"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები - კვირის პალიტრა

"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები

სურათი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სასაფლაოზე მის მუშაკებს დახვდათ, ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივიდან" ამოგლეჯილს ჰგავდა: ხანშიშესული, კარგად ჩაცმული ქალბატონი ასაკოვანი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული.

მალე გარდაცვლილის ვინაობა გაირკვა - თურმე დასაფლავებულის ქვრივი იყო. პატრონსაც მიაგნეს და ქალბატონმა მეუღლის გვერდით ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი.

ვინ იყო ის ქალი? რა ტრაგედია დატრიალდა მის ცხოვრებაში?..

ტრაგედია უძეგლო გმირით

ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო. ჩვენი გმირი მაშინ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ქალი და ორი ქალიშვილის დედა გახლდათ. კრიზისმა ოჯახი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა, ამიტომ ინგლისში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. დატრიალდა, წასასვლელად საჭირო თანხა ისესხა და გაემგზავრა. ენობრივი ბარიერის გამო ლონდონში სამსახურის მოძებნა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. საცხოვრებელის საკითხი შედარებით იოლად გადაწყდა - ნაცნობმა ქალბატონმა შეიფარა.

ერთ ოთახში ექვს ქალს ეძინა, ისეთ ჩიხში აღმოჩნდა, რომ ერთხანს თავის მოკვლაც კი იფიქრა. მოიკლავდა კიდეც, მაგრამ როცა წარმოიდგინა რა დღე დაადგებოდა მის ოჯახს, ეს აზრი თავიდან ამოიგდო. ცალკე ახლობლებზე დარდით უსკდებოდა გული, ამიტომ როგორღაც ძალა მოიკრიბა და ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. დღე-ღამეს ასწორებდა; საერთო ოთახში რომ არავინ შეეწუხებინა, ღამით თავზე საბან გადაფარებული მეცადინეობდა. ბოლოს შინამოსამსახურის ადგილი იშოვა და პირველი ფულიც გაუჩნდა.

ურიგო თანხას არ უხდიდნენ, მაგრამ თავისთვის არაფერი ემეტებოდა და ფულის დიდ ნაწილს სახლში აგზავნიდა. ვალის გასტუმრების შემდეგ მეუღლემ თხოვა - სახლში დაბრუნდიო. ბავშვებს კი დედა ენატრებოდათ, მაგრამ ყურიც არ ათხოვა: რა დაბრუნება, რის დაბრუნება, ოჯახს ათასი რამ ჭირდება, შვილების მომავალზე და სწავლა-განათლებაზე უნდა ვიზრუნო, მანდ რას გარგებთო.

ამასობაში წლები გავიდა, ქალიშვილები წამოიზარდნენ. დედა მუხლჩაუხრელად შრომობდა და ძალიან იყოჩაღა: შვილების სწავლის საფასური ხომ გადაიხადა, კიდევ ცალ-ცალკე ბინები უყიდა და უზრუნველი ცხოვრებისთვისაც ფულს არ აკლებდა. მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა.

სახლში შეეგება მონატრებული და, საბედნიეროდ, ერთგული მეუღლე, რომელსაც ცოლზე დარდით ორჯერ ინფარქტი გადაეტანა. სამაგიეროდ ქალიშვილები დახვდნენ ფრიად გაუცხოებულნი. დიდი ხნის უნახავ დედას დაწვრილებით ჩამოუთვალეს კიდევ რა პრობლემები ჰქონდათ მოსაგვარებელი და რამდენი ფული სჭირდებოდათ. მერე მეუღლისგანაც იგრძნო მინიშნება - საზღვარგარეთ უნდა დაბრუნდეო. "ერთ კვირაში მივხვდი რომ ზედმეტი ვიყავი!" - ამბობდა მოგვიანებით. თვალცრემლიანი ისევ ინგლისში გაემგზავრა. აეროპორტში მხოლოდ მეუღლემ გააცილა.

მერე ისევ თავდაუზოგავი შრომა და დაპროგრამებული ავტომატივით ოჯახისთვის ფულის გამოგზავნა. თითქოს, აზარტში შევიდაო, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი თანხა დაეზოგა, რომ ოჯახისთვის მეტი გაეგზავნა. საკუთარი თავისთვის კი კაპიკსაც გაჭირვებით იმეტებდა. ჩამოსასვლელად ვეღარც იცლიდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: შვილებს უნდა ჰქონოდათ ყველაფერი რაც შეიძლება ბევრი და, ამასთან, საუკეთესო. ამასობაში მეუღლე გარდაიცვალა. დაკრძალვაზე შვილებმა ისე ცივად მიიღეს, რომ გულმოკლული ისევ ინგლისში დაბრუნდა. მუშაობა და ფულის გაგზავნა - ესღა იყო ახლა მისი ცხოვრების აზრი.

