"მანქანა ქალს მაშინ დაეჯახა, როდესც ის ქუჩას ასუფთავებდა" - კიდევ ერთი მსხვერპლით დასრულებული ავარია - კვირის პალიტრა

"მანქანა ქალს მაშინ დაეჯახა, როდესც ის ქუჩას ასუფთავებდა" - კიდევ ერთი მსხვერპლით დასრულებული ავარია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ქუთაისის "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა.

"სწრაფად მოდიოდა მანქანა და ქალს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, გამყოფი ზოლის პირზე მოხდა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც.

როგორც "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანაძე აცხადებს, გარდაცვლილი ქალბატონი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

"ძალიან ცუდი რამ მოხდა. როგორც ვიცი, ქალბატონის სოციალური მდგომარეობა მძიმე იყო და ის ოჯხის ერთადერთი მარჩენალი იყო", - ამბობს "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე.

"ინტერპრესნიუს"