქე - 13 მმ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ეპოქაში, რომელსაც ბროლის იარაღები განეკუთვნება, რეგიონისთვის მათი წარმოება უცხო არ იყო. თუმცა ბროლის მაღაროსთვის ჯერ არ მიუკვლევიათ. სავარაუდოდ, მასალის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ. ბროლის იარაღის ფლობა, მეცნიერთა დასკვნით, წარჩინებულთათვის პრივილეგიას წარმოადგენდა. სამარხის შესწავლა გრძელდება.

მომზადებულია ancient-origins.net-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი", #78