ახლობლების სახეები სადღაც შორს, მირაჟივით დაშორდნენ. ამასობაში ოცდაშვიდი წელი გავიდა... შვილებმა ცხოვრება აიწყეს და რაღაც მომენტში იგრძნო, რომ აღარც იყო მათთვის საჭირო. ცხოვრება ხელის გულზე თოვლის ფიფქივით შემოადნა, ლიმონივით გამოწურულმა თავი სრულ მარტოსულად იგრძნო. ნელ-ნელა სიკვდილზე ფიქრები მოეძალა და მეგობარს სთხოვა: ფულს გამოგიგზავნი და საფლავისთვის ნაკვეთი მიყიდეო. სწორედ მეგობარს და არა შვილებს.

დაბერებული და დასნეულებული დაბრუნდა სამშობლოში, საიდანაც ოდესღაც ახალგაზრდა და ენერგიით სავსე გაემგზავრა და სადაც უკვე აღარავინ ელოდა - აღარც გარდაცვლილი მეუღლე და აღარც ცოცხალი შვილები. დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მეუღლის საფლავზე გარდაცვლილი ნახეს. როგორც ჩანს, გულმა უმტყუნა.

"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან!" - იტყოდა ნიკო ლორთქიფანიძე. თავად უფრო მკაცრად შეაფასა საკუთარი ცხოვრება: "იქნებ ოჯახს საზღვარგარეთ წასვლით იმაზე მეტი დავაკელი, ვიდრე იმ ფულადი გზავნილებით მივეცი?.. იქნებ ჯობდა, არ წავსულიყავი, დავრჩენილიყავი და ერთად გადაგვეტანა გაჭირვება? იქნებ მაშინ მეუღლეს ჩემზე დარდით ინფარქტი არ დამართვოდა, ხოლო შვილებს კი ჩემი სიყვარული არ დაეკარგათო? "- უთქვამს მეგობრისთვის სიკვდილიდან ცოტა ხნით ადრე. ძნელი სათქმელია!

ფაქტია, რომ საკუთარი სიცოცხლე მთლიანად შვილებს მიუძღვნა; ანუ ეს არ ყოფილა "ტრაგედია უგმიროთ"; ეს იყო უფრო "თავსაფრიანი დედაკაცის" თანამედროვე ვერსია...

"თვითტრეფიკინგი", ოჯახური ტრეფიკინგი და "ბანკომატი" დედები

ქალების მასობრივი შრომითი მიგრაცია საზღვარგარეთ, ძირითადად, 2002 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2003 წელს ფულადი გზავნილების საერთო ოდენობა იყო 236 მლნ დოლარი, 2011– ში კი – მილიარდ 200 მილიონს მიაღწია. ექსპერტული გათვლებით, უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების გარეშე, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 20-25%-ით მეტი იქნებოდა.

ამ ადამიანებმა ქვეყანას და საზოგადოებას დაუფასებელი სამსახური გაუწიეს. საუბედუროდ, მათი ამაგი აშკარად ჯეროვნად ვერ ფასდება. ამ კუთხით პირნათელი ვერც სახელმწიფოა და, ხშირ შემთხვევაში, ვერც საკუთარი ოჯახები. აი რას ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი ციური ანთაძე:

- სამი წელი ვმუშაობდი დაბრუნებულ მიგრანტებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენდი სხვადასხვა ისტორიებს იმ პრობლემებზე, რაც მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დახვდათ.

ჩვენი ქალები ხშირად "თვითტრეფიკინგისა" და "ოჯახური ტრეფიკინგის" მსხვერპლნი არიან. "თვითტრეფიკინგში" იგულისხმება, როდესაც ადამიანს, შესაძლოა, არც უნდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, მაგრამ თავს არწმუნებს რომ ეს არის ოჯახის გადასარჩენად საჭირო თავგანწირვა; უკვე წასულებს კი ხშირად ძალიანაც უნდათ სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ იმავე არგუმენტით თავს დარჩენას აიძულებენ.

ოჯახური ტრეფიკინგის შემთხვევაში ახლობლები ფსიქოლოგიურად და მორალურად ისე პრესავენ, რომ იძულებულია საზღვარგარეთ დარჩეს და გაუსაძლისი შრომა გააგრძელოს.

