ნიკას პროთეზები სჭირდება, რათა დამოუკიდებლად იაროს - კვირის პალიტრა

ნიკას პროთეზები სჭირდება, რათა დამოუკიდებლად იაროს

ნიკა ჩლაიძე: "ძალიან კარგ კოლეჯში ვსწავლობ, შშმ პირებისთვის გარემო ადაპტირებულია. პედაგოგები მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. ახლა უკვე ვიცი, რა მინდა და რა უნდა გავაკეთო მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, რამდენიმე წელში პროფესიონალი ვიქნები, რომელსაც ექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი"

ნიკა ჩლაიძე "კვირის პალიტრის" მკითხველმა 2011 წელს გაიცნო. 10 წლის ბიჭი ჩვენი გაზეთის ფურცელზე მეტად სევდიანი ამბის გამო მოხვდა - ის თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა. მუხლის სახსრები, წვივისა და ქუსლის ძვლები არ ჰქონდა. მისი მომავალიც თითქოს დაბადებისთანავე გადაწყდა - ეტლს მიჯაჭვული ადამიანის ცხოვრება. მაშინ დედამ მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო და სამი წლისას ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთა. არწმუნებდნენ - 13 წლამდე დაველოდოთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ოპერაციაო. ნიკა ოთხი წლის იყო, როცა "ორთოჯორჯიაში" გაკეთებული პროთეზებით ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

2011 წელს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველმა (მათ შორის ემიგრანტებმა) ბიჭუნას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იტალიაში მოღვაწე ქართველი ფიზიოთერაპევტის დახმარებით, ყოფილი ავტომრბოლელის, ალესანდრო ძანარდის სახელობის საქველმოქმედო ფონდში ჩავიდა და ახალი პროთეზები მოარგეს. ასაკის მატებასთან ერთად, მოზარდს რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხელოვნური კიდურების გაკეთება უწევს.

ახალი ეტაპი

ნიკა ახლა 16 წლისაა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში აგრძელებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეუფლება. ნიკა ბოლოს შარშან რომ ვნახე, ჯერ კიდევ მორცხვი ბიჭუნა იყო, ამ ინტერვიუს ჩაწერისას კი დიდი კაცივით მესაუბრა გეგმებზე.

ნიკა ჩლაიძე: - ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უგამოცდო მიღება გამოაცხადა. შემეძლო, პირდაპირ ამერჩია ფაკულტეტი, თუმცა ამით არ მისარგებლია. გამოცდებზე გავედი. გადავლახე ბარიერი და ჩავირიცხე. ვეუფლები ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერის პროფესიას. მინდა, ქსელის ადმინისტრატორი გავხდე.

ძალიან კარგი კოლეჯია, გარემო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პედაგოგები მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. ახლა უკვე ვიცი, რა მინდა და რა უნდა გავაკეთო მიზნის მისაღწევად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლეჯის დირექტორს ბატონ მამუკა ჯანჯალიას, ჩემს ლექტორებს, ქალბატონ ეკა ღვინიაშვილს და მარიკა მაღლაკელიძეს, რომლებიც ლექციების დამთავრების შემდეგაც მეხმარებიან გადაადგილებაში, ბატონ მურმან ჯახველაძეს, რომელიც ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მისი წყალობით ცხოვრებას სულ სხვანაირად შევხედე. ვფიქრობ, რამდენიმე წელში პროფესიონალი ვიქნები, რომელსაც ექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი.

"ამ პროთეზების შეკეთება უკვე შეუძლებელია..."

მას შემდეგ, რაც ვადაგასული პროთეზების შეკეთება შეუძლებელი გახდა, ნიკას ისევ ეტლში მოუწია ჩაჯდომამ.

სოფიო გულიკაშვილი, ნიკას დედა: "პროთეზს, რითიც ბოლო წლებია, ნიკა სარგებლობს, ექსპლუატაციის ვადა სამი წლის წინ ამოეწურა. აღარ მახსოვს, რამდენჯერ შევაკეთეთ, თუმცა ახლა აღარაფერი ეშველება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპროთეზოს ხელოსნებს ირაკლი გულბანს და კახა ქათამაძეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ნიკას დამოუკიდებლად სიარული შესძლებოდა. ასევე დიდი მადლობა თქვენ, გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციას. ნიკას თითქმის ყველა პროთეზის შეძენაში დიდი წვლილი მიგიძღვით. თქვენს გაზეთში დაბეჭდილი სტატიების შემდეგ გვიკავშირდებიან და პროთეზების შეძენაში გვეხმარებიან. სამწუხაროდ, ახლაც იგივე პრობლემის წინაშე დავდექით.

ნიკა კოლეჯში ყოველ დილით მე მიმყავდა, მაგრამ იქიდან დამოუკიდებლად ბრუნდებოდა. მეტროთიც უსარგებლია და ავტობუსითაც. მას შემდეგ, რაც ეტლით დაიწყო სიარული, მისი გადაადგილებაც გართულდა. არადა, ის ახლა ყველაზე მიზანდასახული და ბედნიერია, რომ პროფესიას ეუფლება. თუმცა, ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებლად გადაადგილება. ჯანდაცვის სამინისტრომ თითო პროთეზის გასაკეთებლად 3 950-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცა, არადა, გერმანული პროთეზი (ხარისხიანი) დაახლოებით 25 ათასი ლარი ჯდება...

ნიკა რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმში, "აგვისტოს ხუთი დღე","ეპიზოდურ როლში გადაიღეს. გადავწყვიტე, რეჟისორს მივწერო მეილზე და ვთხოვო, მიშუამდგომლოს, შესაბამის ორგანიზაციებთან რომლებიც დამეხმარებიან პროთეზების შეძენაში. არ ვიცი, რამდენად გაგვიმართლებს. ახალი პროთეზი მას რამდენიმე წელი ეყოფა...

ნიკამ იცის, რა არის შრომის ფასი. მე სულ გასული ვარ, სახლებს ვალაგებ. ის კი ცდილობს, უწესრიგოდ არ დამხვდეს რამე. დამოუკიდებლად უვლის თავის ნივთებს. ამ ერთ წელიწადში ძალიან გაიზარდა, სერიოზულად უდგება პროფესიას. მჯერა, მისგან კარგი პროფესიონალი დადგება.""

ნიკა უკვე დიდი ბიჭია, პროფესია არჩეული აქვს და ზუსტად იცის, რა უნდა. ოცნების ასასრულებლად კი მას პროთეზი სჭირდება, რათა დამოუკიდებლად იაროს. დამოუკიდებლობა ახლა მისთვის ყველაფერია. იმედია, ეს პრობლემა დროულად მოგვარდება და ახალი სასწავლო პროცესის დაწყებამდე ახალი პროთეზები ექნება.

თორნიკე ყაჯრიშვილი