ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან. ყოველკვირეულ გაზეთ "ივერიის" პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში. "ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი.

ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი "დროება" 1866 წლის 4 მარტს თბილისში დაარსდა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად გადაიქცა. მისი პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი. საცენზურო წესდების დარღვევის გამო, დახურეს 1885 წლის 16 სექტემბერს.

ციხე (გურია). ვინც არ მოსწრებია, გაუგონია მაინც, რომ გურიაშიც იყო ერთხელ შესანიშნავის ჯიშის ვაზები, როგორც მაგ., ჩხავერი, ჯონი, ტევან-დიდი და სხვ. დიაღ, იყო და აღარ არის - ბუნების უკუღმართმა მიმდინარეობამ სხვა ბედნიერებასთან ერთად გურული მევენახეობაც წარიტაცა. დავრჩით გუგულები "ადესას" (იზაბელლას) შემყურე. გული გვიკვდებოდა ჩხავერის მომგონთ და არ ვფიქრობდით, თუ ოდესმე მის გამრავლებას ვეღირსებოდით. მაგრამ თურმე ადამიანის ცოდნას ბუნებასთან ბრძოლა შესძლებია. ეს სამი წელიწადია, რაც ძმათა შარაშიძეთა სოფ. ციხეს დააარსეს კერძო სკოლა სამეურნეო განყოფილებით. ამერიკის ვაზზე ამყნეს ჩვენებური (გურული) ჯიშები. ჩვენდა სასიხარულოდ,

ყველამ საუცხოვო ნაყოფი გამოიღო. ძველი კაცები, როცა სკოლის ვენახს ათვალიერებენ, აღტაცებაში მოდიან და ძველს დროს იგონებენ. შარაშიძის ვენახი მთელის მხრისათვის მისაბაძი შეიქმნა და სკოლამ თავის ეზოს გარედაც შესანიშნავი ნაყოფი მოიტანა. საზოგადოდ, გურული მიმბაძველია და, აბა, რა გასაკვირველია, რომ შარაშიძის მაგალითისთვის მიებაძნათ.

საბედნიეროდ, ასეთი მიბაძვა ყველგან ნაყოფიერი გამოდგა. მსურველი კიდევ მეტია, მაგრამ დამყნილის ვაზის შოვნა ძლიერ გასჭირდა და თან ძვირადაც ჯდება. ამისათვის სკოლის ვენახის გამგემ აგრონომმა ალექ. დავ. შარაშიძემ განიზრახა შეადგინოს გურულ მევენახეთა ამხანაგობა "ჩხავერი". ამხანაგობის უმთავრესი აზრი და დანიშნულება იქნება - გამართოს სამაგალითო სავენახე და გაამრავლოს მოვარჯიშე მოსწავლენი. ამყნოს ამერიკის ვაზზე სხვა-და-სხვა გურიისათვის გამოსადეგი ჯიშის ვაზი და, ამხანაგობას როგორც დაუჯდება, ისე მიაწოდოს თავისს წევრს. ამხანაგობამ უნდა იყოლიოს მოსიარულე მევენახე (ინსტრუქტორი), რომელმაც წევრებს უნდა დაურიგოს ვაზი და მის მოვლას ადევნოს თვალ-ყური და სხვ.

რასაკვირველია, ეს აზრი ძრიელ სიმპატიურია და, ეჭვი არ არის, მისი განხორციელება სკოლაზე ნაკლებს ნაყოფს არ მოიტანს. იმედია, გურულ მევენახეობის მიმდევარნი მხარს მისცემენ ბ-ნ შარაშიძეს ამ კეთილ საქმეთა დაგვირგვინებაში და მთელის თავისის ძალ-ღონით დაეხმარებიან.

სულით და გულით ვურჩევთ ყველა გურულს ვისაც არ უნახავს ძმ. შარაშიძეთა სკოლა, ჰნახოს და ისიამოვნოს.

"ივერია", 1902 წ. #189

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი", #78