"შოთა ნიშნიანიძე ჩემი უიმედო სიყვარული იყო"
"პატარა ჩიტუნა მაინც ვარ, თუ გინდაც არ ვგავდე იადონს"
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოციალურ საიტ "ფეისბუქზე" მოყვარულის მიერ გადაღებული კლიპი გამოჩნდა. კადრში ხანში შესული ქალი ახალგაზრდებს თავის ლექსებს უკითხავს. ღრმა და ემოციური ლექსების პატრონმა მყისვე მიიქცია უამრავი ადამიანის ყურადღება და "ფეისბუქზე" მისი ასავალ-დასავლის ძებნა დაიწყო. "ძაფის გორგალმა" თბილისში, ნაძალადევში, ტრიკოტაჟის ფაბრიკის საერთო საცხოვრებელში მიმიყვანა. პოეტი რუსუდან გიგინაშვილი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, სადაც ყველაფერს სიღარიბის კვალი ეტყობა. "ვინ ხართ, ჟურნალისტი? - გაოცებული მეკითხება, - ვის გავახსენდი?" - დიდ, ცისფერ თვალებზე ცრემლი ადგება და ხელებაკანკალებული ბოლომდე მიღებს კარს.
21 სექტემბერს 67 წლის გახდება, მაგრამ ჯერ მისთვის არავის მიულოცავს დაბადების დღე, არც საჩუქარი მიურთმევიათ. არადა, მთელი ცხოვრება ნატრობს, რომ ვინმემ ვარდების თაიგული აჩუქოს. ისე კი თვითონაც ყვავილს ჰგავს, ნაგვიანებს, უკვე ზამთარი რომ შეჰპარვია, მაგრამ ცისფერი თვალებიდან მაინც გაზაფხულს ასხივებდა.
რუსუდან გიგინაშვილი ორი პოეტური კრებულის ავტორია, მესამეც მზად აქვს გამომცემლის მოლოდინში.
"ჩემი ცხოვრება ღვთის სასწაულია"
დაბადებიდან 9 წლის განმავლობაში არც ფეხზე გამივლია და სიტყვაც არ მითქვამს. ღმერთმა უცებ და მოულოდნელად ინება ჩემი ფეხის და ენის ადგმა. გავიარე, სიტყვაც ვთქვი და მას მერე ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველი დღისათვის, რადგან მომცა იმის ნიჭი, რასაც ვგრძნობ, პოეზიის ენით ვთქვა.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დავიბადე, დედა 9 თვისას გარდამეცვალა, კიდევ 9 თვის შემდეგ მას მამაც მიჰყვა. ბებია, პაპა და ძმა მზრდიდნენ. ფიცრულ ქოხში ვცხოვრობდით, სადაც ზამთარში ქარაშოტი დანავარდობდა, მაგრამ ბებიას დამჭკნარი მკლავები და თბილი მკერდი მათბობდა. მუხლს მოიდრეკდა და ლოცულობდა ხოლმე, უშველე, ღმერთო, ჩემს ობლებსო.
ფეხზე დადგომიდან მალევე ბებიაც გამომეცალა ხელიდან. აღარც პაპა იყო. დავრჩით მე და ჩემი ძმა. მეგონა, ობლის კვერი ჩვეენთვისაც გამოცხვებოდა, მაგრამ ამაო მოლოდინში გავიდა დრო. თითქოს სიკვდილი დასდევდა ჩვენს ოჯახს. ჩემი ძმა და რძალიც ნაადრევად დაიღუპნენ და ორი ობოლი გოგონა, ძმისშვილები დამრჩა აღსაზრდელი. ახლა ორივე გათხოვილია.
პირველი სიყვარული
სიყვარულზე ვოცნებობდი. ჩემი ოცნების "პრინცი" მაღალი, მხრებგანიერი, ცისფერთვალება უნდა ყოფილიყო. ასეთი "პრინცი" აგროტექნიკუმში მეორე კურსზე სწავლის დროს გამოჩნდა. ჩემზე 15 წლით უფროსი მასწავლებელი, თანაც უცოლო. ცხადია, უამრავ ლამაზ სტუდენტში, მე, ღარიბს და მოკრძალებულს, ვერ შემამჩნევდა, არადა, შემიყვარდა. ერთ დღესაც პრაქტიკულ სწავლებაზე, ვენახის ძირში რომ ვიყავი ფიქრებში ჩაძირული, მოვიდა და მკითხა, მარტო რატომ ზიხარო. სულ ჩამივარდა ენა. კიდევ კარგი, მალე დაუძახეს და წავიდა. ამ ერთწუთიანი ყურადღებით თითქოს დიდი სინათლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მძიმეა ობოლი გოგოს ცხოვრება, როცა იცი, რომ არავის უყვარხარ, არავინ გეტრფის, არავის უნდა შენი პატრონობა. ოთხი წელი უხმოდ ვისწავლე. ტრანსპორტით ერთად ვმგზავრობდით ხოლმე. წინ ის იჯდა, უკან - მე. მივედი და მივაწოდე ლექსი: "...დაიცა, რა ზღაპარს გიამბობ./ შეჩერდი, მომხედე მაინცა,/ სათქმელი რომ გითხრა, კია დრო./ პატარა ჩიტუნა მაინც ვარ,/ თუ გინდაც არ ვგავდე იადონს". ცივად გამომართვა ლექსი და ამით დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. მერე გული დამწყდა, რომ ის კაცი მიყვარდა. ძალიან ცუდია, როდესაც ვიღაც მხოლოდ გარეგნულად ჰგავს შენი ოცნების მამაკაცს, მაგრამ სულიერება არა აქვს.