ერთი ქართველი ქალბატონი წლების განმავლობაში საბერძნეთში მუხლჩაუხრელი შრომობდა. გამომუშავებულ ფულს თითქმის მთლიანად მეუღლეს და ორ შვილს უგზავნიდა. წლების მერე დაბრუნებულს კი მეუღლე სხვა ქალთან დაოჯახებული დახვდა. შვილებმაც ვერ მიიღეს გაუცხოებული დედა. მიჭირს იმ ქალბატონის ემოციებისა და სტრესის სიტყვებით გადმოცემა. იძულებული გახდა ისევ საბერძნეთში დაბრუნებულიყო.

ისეთი ფაქტებიც მახსენდება, როდესაც ზრდასრულ შვილებს მაინც და მაინც არ გახარებიათ დედის დაბრუნება, ანუ ერჩივნათ ისევ დარჩენილიყო საზღვარგარეთ და მათთვის ფული ეგზავნა. ერთხელ ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი: 72-75 წლის ქალბატონმა მიგრანტებისთვის გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში დახმარების მისაღებად მოგვაკითხა. საუბრისას გაირკვა, რომ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გადაწყვიტა, სამედიცინო დახმარების კომპონენტით ესარგებლა. ზორბა აღნაგობის, ასე ოცდათხუთმეტი წლის ვაჟი კი აგრესიულად ურჩევდა ბიზნეს-გრანტის აღებას. მერე კი შესაძლო დახმარების თანხაც ეცოტავა და დედას ჩხუბი დაუწყო: რატომ დაბრუნდი, მე ხომ გეუბნებოდი არ ჩამოსულიყავიო. ქალმა ტირილი დაიწყო: - ჩვიდმეტი წელი ვიმუშავე და ფული გიგზავნე. ახლა ხომ ხედავ, ავად ვარ და მუშაობა უბრალოდ აღარ შემიძლიაო.

შემძრა ამ შემთხვევამ. აი, ეს იყო ოჯახური ტრეფიკინგის კლასიკური მაგალითი. ამაზე სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ ემიგრანტები.

2015 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების პროგრამა მოქმედებს. მსგავსი პროექტები საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ადრეც ხორციელდებოდა. პროგრამის ფარგლებში მიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარება, აგრეთვე ისარგებლონ თვითდასაქმების პროგრამით, მცირე მიკრო-ბიზნეს გრანტებით და ა.შ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი შრომით მიგრანტთა მასობრივი დაბრუნების ტალღა დაიწყება. ეს არც ისე შეუძლებელია, როგორც შეიძლება ერთი დანახვით მოგვეჩვენოს.

ქალბატონი ცისანა მამაიაშვილის სიტყვით, რომელიც უკვე თორმეტი წელია რაც საბერძნეთში იმყოფება, უამრავია ისეთი, რომელთაც დაბრუნება უნდათ, მაგრამ ვერ ბედავენ იმის შიშით, რომ მიზერული პენსია ელემენტარულ საჭიროებასაც ვერ გასწვდება. ამ დროს, მუშაობის თავიც კი აღარ აქვთ - ძლივს დადიან. მათ შორის 75 წლის მოხუცებიც კი არიან. ქალბატონ ლიანა მიქელაძეს, რომელიც 2005 წლიდან თურქეთში საქმიანობს, მიაჩნია, რომ შრომითი მიგრანტებისთვის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროგრამები სასიცოცხლოდ აუცილებელია.

როდესაც უცხოეთში ჭაპანწყვეტის შემდეგ მიგრანტები სამშობლოში ბრუნდებიან, აქ უკვე გაზრდილი შვილები და შეცვლილი საზოგადოება ხვდებათ. სწორედ ამიტომ "ფსიქოლოგიური დაბრუნება" ძალიან უჭირთ და უმძიმესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

ძნელია გაუცხოების გადალახვა, როდესაც ოჯახის თვალში ქალი მხოლოდ წყობიდან გამოსული ბანკომატია. მასობრივი დაბრუნების ტალღას ფსიქოლოგები მომზადებულნი უნდა დახვდნენ. დაუშვებელია უცხოეთში ახლობელთა გადასარჩენად გადახვეწილი ქალბატონები იმ ყველასგან დაუფასებელ დიდებულ ადამიანთა რიგში აღმოჩნდნენ, რომლებიც უძეგლოდ იკარგებიან.

მედეა გოგსაძე (სპეციალურად საიტისთვის)