"კონკურსმა საკუთარი თავი მაპოვნინა" - კვირის პალიტრა

"კონკურსმა საკუთარი თავი მაპოვნინა"

თორნიკე ზვიადაური: "მეგონა, ერთ წიგნს დავწერდი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი... ახლა კი სტიმული მაქვს - აუცილებლად განვაგრძობ წერას"

"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი - "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელიც 20 მარტს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მკითხველი კონკურსის 272 მონაწილის ნამუშევარს ონლაინრეჟიმში ეცნობოდა და კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად აქტიურად იყო გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართული. საბოლოოდ 5 გამარჯვებული გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე ზვიადაური, "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ვიდრე თბილისში დავსახლდებოდით, ბავშვობის ნაწილი ბარისახოში გავატარე. ძალიან ცელქი ვიყავი, კითხვას მაძალებდნენ, არადა, ფეხბურთის ან სხვა რამის თამაში უფრო მიტაცებდა. მიყვარდა ჩაქუჩითა და ლურსმნით სიარული. სულ რაღაცას ვაჭედებდი.

ძალიან მიყვარს მოხუცები. მათი თვალით დანახული სამყაროც განსაკუთრებულია, განსხვავებული. მათთან ხშირად ვსაუბრობ და ხანდახან ამ საუბრების გავლენა ჩემს ჩანაწერებშიც გადაინაცვლებს ხოლმე.

- რა პროფესიის ხართ?

- სკოლა წელს დავამთავრე. პროფესიად პროგრამირება, ფილოსოფია ან ფსიქოლოგია მინდოდა ამერჩია. ახლა, რადგან "პალიტრა L "-ის კონკურსში გავიმარჯვე, ვფიქრობ, მწერალს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ცოდნა უფრო მეტს მისცემს.

- წერის ნიჭი და სურვილი როდის აღმოაჩინეთ?

- მე-11 კლასში ვიყავი. ძალიან მომინდა, რაღაც წამეკითხა და ავიღე ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი". ძალიან სასიამოვნო მეჩვენა კითხვა. დროდადრო ფიქრები მიტაცებდა, რაღაცას ვაანალიზებდი, პარალელებს ვავლებდი. მიჩნდებოდა კითხვები, აზრები. წიგნის დამთავრების შემდეგ მომინდა, ჩემი ნაფიქრი გადამეტანა ფურცელზე. ჰოდა, დავიწყე წერა.

პირველივე რომანი, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივი, "არსება", "პალიტრა L"-ის კონკურსზე, "გახდი ბესტსელერის ავტორი","გავგზავნე. კონკურსის პირობებს რომ გავეცანი, მივხვდი, რომ ეს კონკურსი ზუსტად ის იყო, რაც მე მჭირდებოდა - თუ გავიმარჯვებდი, წიგნსაც გამოსცემდნენ და მის გავრცელებაშიც დამეხმარებოდნენ.

- როგორ მოდის შთაგონება? როგორ იძერწება ნაფიქრალი წიგნად? არც ვიცი, რა დავარქვა ამ პროცესს... უცებ დგება მომენტი, როცა ფიქრებისა და სურვილებისგან დაცლა გინდება და - ფურცლებზე იცლები. რომანის ეპიცენტრად ამერიკა ავირჩიე. მისი მთავარი გმირიც ამერიკელია. "პალიტრა LL"-ის ამ კონკურსმა თავი მაპოვნინა, დამანახა, რას ნიშნავს რეალური ლიტერატურა, ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა. ახლა ნაწარმოებზე უფრო მეტს ვმუშაობ. მყავს არაჩვეულებრივი მენტორი, მწერალი ტორესა მოსი, რომელთან ერთადაც ვამუშავებ ტექსტს, ვხვეწ პერსონაჟების ხასიათს. ვცდილობ, გამოძიების პროცესი უფრო დინამიკური და დაძაბული გავხადო.

- გამარჯვების იმედი გქონდათ?

- პირველ ტურში 10 უნდა გასულიყო და დარწმუნებული ვიყავი, ერთ-ერთი აუცილებლად ვიქნებოდი. მეორე ტურის დაწყებასთან ერთად უძილო ღამეები დამჩემდა... ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. გამარჯვებამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა. მეგონა, ერთ წიგნს დავწერდი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი... ახლა კი სტიმული მაქვს - აუცილებლად განვაგრძობ წერას.

ეკა სალაღაია