ბათუმში ავტომანქანა ფეხით მოსიარულე დედას და მის ორ შვილს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში ავტომანქანა ფეხით მოსიარულე დედას და მის ორ შვილს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განუცხადა, დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მცირე მოტეხილობები აღენიშნებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ქვეითად გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მოქალაქეებს დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.