გამხელილი გრძნობა
დიდხანს ვერ ვბედავდი საქვეყნოდ იმის თქმას, რომ ლექსებს ვწერდი. თუმცა, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში იცოდნენ და ერთხელაც, როდესაც იოსებ ნონეშვილი გვესტუმრა, დამიძახეს ლექსის სათქმელად. აღფრთოვანებულმა მითხრა, ყოჩაღ, გოგონა, ლამაზ ლექსებს წერთო. ამის შემდეგ ლიტერატურულ წრეზეც დავიწყე სიარული და მალე დაიბეჭდა ჩემი ლექსები "აღმომაჩინე" და "ყაყაჩოები", მიწვევდნენ ტელევიზიებში, წერდნენ გაზეთებში...
მოგვიანებით გავიცანი და ძალიან შემიყვარდა შოთა ნიშნიანიძე. ეს იყო უანგარო სიყვარული, ოღონდ ის ყოფილიყო ბედნიერი, სხვა არაფერი მინდოდა. შოთას გოროზი გარეგნობა ჰქონდა და მზესავით თბილი გული. როდესაც სიყვარული გავუმხილე, მითხრა, როგორც ქალი არ მიყვარხარ, რუსუდან, მე ცოლ-შვილი მყავს, შენ კი ჩემთვის მეგობარი ხარ, რომელსაც ყოველთვის გვერდში დავუდგებიო. ასეც იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ორი კრებული დამიბეჭდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლესა და ქალიშვილთან, ნათიასთან განვაგრძობ ურთიერთობას. ძალიან მიყვარს ორივე. ლექსს დავწერდი თუ არა, პირველად შოთას ვუკითხავდი. ვეუბნებოდი ხოლმე, არ იცით, რა ძნელია, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზე იყოს და ვერ მისწვდე-მეთქი. ეღიმებოდა და თანამიგრძნობდა. შოთამ თავისი კრებული რომ მაჩუქა, ლექსით გადავუხადე მადლობა: "შოთა ნიშნიანიძემ მაჩუქა წიგნი,/ აუ, რა მარგალიტები აწყვია შიგნით./ ვიყავი ღარიბი და გავხდი მდიდარი,/ ჩემს ციცქნა სახლშია ამხელა ტიტანი".
ძალიან მიყვარს მარტი, გაზაფხული, ყვავილები და ისიც ვიცი, რომ ყვავილებს არავინ მომართმევს. ამიტომაც მაინც დავდივარ და ვფიქრობ, ჩემს არარსებულ შეყვარებულზე.
"დაბნეულმა ვერ მოვძებნე მოძღვრისკენ მიმავალი გზა"
ჩემი ცხოვრება უფლის წყალობაა. დაბადებიდან დღემდე ის მიფარავს. სასწაულებრივად ჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც მეხმარებოდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. ახლაც ასეა, ჩემი პენსიის ამარა ვარ. რომ არა დაავადებები, სიღარიბეც არ მადარდებდა, მაგრამ ტკივილი მკლავს. ერთხანს ნერვული სისტემის დაავადებამ სახე ისე დამინაოჭა, რომ ადამიანს აღარ ვგავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ როცა სახეზე ნაოჭები მატულობდა, ჩემს სულში ქრებოდა ისინი და ეტყობა, იძალა ნაოჭგახსნილმა სულმა და სახეც გამისწორა. იყო მძიმე დროც, როცა ყოველ წუთს სიკვდილზე ვფიქრობდი. საპატრიარქოში მივედი, მაგრამ სამწუხაროდ, პატრიარქთან შეხვედრა ვერ შევძელი. მჭირდებოდა სულიერი მამა, თუმცა დაბნეულმა ვერ მოვძებნე მოძღვრისკენ მიმავალი გზა".
ერთადერთი ოცნება
ძალიან მინდა ერთი პოეზიის საღამო გავმართო სადმე. არავისთვის არაფერი მითხოვია. ერთხელ ტელევიზიასა და თეატრში წავედი დუტას მოსაძებნად. თელაველია, ეგებ დამეხმაროს და ხალხს ჩემი თავი შეახსენოს-მეთქი. ვერ ვნახე.
მესამე წიგნი დამიკონსერვეს, რადგან ფული არ მქონდა, შოთა კი მომიკვდა და ქვეყანაც ისე დაიქცა, ჩემს საპატრონოდ ვეღარავინ მოიცალა. არადა, ეს ლექსებია ადამიანებისგან სიყვარულის მიღების ერთადერთი საშუალება ჩემთვის. როდესაც ჩემი ლექსით აღტაცებას გამოხატავენ, მზით ვივსები და მიხარია სიცოცხლე.
პ. ს. ქალბატონი რუსუდანი სწორედ ისეთია, როგორც ერთ-ერთ ლექსში ამბობს: "ჩემი ოცნების ტყეში დავეხეტები ცალად,/ ვცხოვრობ ბალახის ღერში და მაქვს ბალახის ძალა,/ თვითონ ბალახი მკოცნის, თვითონ ბალახი მათრობს,/ ერთად ვიძინებთ ლოცვით, მცივა? ბალახი მათბობს./ ვისთან დავიწყებ ქადილს, ვის გავუმართავ დავას?/ ბალახზე ჩუმი ქალი, ბალახთან ერთად წავალ".